ჭიდაობა

10:24 | 27.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

ნუგზარ სხირელი: ევროშემადგენლობა ლოგიკურად შეიკრა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულ ნაკრებს 2010 წლის სეზონის 2 უმთავრესი შეჯიბრი ივნის-ივლისში ელის. 29-30 ივნისს, ბულგარეთში, ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, 20-21 ივლისს კი, უნგრეთში - მსოფლიოს ჩემპიონატი. ნუგზარ სხირელის გუნდი მზადებას ვარიანში განაგრძობს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შეკრებაზე ტრადიციულად, გაფართოებული შემადგენლობა იახლა. ვარიანული ვარჯიშების დასრულების შემდეგ კი, მოსამზადებელ გეგმაში დასკვნითი შეკრებაღა დარჩება გასავლელი. ახლახან, ანკარის საერთაშორისო ტურნირზე ხვავრიელად გამოსვლის შემდეგ, სხირელი საევროპო განაცხადზე საბოლოოდ ჩამოყალიბდა. ინტერვიუც სწორედ ამ აქტუალური კითხვით დავიწყეთ.
ნუგზარ სხირელი: როგორც წესი, ძირითადად, ახალგაზრდულ ნაკრებს საქართველოს ჩემპიონებით ვაკომპლექტებთ. გამონაკლისი არც მიმდინარე სეზონია. შიდა კონკურენციაში გამარჯვებულებმა თავიანთი შესაძლებლობები საერთაშორისო ტურნირებზეც გამოავლინეს. ერთადერთი ცვლილება 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში განხორციელდება. საქართველოს ჩემპიონ ლაშა ლომთაძის ნაცვლად, განაცხადში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გვეყოლება, რაც სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილებაა. მან ახალგაზრდული პირველობა უფროსებს შორის ევროპის ჩემპიონატისთვის სამზადისის გამო გამოტოვა. 50 კილოგრამში ლაშა ტალახაძე იჭიდავებს, 60-ში - თენგიზ ჩოჩიშვილი, 66-ში – დავით ტლაშაძე, 74-ში – დავით ხუციშვილი, 84-ში – დავით მარსაგიშვილი, 96-ში – თორნიკე ხიდეშელი, ხოლო მძიმე წონაში – გიორგი საკანდელიძე.
- მოსამზადებელ ციკლში ნაკრები ორ საერთაშორისო ტურნირზე გამოვიდა. საერთო შედეგიანობით კმაყოფილი ხართ?
- რა თქმა უნდა. რიგასა და ანკარაში 8-8 მედალი მოვიპოვეთ. განსაკუთრებით სასიხარულო თურქული წარმატება იყო, რადგან იმ ტურნირზე ძალიან ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. რუსეთის, ბელარუსის, ირანის, ყაზახეთისა და უზბეკეთის ნაკრებები უძლიერესი გუნდებით გამოვიდნენ, მასპინძლებს კი სულაც, თითო წონაში 5-6 მოჭიდავე ჰყავდათ. ანკარის ტურნირი ტრადიციულია და მასში აქამდეც ვმონაწილეობდით, მაგრამ ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს ჩატარებულა.
- წინასწარი გეგმით, თურ¬ქეთში მხოლოდ წონის ლი¬დერები უნდა წაგეყვანათ, მაგრამ 17 მოჭიდავე იახლეთ...
- გადაწყვეტილება მას შემდეგ შევცვალეთ, რაც მოსამზადებელი გეგმიდან ბაქოს საერთაშორისო ტურნირი ამოვარდა. ვფიქრობ, უკეთესი შედეგი მივიღეთ.
- ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებს შორის სულ რაღაც სამკვირიანი შუალედია. ნაკრები ორივე შეჯიბრზე ერთი შემადგენლობით გამოვა?
