ნორვეგიულ ტრომსოში მიმდინარე საჭარდაკო ოლიმპიადაზე 5 ტურია განვლილი. 7 აგვისტო დასვენების დღედ იყო გამოცხადებული და ეს დღე ყველამ სხვადასხვაგვარად გაატარა... ქართული დელეგაციის ქალთა ნაწილს საექსკურსიოდ და სამხიარულოდ ნამდვილად არ ჰქონდა საქმე, რადგანაც წინა დღით რუსეთის ნაკრებთან თითქმის მოგებული მატჩი დათმო. დაინტერესებულ მკითხველს უკვე მიღებული ექნება შესაბამისი ინფორმაციაც და ისიც ეცოდინება, თუ რა რეზონანსი გამოიწვია ამ მარცხმა. ყველა ერთი აზრისაა - ბელა ხოტენაშვილის წაგება ვალენტინა გუნინასთან ფანტასტიკის სფეროდან უფროა, ვიდრე ადამიანური რეალობის რაიმე სახით მაჩვენებელი... ჩვენი გოგონები პასიურად, სასტუმროში ისვენებდნენ და მომავალი ტურისთვის ემზადებოდნენ. ბევრად განსხვავებულად არც კაცთა ნაკრების წევრები მოქცეულან - ისინიც ძირითადად სასტუმროში და მის ირგვლივ ტრიალებდნენ და ძირითადი საფიქრალი მომდევნო ტურის მატჩი იყო. არც გაემტყუნებოდათ: მეექვსე ტურში მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები და ტურნირის ფავორიტი აზერბაიჯანის ნაკრები ერგოთ. ეს წერილი მაშინ იწერება, როცა მატჩი ახალი დაწყებულია და ჯერ არაფერია გარკვეული; ინიციატივა ვის ხელშია, ამის თქმაც გაჭირდება, ამიტომ მიმდინარე მოვლენებს გვერდს ავუქცევ და იმაზე მოგახსენებთ, რაც დილიდან უკვე მოხდა და საღამოს რას უნდა ველოდოთ; ამასობაში კი, ტურის შედეგებიც წამოგვეწევა და დღის ბოლოს სრულ სურათსაც მოგაწვდით. ალბათ მიხვდით, რომ ერთი წერილით არ შემოვიფარგლები და ვეცდები, მოვლენებს ფეხდაფეხ მივდიო.
მთავარი, რის შესახებაც მინდა მოგახსენოთ, ტრომსოში ქართული სახლის გახსნაა. ზოგადად, მსგავსი მასშტაბის სპორტულ ფორუმებზე ეროვნული სახლების გახსნის ტრადიცია რომ არსებობს, ცნობილია, თუმცა ჭადრაკში ასეთი რამ, ჩემი ხანგრძლივი ჟურნალისტური საქმიანობის განმავლობაში, ერთიც არ მახსენდება. გამოდის, რომ ქართველები ამ მხრივ ნოვატორები ვართ და თანამედროვე ოლიმპიადებისთვის ჩვეული ფორმა საჭადრაკო ოლიმპიადების ისტორიაშიც გადმოვიტანეთ. რამდენად ტრადიციული და მისაბაძი გახდება ასეთი „ნოუ-ჰაუ“, დრო გამოაჩენს.
ქართული სახლის გახსნის იდეა ვის ეკუთვნის, ზუსტად ვერ მოგახსენებთ, მაგრამ დიასახლისი რომ მარინა მილორავაა, ეს უტყუარი ფაქტია. მარინა ზურაბ აზმაიფარაშვილის მეუღლე და თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის დირექტორია. სხვათა შორის, რომ არა ეს აკადემია და ქალბატონი მარინას უშურველი თანადგომა, ამ რეპოპრტაჟს ვერ იხილავდით, რისთვისაც მას დიდ მადლობას მოვახსენებ. ქალბატონი მარინას დიასახლისობა ფორმალური არ გეგონოთ: იგი საქართველოშივე შესაბამისი ინგრედიენტებით აღიჭურვა და სტუმრებს თავისივე ხელით მომზადებული ხინკლით, ხაჭაპურით და სხვა ქართული კერძებით უმასპინძლდება. ქართული სახლის ოფიციალური გახსნა დღეს საღამოს, რვა საათზე მოხდება, თუმცა სტუმრების მიღება და ქართული კერძებით და ღვინით გამასპინძლება ოლიმპიადის დაწყების პირველივე დღიდან ხდებოდა.
დღეს სტუმრად ევროპის ქვეყნების ფედერაციათა პრეზიდენტები და ოფიციალური პირები მობრძანდებიან. თუ რატომ მხოლოდ ევროპის, ალბათ იოლად მისახვედრია - ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტობისთვის იბრძვის და ცხადია, საარჩევნო კამპანიასაც ატარებს. დღეს აზმაიფარაშვილი საკუთარ გეგმებზე და პროგრამაზეც ისაუბრებს, თუმცა მთავარი ამ კამპანიაში ის იქნება, რომ დასახელდება მისი გუნდი, ვისთან ერთადაც, გამარჯვების შემთხვევაში, იმუშავებს ევროპაში ჭადრაკის განვითარებისათვის.
ზვიად შათირიშვილი, სპეციალურად worldsport.ge-სთვის ტრომსოდან









