სტატიები

12:10 | 30.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

ნომერი მეორე

შესავლის მაგიერ

ის წიგნი ახლაც იქაა - მამისეულ სახლში, წიგნებით გაძეძგილ ძველ კარადაში და მიუხედავად იმისა, ცხოვრებამ უამრავი, გაცილებით დიდი კერძო თუ სახალხო ბიბლიოთეკა მანახა, მაინც ის წიგნი (წიგნები) და ის ძველი კარადა რჩება ჩემი „ცენზის“ (ნაკითხობას, განათლებულობას თუ ორივეს ერთდროულად რომ ვეძახით ჩვენში) პირველწყაროდ, ათვლის წერტილად, გინდაც, ხარისხის ნიშნად.
უბრალოდ, იქიდან დავიძარი და იმიტომ...
მე იმ კარადისა და წიგნებისა ყველაფერი ვიცი - ფერი, გემო, სუნი, ხანი, მდგომარეობა, მდებარეობა.
უკვე ნებისმიერი მათგანი საუნჯედ მექცა და იმიტომ. რატომ? აბა, როგორ ავხსნა - სახლის სუნი უდის, მამაჩემის სახლისა, ჩემი „შინა-სი“...
იმ წიგნს „დორიან გრეის პორტრეტი“ ჰქვია, რემარკის „სამ მეგობართან“ ერთად ბავშვობიდან რომ მომყვება და წელიწადში ერთხელ მაინც ისე მწყურია, როგორც... „დაღლილ ირმების გუნდს წყარო ანკარაო“ რომ ვთქვა, ძალიან სასაცილო ვიქნები? დაახლოებით ასე კია და...
იმის ბრალი თუა, ნამეტანი ადრე რომ წავიკითხე და ჩემი პირველი მასწავლებლებისა არ იყოს, „შთაბეჭდილება მოახდინა“. ხასიათი მაქვს, ყველასთან ვერც პურს გავტეხ, არც დუელში გავალ და აი, ჩემი ორი უსაყვარლესი წიგნიდანაც კი ამოვარჩიე ბიჭები, ვისთან ერთადაც ბავშვობიდან მოვდივარ - დორიან გრეი და ოტო კესტერი.
„ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ“, კესტერი შორსაა - ან ძინავს, ან სახელოსნოშია, ეგება, საჭესთან ან სულაც ალფონსთანაა ლუდხანაში. სამაგიეროდ, დორიან გრეი მჭირდება და მინიმუმ, ორი საათი გვერდიდან ვერ მოვიცილებ - ყოველთვის, როცა გაორებულ პიროვნებებზე მიწევს წერა, დორიანი და მისი პორტრეტი შეუცვლელია.
****
არ არის აუცილებელი, პიროვნება გაორებული იყოს. ეს შეგნებულად მხოლოდ ფიქრიან, გამჩენისგან საწვალებლად განწირულ ადამიანებს მოსდით და შეუგნებლად, „საგზლად“ კი, როგორც ამბობენ, ზოდიაქოს ორი ნიშნის ქვეშ დაბადებულებს: თევზებსა და ტყუპებს მოჰყვებათ. სხვა მხრივ, ის, რაც გაორება, „მეორე მე“, „მეორე შენ“ ან „მეორე ის“ გვგონია, სხვა არაფერია, თუ არა დადებითი და უარყოფითი თვისებების შეჯერება, ერთგვარი „აიწონა-დაიწონა“ საქციელსა და ხასიათში, სწორედ ამის შედეგია, ხან კარგები ვართ და ხან - ცუდები, ზოგჯერ ძლიერები, ზოგჯერაც სუსტები, ალაგ მართლები, ალაგ - დამნაშავეები...
და ვინ იცის, რამდენი ჩვენგანი მისცემდა ნახევარ სიცოცხლეს, რათა „დაგვმართნოდა“ ის, რაც დორიან გრეის „დაემართა“: ნებისმიერი ცუდი ფარდის უკან მიმალულ ჩვენსავე პორტრეტს გადასცემოდა, ყველაფერი კარგი კი ჩვენთან დარჩენილიყო...
****
ფეხბურთელობა, მერაბ ჟორდანიას მამისგან მემკვიდრეობით ერგო. „დინამო“, „გურია“ და კიდევ შორიდან დარტყმები მახსოვს. მაშინ - გაისროლაო - არ იწერებოდა, ახლა კი ხშირად ხმარობენ ქართულ სპორტულ პრესაში და დაახლოებით ეს სიტყვა შეესაბამება - შორიდან „ისროდა“ ხოლმე.
