საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგა. მთავარმა მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა 7 ივლისს, გაფართოებული შემადგენლობა დუშეთის სპორტულ კომპლექსში ჩაიყვანა, სეზონის უმთავრესი შეჯიბრისთვის მოსამზადებელი შეკრების გასავლელად. მსოფლიოს პირველობას 20-21 ივლისს ბუდაპეშტი უმასპინძლებს და მასზე წამსვლელი ქართული შემადგენლობა უკვე გარკვეულია. როგორც მოსალოდნელი იყო, არჩევანი ძირითადად ევროპირველობაზე ნაჭიდავებ სპორტსმენებზე გაკეთდება. ქართველმა ახალგაზრდებმა ბულგარეთის ქალაქ სამოკოვიდან 5 მედალი ჩამოიტანეს. დავით ხუციშვილი (74 კგ) და გიორგი საკანდელიძე (120 კგ) ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (55 კგ) და თენგიზ ჩოჩიშვილმა (60 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ხოლო ლაშა ტალახაძე (50 კგ) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ევროპირველობასა და სოფლიოსთვის სამზადისზე ნუგზარ სხირელი “მსოფლიო სპორტს” დუშეთში გამგზავრების წინ ესაუბრა.
- კმაყოფილი ხართ გუნდის გამოსვლით?
- ევროპის ჩემპიონატზე რვა წონიდან ხუთში მედალი მოვიპოვეთ და საერთო შედეგით უკმაყოფილო როგორ უნდა ვიყო. მაგრამ უკეთესად გამოსვლა და გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გასვლაც შეიძლებოდა.
- კონკრეტულად ვისგან ელოდით უკეთეს შედეგს?
- ყველაზე მეტად საწყენი დავით მარსაგიშვილის (84 კგ) უმედლოდ დარჩენა იყო. იგი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ევროპის შარშანდელ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მას შემდეგ საერთაშორისო არენაზე არაერთხელ გამოიჩინა თავი და ახლაც უმაღლესი მიზნებისთვის უნდა ებრძოლა, მაგრამ სამეულს მიღმა დარჩა. სამოკოვოში მისი ხელისმოცარვის ერთ-ერთ მიზეზად კარტოზიას თასზე ჭიდაობას მივიჩნევ. თბილისის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირიდან ევროპირველობამდე სულ რაღაც 2-კვირიანი შუალედი რჩებოდა და ახალგაზრდული ნაკრების წევრებს სპორტის სასახლეში ჭიდაობა არ ვურჩიე. ჩემს პირად შეგირდებს სულაც, ავუკრძალე, მათი დიდი სურვილის მიუხედავად. ზედმეტად დატვირთვა სასურველი არ იყო. იმედია მსოფლიოს ჩემპიონატს დათო სასურველ ფორმაში შეხვდება და ჩვეულად იჭიდავებს. უკეთეს შედეგს ველოდი თორნიკე ხიდეშელისგანაც (96 კგ) ხანგრძლივი ჩავარდნის შემდეგ ამ ბიჭმა ბოლო დროს აშკარად მოუმატა და ვფიქრობდით, რომ ბულგარეთში სამეულში მოხვედრას შეძლებდა, მაგრამ ბოლომდე ვერა და ვერ გაიხსნა.
- მედალოსნების ჭიდაობას როგორ შეაფასებთ? ჩემპიონებით დავიწყოთ...
- დავით ხუციშვილი და გიორგი საკანდელიძე გამოცდილი მოჭიდავეები არიან და ევროპის ჩემპიონატზე თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინეს. ხუციშვილმა საჩემპიონო გზაზე ოთხი მეტოქე ისე დაამარცხა, ერთი სეტიც არ დაუკარგავს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი ნახევარფინალის მოგება იყო, ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტთან, რუს ზაურ მაკიევთან. საკანდელიძეს ყველაზე მეტად საწყის შეხვედრაში გაუჭირდა, თურქ ტაჰა აკგულთან. შემდეგი ბრძოლები კი უპრობლემოდ მოიგო.
- ვლადიმერ ხინჩეგაშვილი უკვე ძირითადი ნაკლების წევრად მიიჩნევა. ახალგაზრდულ ევროპირველობაზე მისგან ბევრი ჩემპიონობას ელოდა. რამ შეუშალა ხელი?
- ნაწილობრივ თავისმა შეცდომამ და აგრეთვე მსაჯის მეტად საეჭვო გადაწყვეტილებებმა. კიდევ უფრო აშკარა იყო უსამართლობა 60 კილოგრამის ფინალში, სადაც თენგიზ ჩოჩიშვილმა რუსი ანვარ გაზიმაგომედოვი პირველი პერიოდის ბოლოს გაკეთებული გდებით სინამდვილეში 5:3 დაამარცხა. სამივე მსაჯმა ზუსტად ასე დააფიქსირა, თუმცა საქმეში უმალ ჩაერია ფილას კოორდინატორი ქალბატონი, რომელსაც გასულ წლებში არაერთხელ მიუღია ქართველთა საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილება. ამჯერდაც მან სამივე მსაჯის შედეგი გააუქმა და ფრე - 3:3 გამოაცხადა, რაც რუსს აძლევდა ხელს. მეორე პერიოდში ჩოჩიშვილი 0:1 დამარცხდა. რომ არა ის არაობიექტურობა, ოქროს მედალს არ დაკარგავდა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მსვლელობისას ჩვენი პროტესტიც უყურადღებოდ დატოვეს. ცოტა ხანში საქმეში ევროპის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ცენო ცენოვიც ჩავრიეთ. ობიექტური პოზიცია დაიკავა და დღის ბოლოს იმ ქალბატონს ჩოჩიშვილის ფინალური შეხვედრის ვიდეოჩანაწერი აჩვენა. მეორე დღეს ბოდიში მოგვიხადეს შეცდომის გამო, მაგრამ შედეგს ვინღა გააუქმებდა. ჩოჩიშვილის ჭიდაობით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. იგი ახალგაზრდული ნაკრების დებიუტანტია.
- სამეულში კიდევ ერთი დებიუტანტი, ლაშა ტალახაძეც შევიდა...
- ლაშამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც ამ ეტაპზე საუკეთესო შედეგი იყო. იმედი მაქვს მომავალში კიდევ უფრო მოუმატებს და ჩემპიონობასაც მიაღწევს.
- ორიოდ კვირაში მსოფლიოს ჩემპიონატზე მოგიწევთ გამოსვლა. ევროპირველობაზე ნაჭიდავებ შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელებას გეგმავთ?
- სეზონის ორ უმთავრეს შეჯიბრს შორის სამწუხაროდ ძალიან პატარა შუალედია. კარგი იქნებოდა, შემადგენლობას მთლიანად ვცვლიდეთ. სხვა წამყვანი საჭიდაო ქვეყნები ძირითადად ასე იქცევიან. ჩვენ კი სამწუხაროდ, ორი-სამი წონის გარდა ასეთი ფუფუნება არ გვაქვს. თანაბარძალოვანი კონკურენცია ძალიან წაგვადგებოდა. ახლა კი, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთ შეცვლას მოვახდენთ. 96 კილოგრამში, ხიდეშელის ნაცვლად ომარ გუსოშვილს დავაყენებთ.
ოთარ მაღლაკელიძე







