ჭიდაობა

17:28 | 6.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

ნუ ვიქნებით ინერტულები

ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნამდე ორი დღით ადრე, საქართველოს სამბოს ფედერაციის ხელმძღვანელებმა ჟურნალისტები სპორტის სასახლეში პრესკონფერენციაზე მიიპატიჟეს, თუმც აქვე ვთქვათ, ერთი წინასაჩემპიონატო პრესკონფერენცია კიდევ წინაა. მასში, სავარაუდოდ, მონაწილეობას საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელობაც მიიღებს და საორგანიზაციო კუთხით ყველა მნიშვნელოვანი დეტალიც დაზუსტებული იქნება. დღევანდელ შეკრებაზე კი ძირითადი ყურადღება კვლავ შესრულებული სამუშაოს შეჯამებას დაეთმო. სამბოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტისა და საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ოლეგ იაძის გარდა კომენტარები ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან თედიაშვილმა და სპორტის დეპარტამენტის უფროსმა გია გალდავამაც გააკეთეს.
“მოგიწვიეთ, რათა თქვენი თვალით გენახათ, თუ რა სამუშაოები შესრულდა დღემდე. საბედნიეროდ, საქმე გეგმაზომიერად მიდის წინ და დარწმუნებული ვარ, ასევე გაგრძელდება. დაგებულია ლეიბები, მოწყობილია გასახდელები, სამსაჯო და ვიპ-ტრიბუნები. ისღა დაგვრჩენია, სტუმრები მივიღოთ და უმაღლეს დონეზე გავუმასპინძლდეთ. უმნიშვნელოვანესი შეჯიბრის ორგანიზებაში ყველაზე დიდი წვლილი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიუძღვის, რომელმაც 100 ათასი გამოგვიყო. მართალია, ამ რანგის შეჯიბრის საუკეთესო დონეზე ორგანიზებისთვის დიდი თანხა არაა, მაგრამ მაინც საკმარისია. მეტი ფული რომ გვქონოდა, ტელერეკლამას გავაკეთებდით და ქალაქში ბილბორდებს დავდგამდით. სპორტის სასახლის იჯარაზე თბილისის მერია დაგვეხმარა, ოღონდ ბოლომდე არა. 20 ათასი დოლარი ფედერაციამ დაამატა. თბილისში 35-მდე ქვეყნის ნაკრებს ველით. მართალია, ამჟამად მხოლოდ 18 ქვეყნის განაცხადია მიღებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დღეს-ხვალ რაოდენობა სწრაფი ტემპით გაიზრდება. უკვე თბილისში არიან უზბეკეთისა და სომხეთის ნაკრებები. უზბეკებმა ივარჯიშეს კიდეც. ჩვენი ასაკობრივი ნაკრებები კარგად მომზადებულები ხვდებიან ჩემპიონატს და ჭაბუკებიც და ახალგაზრდებიც გუნდური ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. იმედია, ორივე თუ ვერა, ერთ-ერთი მაინც შეძლებს მიზნის მიღწევას. მეორე გუნდური ადგილი წარუმატებლობად ჩაითვლება. გულშემატკივარს შევახსენებ, რომ 8-10 ოქტომბერს ჩასატარებელ მსოფლიოს ჩემპიონატზე დასწრება უფასო იქნება. იმედია, 2008 წლის ევროპირველობის მსგავსად, ინერტულები არ იქნებიან და ისევ ნახევრად ცარიელი ტრიბუნების წინაშე არ მოუწევთ ჩვენს ბიჭებს ჭიდაობა. თუმც მაშინდელი პასიურობის ერთ-ერთი მიზეზი აღდგომის დღესასწაული იყო. ახლა ქომაგებისგან მხურვალე მხარდაჭერას ველი” – განაცხადა ოლეგ იაძემ.
ლევან თედიაშვილმა ჩვეულად, ხუმრობით დაიწყო: “დღეს ჩვენი ნაკრების წევრებს ვუთხარი, არ დავინახო, რომელიმე ჩემპიონი გახდეთ, უბრალოდ ყველა შეხვედრა მოიგეთ მეთქი. მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა პატარა საქმე არაა, მაგრამ ვეცდებით, ყველაფერი ისე გავაკეთოთ, თითოეული სტუმარი კმაყოფილი დავტოვოთ”.
ბოლოს კომენტარი გია გალდავამ გააკეთა:
“აქამდე ყველა საორგანიზაციო საკითხი კარგად მოვაგვარეთ. მაქსიმალურად მობილიზებულები უნდა ვიყოთ, რადგან შეიძლება სირთულეების წინაშე აღმოვჩნდეთ. ამ რანგის შეჯიბრის მასპინძლობა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია და იმედია თავს არ შევირცხვენთ. მინდა ქართველ ჭაბუკებს და ახალგაზრდებს წარმატება ვუსურვო. ეს ის ბიჭები არიან, რომლებიც უახლოეს მომავალში არა მარტო სამბოს, ძიუდოსაც გამოადგებიან”.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097369