მერე ბატონი საშა ჩივაძისგან მოვისმინე - სულ წიგნს კითხულობდა, წყნარი და მუყაითი ბიჭი იყოო...
უფრო გვიან, „სარბიელის“ რედაქციაში, ვაჟა ჟვანია, ასათიანებთან, მაკას ხელის სათხოვნელად მისვლის ამბავს ჰყვებოდა. „სარბიელის“ გამომცემელმა პაატა კვანტალიანი და მე დაგვისწრო იმ საუბრისას და...
არის ხალხი, სიყვარულის გულისთვის ბევრ რამეს აიტანს - ბატონ მერაბსაც იმთავითვე ბევრი მოუთმენია, რაკიღა, ჟვანიას რომ დავესესხო, კახი ასათიანს პანჩურით გამოუყრია ახალგაზრდები...
კიდევ, უმცროსი მიშა მესხის, მისი ფეხბურთივით ლამაზი სიტყვა მახსოვს - ეს მაშინ, როცა ალექსანდრე ჩივაძემ ფედერაციის პრეზიდენტობა ჟორდანიას სასარგებლოდ დათმო:
გამოვიდა პატარა მიშა და მამისეული ფინტივით მოსხიპა - ჩამავალ მზეს ამომავალი ვარსკვლავი მირჩევნია, ამიტომ ვუდგავარ მერაბს მხარშიო...
მე არ მინახავს პრესასთან მოფარიკავე მერაბ ჟორდანია. არადა, მანამდე უფროსი ნოდარ ახალკაცი და მერე მისი ვაჟიც ხშირად საყვედურობდნენ ხოლმე სპორტულ მედიას მოუმზადებლობას, არაპროფესიონალიზმს და ბუნებრივია, დაწერილის თაობაზე კამათიც ხშირად ყოფილა.
სამაგიეროდ, ძმის რეპუტაციას თუ პრესისგან უსაფრთხოებას ხშირად იცავდა ხათუნა ჟორდანია - სხვათა შორის, მეც მიჩივლა „შევარდნაძის სასამართლოში“, მაგრამ გურული ქალბატონის იმ სიფიცხეს გაგრძელება არ მოჰყოლია (ყოველ შემთხვევაში, ერთის მეტად არავინ შემხმიანებია). კიდევ ის იყო, მერაბმა ჩვენს საერთო ახლობელს ჰკითხა, რა უნდა, რას მერჩისო და სხვა მსგავსი სიტუაცია არასოდეს შემმთხვევია.
ის კი არა, პირიქით ხდებოდა: „მთავარ სპორტში“ მუშაობისას მოხდა, მერაბ მამულაშვილის სტატიის გამო, გენერალური მდივანი ვალერი ჩოლარია და ფედერაციის პრეს-ატაშე ლევან სალუქვაძე გაზეთზე განაწყენდნენ, აკრედიტაცია უნდა გაგიუქმოთო და პირდაპირ აღმასკომის სხდომაზე გაიტანეს ის საკითხი. იმ დღეს არც სტატიის ავტორს, არც რედაქტორ პაატა გელაშვილს ეცალათ და მე გამაგზავნეს. ბატონები, ჩოლარია და სალუქვაძე სულ შედლუხით შემეგებნენ, ჯვარედინი ცეცხლიო, იმაზე იყო ნათქვამი, ბუნებრივია, გაზეთის პოზიციის დაცვას ბოლომდე შევეცადე, თანაც იმ სხდომას ჟურნალისტების გულშემატკივარი „გუგულაც“ ესწრებოდა და მისიც მეიმედებოდა, მაგრამ რომ არ დამჭირდა?!
მთავარ ადვოკატებად რომიკო შოთაძე და მერაბ ჟორდანია დამიდგნენ და მიუხედავად იმისა, მისი ფავორიტი გერმანიის ნაკრებივით ბოლო წუთამდე იბრძოლა ლევან სალუქვაძემ (გენერალური მდივანი სადღაც შუა კამათისას ჩაუღრმავდა საქაღალდეს და მერე აღარ ჩაგვრევია), ხუთივე აკრედიტაცია ციმციმ წამოვიღე რედაქციაში...
პოპულარული რადიოწამყვანის ელენე ბილიხოძის მოსაზრება არ გაინტერესებთ? მერაბ ჟორდანიაზე უფრო გალანტური, ტაქტიანი და ყურადღებიანი ადამიანი სპორტულ სამყაროში არც მანამდე, არც მერე შემხვედრიაო...
