ზედიზედ ორი წაგების შემდეგ, ლიტვაში მიმდინარე ვაჟ კლათბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი D ჯგუფის მე-4 ტურში, საქართველომ უშუალო კონკურენტ უკრაინას დიდი ანგარიშით – 69:53 მოუგო და მომდევნო ეტაპზე გამსვლელი მე-3 ადგილის დაკავების შესანიშნავი შანსი მოიპოვა.
მართალია, საქართველომ პირველი მეოთხედი 7 ქულის სხვაობით (10:17) წააგო, მაგრამ შემდეგ თამაში გამოასწორა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს წარმატებაში გამორჩეული წვლილი გიორგი ცინცაძემ (14 ქ.), მანუჩარ მარკოიშვილმა (14) და თორნიკე შენგელიამ (12) შეიტანეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ცინცაძის კარგი თამაში, რომელსაც პირველ ტურში ბელგიასთან შესანიშნავად ჩატარებული მატჩის შემდეგ ჩავარდნა ჰქონდა.
აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთება საკალათბურთო კლუბ თსსუ-ს მთავარ მწვრთნელ ნუგზარ კანდელაკს ვთხოვეთ.
- უწინარესად, გილოცავთ საქართველოს ნაკრების ბრწყინვალე გამარჯვებას.
- დიდი მადლობა. ასევე, თქვენც და მთელ საქართველოს ვულოცავ ამ გამარჯვებას. ჩვენმა ნაკრებმა ამ მოგებით 99 პროცენტით გაინაღდა ჯგუფიდან გასვლა და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება.
- D ჯგუფის ბოლო ტურში, ჩვენი მეტოქე ბულგარეთია. თქვენი აზრით, ბულგარეთი იმდენად სუსტი გუნდია, რომ ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვება გარანტირებული გვაქვს?
- გარანტირებული რომ გვქონდეს 100 პროცენტს ვიტყოდი. მე ვნახე ბულგარეთის თამაში და სასწაული უნდა მოხდეს ამ გუნდთან დავმარცხდეთ. გუნდის ლიდერია ფილიპ ვიდენოვი. რაც შეეხება ნატურალიზებულ ამერიკელ კალათბურთელ ირლ როუნდს (გამთამაშებელი) საშუალო დონის სპორტსმენია.
- მოდით, დღევანდელ შეხვედრას დავუბრუნდეთ. კონკრეტულად რის ხარჯზე შეძლო საქართველომ მეტოქის დამარცხება?
- მართალია, ჩვენმა გუნდმა ამჯერადაც ზონურ დაცვას მიმართა, მაგრამ წინა შეხვედრებისაგან განსხვავებით, ამჯერად გაამართლა. კარგად გამოგვივიდა პირველი შეტევა, წინა შეხვედრებისაგან განსხვავებით, ბევრად უფრო ნაკლებად ჰკარგავდნენ ბურთს. რაც ყველაზე სასიამოვნოა, ჩვენმა გუნდმა გამოავლინა მებრძოლი ხასიათი და არსებობის განმავლობაში უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, თანაც, დამაჯერებელი ანგარიშით.
- საქართველო-სლოვენიის მატჩის განხილვისას აღნიშნეთ, რომ საქართველოს აქცენტი ზონურ დაცვაზე არ უნდა გაეკეთებინა. უკრაინელებთან კი, ამან გაამართლა...
- მე არ მითქვამს, რომ ზონური დაცვა საერთოდ არ გამოვიყენოთ, ზონური დაცვაც უნდა ვითამაშოთ, მაგრამ თუ არ ამართლებს, უნდა შევცვალოთ. არა მგონია, ამას მტკიცება სჭირდებოდეს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ სლოვენია უკრაინა არაა. უკრაინას რომ სლოვენიელებივით ზუსტად შეესრულებინათ სამქულიანები, მაშინ სულ სხვა შედეგი გვექნებოდა.
- ჩვენი გუნდიდან ვის გამოარჩევდით?
- ყველამ კარგად ითამაშა. მაოცებს ცინცაძე, რომელიც არასტაბილურად თამაშობს, დღეს კი საუკეთესო იყო. ცინცაძეს მხარი მარკოიშვილმა, შენგელიამ და სანიკიძემ აუბეს, რომლებმაც ჩვენი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი შეიტანეს.
როლანდ ლაბუჩიძე