- ძირითადად, ალბათ, ასე იქნება, თუმცა, ამაზე საუბარი ჯერ მაინც ძნელია. დღევანდელი მდგომარეო¬ბით, გუნდის შედარებით სუსტ წერტილებად 50 და 66 კილოგრამი წონითი კატეგორიები მიმაჩნია. ტალახაძე და ტლაშაძე პატარა ბიჭები არიან და მიუხედავად იმისა, რომ შიდა კონკურენციაში ყოჩაღობენ, ჯერჯერობით, სათანადო სიმაღლეზე მაინც ვერ დგანან. იგივეს ვიტყვი 60 კილოგრამში მოჭიდავე ჩო¬ჩიშვილზეც, მაგრამ მას საერთაშო¬რისო დონეზე საკუთარი შესაძლებლობის დამტკიცებაში ხელი ტრავმამაც შეუშალა და იმედია, ევრო¬პირველობაზე კარგად გამოვა.
- არ გიხსენებიათ ლევან ბერიანიძე, რომელმაც გიორგი საკანდელიძეს ანკარას საერთაშორისო ტურნირის ფინალში მოუგო...
- მართლაც თანაბარი კონკურენციაა. თურქეთში ბერიანიძემ იმარჯვა, საქართველოს ჩემპიონატზე – საკანდელიძემ და ორივე ამ შეხვედრის ბედი წილისყრამ გადაწყვიტა. გავითვალისწინე რა, რომ პრიორიტეტული მაინც საქართველოს პირველობაა, ასევე ის, რომ საკანდელიძემ წლეულს შიდა კონკურენციაში უფროსებშიც იმარჯვა და ამასთან, შარშანდელ ევროპისა და მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატებზეც შედეგი აჩვენა, არჩევანი მასზე შევაჩერეთ. შევხედავთ, როგორ გაამართლებს ევროპირველობაზე ნდობას და გადავწყვეტთ, დარჩება თუ არა მსოფლიოს შემადგენლობაში.
- 96 კილოგრამში მოჭიდავე თორნიკე ხიდეშელი რიგასა და ანკარაში ჩემპიონი გახდა. არადა, იქამდე ხანგრძლივი ჩავარდნა ჰქონდა. რა იყო იმ უშედეგობის მიზეზი?
- ხიდეშელი ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონია, მაგრამ ახალგაზრდულში რატომღაც თავის წარმოჩენა ვეღარ შეძლო. ასეთი რამე ხდება ხოლმე. მთავარია, რომ ბოლო დროს აშკარად გამოასწორა ჭიდაობა და ეს შედეგებსაც დაეტყო. ძალიან მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს ნავსი გატეხა. თუ ასე განაგრძო, ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატზეც უმაღლესი მიზნისთვის იბრძოლებს.
- ევროპის ჩემპიონატამდე თბილისში ვახტანგ ბალავაძის სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი გაიმართება. ახალგაზრდული ნაკრების წევრები მიიღებენ მონაწილეობას?
- სავარაუდოდ, მხოლოდ ისინი, რომელთაც ზედმეტი წონის პრობლემა არ აწუხებთ. ევროპირველობამდე ცოტა დრო რჩება და ნამდვილად არ იქნება სწორი, ახლა რომ 5-6 კილოგრამი დავაკლებინო. მაღალ წონაში კი, ტრავმის რისკი აიწევს და სჯობს, თავი შევიკავოთ. თუმცა, არიან ისეთებიც, ვისაც ტრავმის პრობლემა არ აწუხებთ. მაგალითისთვის, ხინჩეგაშვილს დავასახელებ, რომელიც თავად მთხოვს, თბილისურ ტურნირზე ჭიდაობის ნება დავრთო.
- მისცემთ ნებას?
- ალბათ კი.
- მიმდინარე სეზონში ახალგაზრდებსა და უფროსებში ისედაც საკმაოდ ბევრ ტურნირზე იჭიდავა. ხომ არ გადაიღლება?
- ვფიქრობ, გადაღლის პრობლემა არ გვექნება.
- დასასრულ, ისიც გვითხარით, წლეულს შარშანდელზე უკეთეს შედეგს გეგმავთ?
- ახლა ამაზე საუბარი ძნელია და არც მსურს. პროგნოზის გაკეთებას ყოველთვის ვერიდები. ჩვენ მაქსიმალურად მოვემზადებით და დანარჩენი ხალიჩაზე გამოჩნდება.

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.100974