ჟორდანიას ფორმაციის ფედერაციას არც სამძიმარი და თანაგრძნობა ავიწყდებოდა - ბევრია ისეთი ჟურნალისტი, ვინც ეს საკუთარ თავზე გამოსცადა.
თითქმის ყველამ იცის, რამხელა ამაგი აქვს მერაბ ჟორდანიას მამუკა კვარაცხელიას ოჯახზე...
კიდევ ერთი უცნაურობა მახსენდება ახლა - ვალერი ჩოლარია, რომელმაც ვინ იცის, რამდენი წელიწადი შეალია ჟორდანიას ფორმაციის ფედერაციას და სხვათა შორის, ბოლომდე უერთგულა მას, ხშირად და ხაზგასმით იმეორებდა: „მე მერაბის მეგობარი არ ვყოფილვარ, არა ვარ და არც ვიქნები, მაგრამ ნებისმიერ მის მეგობარზე მეტად შემტკივა გული, რადგან მან არ იცის, როგორ უთხრას ადამიანს - "არა“.
არაერთხელ და არაერთს დაუწერია იმაზე, თუ როგორ უნანავებდა დისშვილს მერაბ ჟორდანია, როგორ ეხმარებოდა საზღვარგარეთ მოსწავლე სტუდენტებს (მათ შორის ნასპორტისმინისტრალ გიორგი გაბაშვილსაც) და გათვითცნობიერებული მკითხველისათვის არც ახალკაცი-უმცროსის სიტყვები იქნება უცხო: მერაბ ჟორდანიას დიდი ამაგი აქვს ჩემს ოჯახზეო...
საყურადღებოა ისიც, რომ სფფ-ის ყოფილ პრეზიდენტს არასოდეს მოუხსენებია აუგად წინამორბედი - მიუხედავად იმისა, ბატონმა ნოდარმა ჟორდანიას საკმაო ვალი დაუტოვა (ფედერაციის ბუღალტერიაზეა საუბარი), მერაბს კარგის მეტი არაფერი უთქვამს უფროს ახალკაცზე...
ეს უბრალო და ვფიქრობ, არასრული ჩამონათვალია იმ სიკეთისა, რასაც მერაბ ჟორდანია, როგორც პიროვნება ატარებს და ასხივებს. ამას დაუმატეთ გემოვნებიანი სამოსი, წყნარი, თავდაჭერილი საუბრის მანერა, თავმდაბალი ქცევის წესი ურთიერთობაში და თქვენს წინაშე წარსდგება მოვლილი, აღზრდილი ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ფეხბურთში მშვენიერი კარიერა გაიკეთა და არამარტო საქართველოში, ევროპულ დონეზეც სერიოზულად „გაიქაჩა“...
და კითხვაც: რაო, მართლა ასე დავარცხნილი სიტუაციაა? მაშ, რა შუაში იყო დორიან გრეი და მისი პორტრეტი?
პასუხი: გამოჩენილი იტალიური წარმოშობის მაფიოზის, კარლო გამბინოს ცოლსა და შვილებს დაპატიმრების წუთამდე ეგონათ, რომ მათი ოჯახის მამა რძის მწარმოებელი თუ დისტრიბუტორი იყო, წყნარი, საქმიანი მეწარმე...
რა შუაშია? საქართველოში კარგად იციან, რომ შუაშიცაა და კიდეშიც - სამშობლოში მერაბ ჟორდანიას კრიმინალად ან უკეთეს შემთხვევაში, კრიმინალებთან დაკავშირებულ პიროვნებად მიიჩნევენ - აკი, ორჯერ მოიხადა კიდეც სასჯელი. ვარდების ორდენის კავალერთა გავლენიანმა ჯგუფმა მიიჩნია, რომ ჟორდანიას ეკონომიკური დანაშაულის გამო პასუხი უნდა ეგო და აზღვევინეს.
დანაშაულისა და სასჯელის ამ კომბინაციის შიფრი მარტივია - მერაბი წლების განმავლობაში თავკაცობდა ორ ისეთ „კანტორას“, სადაც ფული ჩეჩქივით ეყარა, ცვიოდა, იხარჯებოდა და იშოვებოდა.
