საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები სეზონის ორ უმთავრეს შეჯიბრზე საკმაოდ შედეგიანად გამოვიდა. ნუგზარ სხირელის გუნდმა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ჯამში 4 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბუდაპეშტში ჩატარებული მსოფლიოს პირველობიდან სულ რამდენიმე საათის დაბრუნებული ნაკრების თავკაცი “მსოფლიო სპორტს” მშობლიური ქალაქიდან, გორიდან ტელეფონით ესაუბრა.
ნუგზარ სხირელი: ჩემი აზრით, შედეგი დამაკმაყოფილებელზე ოდნავ უკეთესია, მაგრამ ჩემ შეფასებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ხალხი რას ფიქრობს.
- მაინც საინტერესოა, კონკრეტულად, წონითი კატეგორიების მიხედვით, როგორ დაახასიათებთ ბუდაპეშტში ნაჭიდავებ ახალგაზრდებს. პირველ ყოვლისა, მსოფლიოს ჩემპიონებზე გკითხავთ...
- ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ) ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მეც და მთელ დარბაზს დაგვპირდა, რომ ბუდაპეშტში აზერბაიჯანელ ტოგრულ ასგაროვზე შურს იძიებდა და ძალიან გამიხარდა, რომ პირობა შეასრულა. მას ისევ ფინალში შეხვდა და მართალია 3 სეტში, მაგრამ ძალიან დამაჯერებლად აჯობა. ყველას დაუმტკიცა, რომ პირველი მარცხი მნიშვნელოვანწილად მსაჯების ბრალი იყო. ამჯერად ასგაროვს ორგანიზატორებისგანაც დიდი დახმარება ჰქონდა. ისეთი ბადე შეხვდა, რომ ფინალამდე არც ერთ სერიოზულ მეტოქეს არ დაჭიდებია. ლადომ კი გადამწყვეტ ბრძოლამდე ირანელი, უკრაინელი და რუსი მეტოქეები ჩამოიცილა. სასიხარულოა ისიც, რომ შარშანდელი წარუმატებელი სეზონის შემდეგ ხინჩეგაშვილმა რეაბილიტაცია შეძლო და ისევ ჩვეულად აჭიდავდა. რაც შეეხება დავით ხუციშვილს (74 კგ), წელს ორივე უმნიშვნელოვანეს შეჯიბრზე იმარჯვა. თუკი ერთი თვის წინ ფინალში კენჭისყრით მოიგო, ამჯერად ბურთულა ორჯერ მის მოწინააღმდეგეს დაუჯდა, მაგრამ თავი ბრწყინვალედ დაიცვა. მისი ჭიდაობით ძალიან კმაყოფილი ვარ.
- ლაშა ტალახაძე (50 კგ) და თენგიზ ჩოჩიშვილი (60 კგ) ნაკრებში წლეულს დამკვიდრდნენ. მათგან თუ ელოდით სტაბილურად შედეგიან გამოსვლას?
- დებიუტანტობის გამო მართლაც იყო საშიშროება, რომ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა ვერ მოეხერხებინათ, მაგრამ ეს პრობლემა თითქმის არ გვიგრძვნია. ლაშა ტალახაძემ ერთი თვის წინ ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და მაშინ ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან, მოლდოველ ანატოლი ბურუიანთან წააგო. ბუდაპეშტში კი მას ნახევარფინალში შეხვდა და ორ სეტში, შანსი არ დაუტოვა. ცუდი ისაა, რომ ფინალში გასვლით დაკმაყოფილდა. არ სჯეროდა, რომ ოქროს მედალთან ასე ახლოს მივიდა. გადამწყვეტი გამარჯვება რომ ვერ შეძლო, პირველ ყოვლისა გამოუცდელობის ბრალია. ჩოჩიშვილი კი ევროპირველობაზე ისე დაიჩაგრა, იმ დღის გახსენებაც არ მინდა. დებიუტანტობის გათვალისწინებით, მაშინ ვერცხლის მედალიც კარგი შედეგი იყო, მაგრამ ამ ბიჭს ასპროცენტიანი ოქრო ძალით წაგლიჯეს. ახლა გავიგეთ, რომ მსაჯის მიერ ნებით თუ უნებლიედ დაშვებული ის შეცდომა ფილას მსაჯთა საგამოცდო პროგრამაში შეუტანიათ. რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატს, ჩოჩიშვილმა კვლავ ძლიერად იჭიდავა და ამჯერად ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. სასაყვედურო ამ ბიჭების მიმართ არანაირად არ მაქვს. იგივეს ვიტყვი დავით ტლაშაძეზეც, რომელიც ასევე ახლახან დამკვიდრდა ნაკრებში. მართალია, სამეულს ვერ შეწვდა, მაგრამ გუნდს ჩასათვლელი ქულები მოუტანა.
- სამაგიეროდ უკმაყოფილო იქნებით დავით მარსაგიშვილის (84 კგ) გამოსვლით...
- დათო გუნდის ლიდერად მიიჩნეოდა და ისე მოხდა, ევროპის ჩემპიონატზეც უმედლოდ დარჩა და მსოფლიოზეც. წარმოუდგენელია, როგორ გამოიცვალა იგი თბილისის “ოქროს გრან-პრის” მერე. რატომღაც ეშინოდა აქტიურობის და ილეთების წამოწყების. ეს თავადაც მითხრა. ძველებური თავდაჯერება სადღაც გაქრა და ამის უმთავრესი მიზეზი ვადაზე ადრე დიდების მოსვლა მიმაჩნია. თავში ავარდნის მომენტია, ოღონდ ეს მისგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად მოხდა. ანალოგიური პრობლემის წინაშე აღმოჩნდა შარშან ხინჩეგაშვილი, რომელიც თბილისის ტურნირის მოგების შემდეგ ლამის ცაში აიყვანეს ქებით.
