ინტერვიუები

13:55 | 28.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩი: “ჩოგბურთისთვის ფიქრშიც კი არასდროს მიღალატია”

ნოვაკ ჯოკოვიჩმა დუბაის ტურნირი 2009-11 წლებში მოიგო და თუკი არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქში მიმდინარე შეჯიბრებაზე მიჯრით მეოთხედ იმარჯვა, საკუთარ და როჯერ ფედერერის (შვეიცარიელმა ამ შეჯიბრებაზე 2003-05 წლებში მოიპოვა მთავარი პრიზი) მიღწევას გააუმჯობესებს. ავსტრალიის ღია პირველობის მოგების შემდეგ ჯოკოვიჩი სწორედ დუბაის ტურნირზე ჩაება, პირველ წრეში შტებეს 6:4, 6:2 მოუგო, ნამატჩევს კი ჟურნალისტებს გაესაუბრა.


- ნოვაკ, როგორ შეაფასებდით თქვენ პირველ მატჩს დუბაის ტურნირზე?
- ვფიქრობ, ურიგოდ არ მითამაშია. გადამწყვეტ მომენტებში კარგად ვაწოდებდი და სწორედ ეს მომენტი აღმოჩნდა განმსაზღვრელი. შტებეს თამაშს რაც შეეხება, იგი მიტევდა, უკანა ხაზზე კი აგრესიულად მოქმედებდა. შტებე ჯერ ახალგაზრდაა და მაღალ დონეზე ასპარეზობის სათანადო გამოცდილება აკლია, თუმცა, ამას ბრძოლიუნარიანობით და გამარჯვებისკენ სწრაფვით გადაფარვას ცდილობდა. მთლიანობაში მაყურებლისთვის საინტერესო მატჩი გამოგვივიდა.
- დუბაიში თქვენი ძმა, მირკოც თამაშობს. მის ასპარეზობას ყურადღებით მიადევნეთ თვალი. ნერვიულობდით?
- თამაში გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე ტრიბუნიდან მირკოს ქომაგობა. მადლობას ვიხდი შეჯიბრების ორგანიზატორებს, რომელთაც ჩემ დედმამიშვილს წილდ ცარდ-ი მისცეს. მარკოს მოგებისთვის ძალღონე არ დაუშურებია, თუმცა, ჯერ კიდევ შორსაა იმ დონისგან, რომელიც ჩვენ დაგვაკმაყოფილებს. ისე კი, ყოველი მატჩი მას გამოცდილებას სძენს. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ მან ტრავმებისა და ქირურგიული ოპერაციის გამო პრაქტიკულად კალენდარული წელი გამოტოვა. მარკოს ფსიქოლოგიურ ტვირთად ისიც აწვება, ჯოკოვიჩის გვარს რომ ატარებს. ნოვაკის ძმას ყველა განსაკუთრებულად აკვირდება და ბევრსაც სთხოვს. ისევე როგორც ჩვენ უმცროს ძმას, 16 წლის ჯორჯეს.
- მატჩის მსვლელობისას მარკოს მითითებეს თუ აძლევდით?
- ეს რომ გამეკეთებინა, დამაჯარიმებდნენ. მარკოს რჩევა-დარიგებას შეხვედრამდე ვაძლევ, ასპარეზობის დასრულების შემდეგ კი დაშვებულ შეცდომებზე მივუთითებ ხოლმე. ყოველმხრივ ვცდილობ, ძმები სწორი მიმართულება მივუთითო. მარკოს მაღალი საჩოგბურთო პოტენციალი აქვს და ყოველმხრივ დავეხმარები მის სარეალიზაციოდ.
- წლის დასაწყისში მარადონას შევდით. ამჯერად თუ აპირებთ არგენტინელთან გასაუბრებას?
- დიახ. დიდი სურვილი მაქვს, საფეხბურთო ლეგენდას კიდევ ერთხელ შევხვდე. პირველ შეხვედრას რაც შეეხება, ფრიად ნასიამოვნები დავრჩი – დიეგო კარგი ადამიანია და მასთან ურთიერთობა სასიამოვნოსთან ერთად, სასარგებლოცაა.
- ნოვაკ, სადღეისოდ კორტზე გასული სხვა გრძნობა გეუფლებათ – ბოლო წლინახევრის განმავლობაში ხომ არაერთ უმნიშვნელოვანეს წარმატებას მიაღწიეთ...
- ძალიანაც კმაყოფილი ვარ, რეიტინგსიის პირველი ნომერი რომ გავხდი. წარმატებებს რაც შეეხება, ეს მომქანცველი შრომის ლოგიკური შედეგია. 4 წლის ასაკიდან დღემდე ბევრს ვვარჯიშობ და ჩოგბურთისთვის ფიქრშიც კი არასდროს მიღალატია.

მოამზადა გოჩა კაჭარავამ

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.171387