სისტემა -კრიმინალზე დაფუძნებული,
ადამიანების მენტალიტეტი - მორალთან თქვენობით,
ცდუნება - დიდი,
საქმიანი პარტნიორები - უცერემონიონი (აქ მკითხველს შევახსენებ საკმაოდ გახმაურებულ ფაქტს, როცა, იმხანად ეროვნული სტადიონის დირექტორის, ნუკრი კაკილაშვილის კაბინეტში, ჟორდანიამ პარტნიორების გადარწმუნება, მათი აზრის საწინააღმდეგოდ წასვლა სცადა და საბოლოოდ, როგორც ამბობდნენ, მავანის ნასროლი საფერფლით თავგატეხილი საავადმყოფოში აღმოჩნდა).
წარსულში „დინამო“ და ფეხბურთის ფედერაცია, აწმყოში სპორტის მინისტრ გაბაშვილისადმი ირონიით გვარიანად გაჯერებული რჩევა, ნაკრების მატჩის ცქერა თუ გინდა, 50-ლარიანი ბილეთი შეიძინეო და...
მოხდა ის, რაც მოხდა - მერაბ ჟორდანიას არც ძველი აპატიეს, არც ახალი.
არადა, გაბაშვილისადმი ის შეთავაზება არ იყო კინკილა ეპიზოდი „ვარდოსნებსა“ და ჟორდანიას შორის - ფეხბურთის პირველკაცი ნამდვილად შეეცადა, ხელისუფლებასთან ურთიერთობა დაელაგებინა. ყოველ შემთხვევაში, გენერალურ მდივნად ანდრო აბაშიძისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უკვე ხსენებული გოკა გაბაშვილის რძლის, ეკა გაბაშვილის მიყვანა, თავისთავად მიზანმიმართული კომპრომისი კი იყო, მაგრამ როგორც შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, ჟორდანიას მხრიდან კეთილმა ჟესტმა ფეხბურთის პირველკაცი ვერ დაიცვა.
სახელმწიფოსთან ფეხბურთის გამო თანამშრომლობას მანამდეც ეცადა ბატონი მერაბი - ის კი არა, ბობოლა კომისიაც შეიქმნა - სადაც შევარდნაძის ეპოქის რამდენიმე ბიუროკრატი ჟურნალისტებსა და სპორტსმენებს შეურიეს.
იყო დრო, როცა პირადად დავდიოდი სახელმწიფო კანცელარიაში და ის სპორტული კომისია, რომელშიც მეც მიხმეს, თვეების განმავლობაში განიხილავდა საკითხს, ქართული ფეხბურთის აღორძინების შესახებ. აზრობრივად და ჩანაფიქრის თანახმად, კომისია იმდენად მნიშვნელოვანი იყო, ვიცე-პრემიერი ზაზა შენგელია მეთაურობდა, მაგრამ შედეგობრივი თვალსაზრისით...
მიშველაძის „ფილიმონ თეთრი ყვავი“ თუ გახსოვთ, ყველაფერი სწორედ ისე დაიწყო და დამთავრდა.
გულგრილობისა და არხეინობის ზეიმი - სამთავრობო კომისიითა და შევარდნაძის 28 რეზოლუციით შეფუთული ფაფხური. მცდელობა, რომელიც უნაყოფობასა და იმპოტენციაში აღა მაჰმად ხანს ფორას მისცემდა.
სულო ცოდვილო, შევარდნაძე სტადიონზე რომ ტყუილად არ დადიოდა, მარტო იმ კომისიითა და 28 ხელმოწერილი რეზოლუციით არ დაუმტკიცებია „მისტერ მამათელს“. შოკოლადის ფაბრიკა „მზიური“, „დინამოსათვის“ მთელი რიგი საგადასახადო პრივილეგიების მინიჭება, პიარგარეთა პირადი ინტერესი ნამდვილად ადასტურებდნენ, რომ ედუარდ-გიორგი სულაც არ გხლებიათ წინააღმდეგი ფეხბურთის აღორძინებისა. სხვა საკითხია ის, თუ რამდენად კანონიერი იყო ეს პრივილეგიები, ჩუქებები და სასათბურე პირობებში ერთი კლუბის ჩაყენება. მიუხედავად იმისა, „დინამოს“ მნიშვნელობა ძალიან კარგად მესმის, ვიცი, მასთან მიმართებაში ის „პაჟალუსტა“ პოლიტიკა დათვური სამსახური იყო, სხვა არაფერი და ეს დრომაც დაადასტურა.
ქვეყნის პირველი პირის მიერ დაშვებული ამდენი სიკეთე, თუმცა კი, კახი ასათიანის ძირითადი დამსახურება იყო, აქტივში ეთვლებოდა მერაბ ჟორდანიასაც - საკმაოდ ღარიბი ოჯახიდან გამოსული ახალგაზრდა კაცი ნელ-ნელა იქცა თბილისური ელიტის ნაწილად და ეგნატე ნინოშვილის მერე „ნომერ პირველი გურულის“ კეთილგანწყობაც დაიმსახურა, თუმცა...