- 96 კილოგრამში მოჭიდავე თორნიკე ხიდეშელი ამჯერადაც უმედლოდ დარჩა. ბუდაპეშტში გამგზავრებამდე 10 დღით ადრე ამბობდით, რომ მას სხვა მოჭიდავით ჩაანაცვლებდით. რატომ გადაიფიქრეთ?
- დღესაც მივიჩნევ, რომ ასე უნდა მოვქცეულიყავი, მაგრამ გადამწყვეტი როლი მწვრთნელთა საბჭომ შეასრულა. შარშან, საქართველოს ჩემპიონი ელიზბარ ოდიკაძე გახდა და ევროპის ჩემპიონატზეც ვაჭიდავე, მაგრამ თავი ვერ გამოიჩინა და მსოფლიოზე ხიდეშელით ჩავანაცვლე. წლეულს შიდა პირველობაში უკვე თორნიკემ იმარჯვა და ევროპაზე დადგომაც გაინაღდა. გადავწყვიტე მსოფლიოზე ომარ გუსოშვილისთვის მიმეცა შანსი. არც მისგან ველოდი შედეგს, რადგან პატარაა, მაგრამ ეს ჩემპიონატი დიდ გამოცდილებას შემატებდა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ბიჭებს, რომლებიც დღეს უკვე ნაკრების ლიდერებად მიიჩნევიან, 3-წლიანი გამოცდილება უმაგრებთ ზურგს. ჯერ პირადმა მწვრთნელმა, შემდეგ კი მწვრთნელთა საბჭომ არ დამიჭირეს მხარი და მოხდა ზუსტად ის, რასაც ველოდი. იგივეს ვიტყვი მძიმე წონაზეც. გიორგი საკანდელიძის ლევან ბერიანიძით ჩანაცვლების სურვილი ვერ განვახორციელე.
- საკანდელიძის შეცვლა რატომ გსურდათ?
- მხოლოდ იმიტომ, რომ წონაში 2 სრულფასოვანი მოჭიდავე გვყავს. ვიცოდი, რომ უდიდეს რისკზე მივდიოდი და ბერიანიძის წარუმატებლობის შემთხვევაში უმალ გამოჩნდებოდნენ ისეთები, საკანდელიძის ევროპის ჩემპიონობას რომ გამიხსენებდნენ, მაგრამ მაინც არ დავიხევდი უკან, მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო. ბუდაპეშტში ლევან ბერიანიძეს რომ ეჭიდავა, დარწმუნებული ვარ, მსოფლიოს ჩემპიონი გახდებოდა. იგი საუკეთესო ფორმაშია, რაც გარკვეულწილად ბაქოს “ოქროს გრან-პრიზეც” გამოჩნდა.
- საკანდელიძის ბრინჯაოთი უკმაყოფილო დარჩით?
- გიორგი ძალიან ნიჭიერი სპორტსმენია და ეს ევროპის ჩემპიონობით კიდევ დაამტკიცა. მსოფლიოზე მოგებული ბრინჯაოც კარგი შედეგია, მაგრამ უფრო მეტიც შეეძლო. ოქრო-ვერცხლის შანსი ისეთ მეტოქესთან დაკარგა, რომელსაც აქამდე ყოველთვის უპრობლემოდ ამარცხებდა. ეს მნიშვნელოვანწილად საკანდელიძის გადაღლილობის ბრალიც იყო. წლეულს ძალიან ბევრი იჭიდავა.
- ამ შემადგენლობიდან ვინ ვეღარ შეძლებს ასაკის გამო ახალგაზრდულ ნაკრებში გამოსვლას?
- ხუციშვილი, ხიდეშელი და ორივე მძიმეწონოსანი. გარდა ამისა, ალბათ ტალახაძე მომავალ წლამდე წონაში მოიმატებს. დანარჩენებს კი გუნდში დარჩენამდე თავიდან მოუწევთ შიდა კონკურენციაში თავიანთი პირველობის დამტკიცება.
- ხინჩეგაშვილი უკვე ძირითად ნაკრებს გაუშინაურდა. კიდევ ვის შესწევს უახლოეს მომავალში ამის ძალა?
- ეს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ზაზა თურმანიძის გადასაწყვეტია და არ მინდა უნებურად მის საქმეში ჩავერიო. ჩემს მოკრძალებულ აზრს მხოლოდ მძიმე წონაზე ვიტყვი. ალბათ აჯობებს არჩევანი ლევან ბერიანიძეზე გაკეთდეს. მან უფროსებში მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭიდაობა აშკარად დაიმსახურა.
- თქვენი აზრით, ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე წამსვლელ გუნდში ეს ახალგაზრდებიც შევლენ?
- სხვა გამოსავალს ხედავთ? სამწუხაროდ, დღეს ჩვენთან არც თუ ძლიერი შიდა კონკურენციაა. თუნდაც ახალგაზრდულ გუნდზე დავკონკრეტდეთ. თანაბარძალოვანი მოჭიდავეები რომ გვყავდეს, მსოფლიოს ჩემპიონატზე აბსოლუტურად სხვა შემადგენლობას დავაყენებდით.
ოთარ მაღლაკელიძე







