ჭიდაობა

15:14 | 29.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

ნუგზარ სხირელი სპორტის რაინდი გახდა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ნუგზარ სხირელი სპორტის რაინდის წოდებით დაჯილდოვდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა სხირელს ორდენი დღეს, ვაკის ფალავანთა კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გადასცა.
პრესკონფერენცია ახალგაზრდა თავისუფალი სტილით მოჭიდავეების მსოფლიოს პირველობაზე მიღწეულ წარმატებას მიეძღვნა. მას სამინისტროსა და ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად, ნაკრების წევრებიც დაესწრნენ. შეგახსენებთ, 24-25 ივლისს ბუდაპეშტში ჩატარებულ ჩემპიონატზე ნუგზარ სხირელის გუნდმა 5 მედალი მოიპოვა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ) და დავით ხუციშვილი (74 კგ) მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. ლაშა ტალახაძე (50 კგ) ფინალში დამარცხდა, თენგიზ ჩოჩიშვილმა (60 კგ) და გიორგი საკანდელიძემ (120 კგ) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. სწორედ ეს ხუთეული ავიდა ევროპირველობის კვარცხლბეკზეც, მსოფლიოს ჩემპიონატამდე ერთი თვით ადრე.
“წარმატებული ევროპირველობის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე ისევ შედეგიანი გამოსვლა ძალიან დიდი შრომის შედეგია. მინდა თითოეულ მედალოსანს მადლობა ვუთხრა, ქართველი გულშემატკივრების გახარებისთვის. ამ ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე გამოჩნდა, რომ ძირითადი ნაკრები სულ მალე კარგ შევსებას მიიღებს. სპორტის სამინისტრო წარმატებული სპორტსმენებისთვის საკმაოდ სოლიდურ ფულად პრემიებს აწესებს და ახალგაზრდული ნაკრების წევრებს კუთვნილი პრემიალურები ტრადიციულად, წლის ბოლოს გადაეცემათ. მადლობა ამ გუნდის მთავარ მწვრთნელს. ნუგზარ სხირელი დღესდღეობით არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია” – განაცხადა ლადო ვარძელაშვილმა და სხირელი ორდენით დააჯილდოვა.
ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სამინისტროს ხელმძღვანელობას დაფასებისთვის, ნაკრების წევრებს კი კარგი ჭიდაობისთვის გადაუხადა მადლობა. პრესკონფერენციის შემდეგ მოკლე კომენტარები მსოფლიოს ჩემპიონებმაც გააკეთეს:
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: “ბედნიერი ვარ. მოვიგე ჩემპიონატი, რომლისთვის მოსამზადებლადაც მთელი სული და გული ჩავაქსოვე. მადლობა ყველას, ვინც მხარს მიჭერდა და ვინც ჩემი გამარჯვებით გაიხარა. გადამწყვეტ შეხვედრაში იმ აზერბაიჯანელს მოვუგე, რომელთანაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში დავმარცხდი. ახალგაზრდულ ნაკრებში მომავალ წელსაც მიწევს ჭიდაობა და ვეცდები წარმატებული სვლა გავაგრძელო”.
დავით ხუციშვილი: “კარგი სეზონი მაქვს. ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოვიგე და ახალგაზრდულ ნაკრებში გამოსვლა უმაღლესი შედეგებით დავასრულე. ახლა უკვე უმთავრეს ნაკრებში ადგილის დასამკვიდრებლად ვიბრძოლებ. ძლიერი შიდა კონკურენცია მელის, მაგრამ ვეცდები თავი არ შევირცხვინო”.

ოთარ მაღლაკელიძე
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164244