ეს ის პერიოდია, როცა მანქანების ქურდობა ერთ-ერთ შემოსავლიან ხელობად ითვლებოდა ჩვენში და საქართველოში მოპარული „ძვირიანი“ მანქანების გარკვეული ნაწილი დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ელოდებოდა ახალ მფლობელს...
როცა „დინამოს“ ბაზის სათადარიგო მინდვრების გასწვრივ ხშირად ნახავდით ინსულინის შპრიცებს...
როცა მავან „ფულიან ბიძებს“ სწორედ დიღომში უნიშნავდნენ აუდიენციას, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ჩაცუცქული ელაპარაკებოდნენ და გუნდის ხაზინასაც „ორი კაპიკი“ ემატებოდა (ჩაცუცქული „ბიზნეს-შეხვედრის“ შესახებ ქართული ლუდის მაგნატმა გოგი თოფაძემ მეტი იცის)...
როცა აწგანსვენებულმა ზაქრო თელიამ მხოლოდ გამოცდილებისა და ინტუიციის საფუძველზე იხსნა ნირვანაში მყოფი ორი ფეხბურთელი - გასახდელიდან განსაწმედელში მიმავალი მათი სულები სწორედ „დოქტორმა“ მოაბრუნა უკან. მიზეზი გადამეტებული დოზა იყო...
როცა პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი რომელიღაც სახელწიფო მოხელეს ხუთ მილიონ კუპონად გაეყიდა (კურსი იმდენად შელანძღული იყო, გაგეცინებათ) - საბუთი ნასყიდობის შესახებ მავანი ცნობილი „მხედრიონელის“ მეუღლემ წარადგინა...
„დინამოს“ პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია არავის მოუწოდებდა, ამგვარად ეცხოვრათ - ის კი არა, თავადაც მრავალი შეცდომა დაუშვა, მაგრამ რაკი შენს ირგვლივ, შენს კლუბში მსგავსი სიტუაციაა, პასუხისმგებლობას ვერაფრით აიცილებ.
შეეძლო თუ არა ჟორდანიას ამ სიტუაციიდან სუფთად გამოსვლა? ალბათ, ჰო, თუკი გაპრეზიდენტების პირველსავე საათში გადადგებოდა, მაგრამ მან წლები დაჰყო ჯერ „დინამოს“, მერე ფედერაციის პირველკაცის პოსტზე და ბუნებრივია, კანონიც ბევრჯერ დაარღვია.
„დინამო“ ეკუთვნოდა ჯერ მილიციას, მერე „მხედრიონს“ (შეგახსენებთ გავლენიანი მხედრიონელების, ვეფხვაძე-სვანაძის გვარების დაკავშირებას ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბთან), მერე პოლიციას. ფედერაციისადმი თავის ინტერესს არასოდეს მალავდნენ ბობოლა ჩინოსნები და კრიმინალური ავტორიტეტები... რასაკვირველია, ასეთი დონის თამაშებში ფონს კომპრომისის გარეშე ვერ გახვალ და ჟორდანიასაც მოუწია სისტემასთან მორიგება - ზოგადად, შევარდნაძის მოქმედების საყვარელი სტრატეგია ადამიანების გასვრა იყო, მან სხვანაირი ადამიანების მართვა არ იცოდა.
იმხანად ქართულ ფეხბურთში შეიქმნა ერთგვარი დანაშაულებრივი ჯაჭვი, რომელიც მართლაც რომ ხუნდად მოედო მის სხეულს და ყოველდღე ლიმონივით წურავდა, რათა კიდევ ერთი მწვანე კუპიურა მიმატებოდა ვიღაცის ანგარიშს, ჯიბეს, საფულეს. მერაბ ჟორდანიას მოვალეობა წმინდა საფეხბურთო საკითხების მოგვარება იყო - იმ წრეში მასზე უკეთ არც არავინ იცოდა ფეხბურთი შიგნიდან. იგი აფორმებდა კონტრაქტებს, ესაუბრებოდა ფეხბურთელებსა და მათ უკან მდგომ ადამიანებს, აგვარებდა ბიზნეს-ურთიერთობებს, განაგებდა ხაზინას.
ახლაც საკმაოდ იწერება იმ დროზე და ამბობენ, რომ ბატონი ჟორდანია გარეგნული სიმშვიდის მიღმა მალავდა ხისტ და უცერემონიო პრეზიდენტს, რომელიც ხშირად აიძულებდა ამა თუ იმ ფეხბურთელს ეკეთებინა ის, რაც არ სურდა - აწერინებდა ხელს არასასურველ კონტრაქტზე, ხშირად სურვილის საწინააღმდეგოდვე ტოვებდა „დინამოში“ და არ უშვებდა სხვაგან.
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელის, კახა კალაძის ჟორდანიასეულ „დინამოსთან“ ურთიერთობა და უპირველეს ქართულ კლუბში გატარებული კარიერა ნათელი დასტურია ზემოთქმულისა. რაც შეეხება მისი კიევის „დინამოში“ ტრანსფერის წიაღსვლებს, ესეც კლასიკური საფეხბურთო ნიმუშია, თუ როგორ უნდა დაიმალოს ფული სახელმწიფოსაგან.
რა თქმა უნდა, ეს არ არის კარგი, არ შეიძლება ამის გამართლება, მაგრამ ეს არსებული საფეხბურთო სისტემის წესია - სამწუხაროდ, თანამედროვე ფეხბურთში დიდი ხანია, აღარ იქცევიან ისე, როგორც ჟიულ რიმეს დროს.
ფეხბურთი იქცა პრაგმატულ ბიზნესად, სადაც ფულს არავინ არავისზე დახარჯავს, თუკი ორმაგად არ ამოიღო უკან. ეს ჩვენი დროის აქსიომაა და რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ასე ხდება არა მარტო ფეხბურთში და სპორტში, ცხოვრებაშიც. ფული გახდა ყველაზე მიმზიდველი სატყუარა დედამიწის ზურგზე - მისი გულისთვის ადამიანები წაეჩხუბნენ მორალს და სიკვდილის მერე აუსრულეს ჰიტლერს ჩანაფიქრი, მსოფლიო განთავისუფლდა იმ „ქიმერისგან“, რომელსაც სინდისი ჰქვია.
მაგრამ ეს, დაწერილი თუ დაუწერელი, მორალთან ახლოს თუ შორს მყოფი სისტემა, ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვნად მიმაჩნია. როცა მერაბ ჟორდანიას წინააღმდეგობრივი ხასიათის გაშიფვრას ვცდილობ, ერთ დამახასიათებელ, დროში გამოცდილ ფაქტს ვანიჭებ ყველაფერზე დიდ მნიშვნელობას: ბატონი მერაბი იქცა ერთგვარ „ნომერ მეორე“ პერსონად, რომელსაც ყოველგვარი ყოყმანისა და ეჭვის გარეშე ენდობოდნენ „ნომერ პირველი“ პიროვნებები.
მათი ჩამონათვალი საკმაოდ შთამბეჭდავი, ჭრელი და რაც მთავარია, დროშია განვრცობილი: კახი ასათიანი, მიშელ პლატინი, გრიგორი სურკისი, რომან აბრამოვიჩი - აი, ადამიანები, რომელთაც ყისმათმა საფეხბურთო იერარქიულობის თვალსაზრისით, უმაღლესი თანამდებობები არგუნა და ნებისმიერი მათგანისთვის მერაბ ჟორდანია შეუცვლელ პარტნიორად იქცა.
ბუნებრივია, არ ვივიწყებ უფროსი ნოდარ ახალკაცისა და სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის“ მეპატრონის შეხედულებებსაც ჟორდანიაზე - ერთმა 15 წლის წინათ და მეორემ სულ ახლახანს, უაღრესად დადებითად შეაფასეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ნომერ მეორე (აქაც მეორე) პრეზიდენტი.
ვფიქრობ, ზედმეტად დავწვრილმანდებით, თუკი ჩამოვყვებით იმ ფაქტებს, რომლის გამოც დაიახლოვეს სურკისმა, პლატინიმ, აბრამოვიჩმა და სავარაუდოდ, სხვა გავლენიანმა პიროვნებებმაც მერაბ ჟორდანია, მთავარი ის მგონია, რომ ამ კაცმა იმ კაცების გადასახედიდან გაძლო დროში, საქმეში, ფულში და ეჭვზე მაღლა დადგა.
მაგრამ... საქართველო? შინაური ფეხბურთი? ნაკრები, ინფრასტრუქტურა, დონე?... ბოლოს და ბოლოს, ტაბლო, რითაც ყველა და ყველაფერი იზომება ფეხბურთში? ეს ჟორდანია-მოღვაწის, ჟორდანია-პრეზიდენტის აქილევსის ქუსლია - მან ვერა და ვერ შეძლო ფეხზე წამოეყენებინა ქართული საფეხბურთო მეურნეობა, მეტიც: ამ შემთხვევაში, იგი ვერაფრით აიცილებს „ნომერ პირველი“ პასუხისმგებელის სტატუსს და რამდენიც უნდა ვამტკიცოთ, რომ მის უკან მილიცია, სპორტის სამინისტრო, მხედრიონი თუ პოლიცია იდგა, საზოგადოების თვალში სწორედ მერაბ ჟორდანიას მიუძღვის ბრალი, რომ ქართული ფეხბურთი ასე იავარქმნილია.
ხალხი მიიჩნევს, რომ ის ფული, რაც წლების მანძილზე ქართულ ფეხბურთში შემოვიდა, უმეტეწილად ჟორდანიას ანგარიშზე „დაჯდა“...
აქ რამის გადახედვა, ინფორმაციის ხელახალი ანალიზი და „დამარხული თავების“ გამომზეურება ფუჭი წყლის ნაყვაა, ვარდების ხელისუფლებამ მერაბ ჟორდანიას დაპატიმრებით საბოლოოდ გაუფორმა მარცხი, მასას კი, დამარცხებულებისა იშვიათად სჯერა - მასა, ამ შემთხვევაში, მართლა ქვევრივითაა, რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს. შესაბამისად, სამართალიც იმგვარია, როგორც მმართველ კლანს „აწყობს“ - შერჩევითი.
სხვაგვარად, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, კიდევ ორი პრეზიდენტი - „ნომერ მეორის“ წინამორბედიც და მემკვიდრეც გაიზიარებდა მის ბედს - თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით.
ანუ... რა გამოდის? სამიდან სამი პრეზიდენტი და სამივე დამნაშავე? პირველს - საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო ბრალდებების გამო გულმა უმტყუნა, მეორე - დაიჭირეს და საქმეს გაარიდეს, მესამე - საქმეს გაარიდეს, რომ არ დაეჭირათ... როგორ ფიქრობთ, მხოლოდ პიროვნებებშია პრობლემა?
სისტემაშიც, მეგობრებო, სისტემაშიც და სანამ ასეთი მურდალი სისტემა იარსებებს, ნებისმიერის ბოლო გაჩერებად ციხე შეიძლება იქცეს.
 ****
ყველას გემახსოვრებათ, გასახდელის ჩხუბი, ჩხუბი წესების გარეშე - ჩხუბი მერაბ ჟორდანიასა და გოგა გახოკიძეს შორის (შედეგი იმ კურიოზული მიზეზისა, რომელსაც სფფ-ის პრეზიდენტის მიერ ნაკრების დროებით მწვრთნელად საკუთარი თავის დანიშვნას მოჰყვა)...
ცოტამ თუ იცის, როგორ აკავებდა „თერგდალეულების“ კვალზე დამდგარ გოგიტა გოგუას ჟორდანია, 6 თვე კიდევ მოითმინე და შოტლანდიური „ჰართსი“ გაგიფორმებს კონტრაქტსო...
ქართული ფეხბურთის არაერთ მოყვარულს ემახსოვრება ჟორდანიასეული იდეა „ოცნების დინამოს“ შესახებ - იმ ჩანაფიქრს მესაფლავედ ავსტრიული „ტიროლი“ ექცა...
მხოლოდ ვიწრო წრეს თუ ეყოლება ნანახი, რესტორან „კრწანისის“ დარბაზში მოსიარულე, მისთვის უჩვეულოდ, თაგვისფერ მაისურასა და ჯინსში გამოწყობილი, აშკარად ნასვამი მერაბ ჟორდანია, ჟურნალისტებს რომ მოგვიყარა თავი და - ბიჭებო, არაფერია ცუდი იმაში, საქართველოს დანიისა და შვეციის დონის ჩემპიონატი და ნაკრები ჰყავდეს, დამიჭირეთ მხარი, მომკლა „ზევიდან“ სუპერფეხბურთის მოლოდინმა, სუფთა „მანია გრანდოზა“ სჭირთ, იტალიასა და ესპანეთს ითხოვენო...
აი, ასეთი ქვეყანა გვქონდა, ასეთი რიხი... სხვათა შორის, იქ დამსწრეთაგან რამდენიმემ დღესაც არ იცის, რომელი დიალექტიდან ისესხა იმ დღეს მეორედ არჩეულმა ჟორდანიამ „მანია გრანდიოზა“, მათ დღესაც მიაჩნიათ, რომ თუ „გინდა, წერო - უნდა წერო“ და რაც შეეხება კითხვას... კითხვა არ არის აუცილებელი, მხედველობისთვისაა მავნებელი...
დღეს გოგა გახოკიძეს მიაჩნია, რომ მასა და მერაბ ჟორდანიას შორის დიდებული ურთიერთობაა...
დღეს, ალბათ, თავად გოგიტა გოგუას ეჩვენება სასაცილოდ ის არგუმენტი, რომლის გამოც შოტლანდიურ „ჰართსზე“ უარი თქვა - ნათესავის ვალი მაქვს 100 დოლარი და ვერ მოვიცდიო, სამაგიეროდ, არც თავად და არც მის უკან მდგომ საქმოსნებს ენა არ მოუბრუნდებათ იმის სათქმელად, რომ ჟორდანიამ რამე დააძალა, ფულის წილში ჩაუდგა ან გზა შეუკრა...
დღეს კიდევ ერთ აღმართს შეუდგა „მორიგი დინამო“, რათა ამჯერად მაინც შეესხას ფრთები იდეას „ოცნების დინამოზე“ - ის, რაც არ გამოუვიდა ჟორდანიას, არ გამოუვიდა პატარკაციშვილსაც და ეგებ, გამოუვიდეს ფიფიას...
დღეს ყველანი გავიხარებდით, ჩვენი ჩემპიონატი და ნაკრები დანია-შვეციის დონეზე რომ იყოს...
მაგრამ ასეთი ქვეყანა გვაქვს... ასეთი ხალხი ვართ... ან ყველაფერი, ან არაფერი რომ გვაწერია სულში და სხეულზე და რაკი თითქმის არასოდეს გვქონია ისეთი სისტემა, გვეშრომა ყველაფრისათვის, ყველგან და ყოველთვის გვრჩება არაფერი.
შესაბამისად, ქართული ხასიათის უპირველეს გამოვლინებად კონფორმიზმი გვექცა...
მერაბ ჟორდანიას უპირველესი ნაკლიც ეს უნდა იყოს - კონფორმიზმი და ის, რაზეც ძალიან ჭკვიანმა ვალერი ჩოლარიამ განაცხადა ერთხელ - მან არ იცის, როგორ უთხრას ადამიანებს „არა!“.
ამის გამო თუა, იგი არც არასოდეს ყოფილა და სავარაუდოდ, ვერც ვერასოდეს იქნება „ნომერ პირველი“ - ლიდერს, ჟორდანიასაგან განსხვავებით, მორიგებისა და პატიების უნარი არ გააჩნია, ლიდერის ხასიათი კონფორმიზმს გამორიცხავს და იგი დროში განწირულია, თუკი გარკვეული, კონკრეტული დროის განმავლობაში, ირგვლივ მყოფებით არ „იკვება“...
მერაბ ჟორდანიას ეს არ შეეძლო და... მე თუ მკითხავთ, სწორედ ამის გამოა დასაფასებელი.
 ****
დორიან გრეის მდგომარეობა ოცნების მდგომარეობაა, ნებისმიერი ჩვენთაგანის სულის კუნჭულში მიმალული იმედის სხივი - მე ხომ ვიცი, რაცა ვარ, მაგრამ ეგებ, სხვებმა მაინც დამინახონ ისეთი, როგორიც მსურს, რომ ვიყო...
დორიან გრეის პორტრეტი თეჯირს მიღმა მიდგმული ერთგვარი სანაგვეა, სადაც ვისვრით იმას, რაც სხვების თვალში დაგვამცირებდა.
ქართულად მოსაუბრე დიდოსტატმა ეს ყველაფერი გველის მიერ პერანგის მოცვლას შეადარა და ლამაზადაც, მაგრამ...
ამ შემთხვევაში, მათი აზრიც და ფორმაც ერთი პიროვნების შიგნით მიმდინარე დუღილის პროცესს არ გასცდენია.
არც ოსკარ უაილდს, არც გრიგოლ რობაქიძეს არ გაუხედავთ სულისა და სხეულის მიღმა, იქ, სადაც სისტემა, ახალი აზროვნება და სინდისთან უბრად მყოფი ცხოვრების სტილი მეფობს...
იქ, სადაც ვიღაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაგიძახებს - ალეეე, ჰოპ!
ვიღაცა... „ნომერ პირველი“...
 

კონსტანტინე გოგიშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.173713