ინტერვიუები

17:01 | 1.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

ნუკრი რევიშვილი: “არავითარი საიდუმლო”

მიმდინარე წლის იანვარში ყაზანის “რუბინიდან” მახაჩყალის “ანჟიში” გადასულმა ნუკრი რევიშვილმა, ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ორი შეხვედრა ჩაატარა და გოლი არ გაუშვია. გასათვალისწინებელია, რომ დაღესტნელებმა ყაზანელებთან მატჩებში 6 ქულა აიღეს, რითაც რუსეთის პრემიერლიგაში ბევრი გუნდი ვერ დაიკვეხნის. თათრეთის დედაქალაქში მოგებული მატჩის შემდეგ, რევიშვილს ინტერვიუ “სპორტ-ექსპრესმა” ჩამოართვა და ქართველის განცხადებით, “რუბინის” წინააღმდეგ მოედანზე ის განსაკუთრებული მოტივაციით არ გამოსულა.
- “რუბინთან” მატჩი თქვენთვის განსაკუთრებული იყო?
- ძლიერ მეტოქესთან შეხვედრა ყოველთვის საინტერესოა. თუმცა, ამ თამაშამდე გუნდს რაიმე განსაკუთრებული განწყობა არ ჰქონია. ჩვენთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია.
- თამაშიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, “რუბინი” თქვენთვის განსაკუთრებული გამაღიზინებელია...
- რას ამბობთ! “რუბინი” რა გამაღიზიანებელია?! “რუბინი” ჩემი მეგობრების გუნდია.
- რაზე საუბრობდით კაფანოვთან, რომელიც ყაზანურ კლუბში მეკარეთა მომზადებაზეა პასუხისმგებელი?
- ცხოვრებაზე, ფეხბურთზე. მასთან სასაუბრო თემას რა გამოლევს. ძალიან პოზიტიური ადამიანია, რომელმაც საკუთარი საქმე კარგად იცის. კაფანოვს ყოველთვის აქვს ახალი იდეები, რომლებსაც თავის კოლეგებს უზიარებს. ჩვენს ურთიერთობას ყოველთვის თბილად ვიხსენებ და მისი მადლობელი ვარ.
- რას ეუბნებოდით ვიტალი კალეშინს, რომელიც პირველ ტაიმში თქვენი კარის ძელს დაეჯახა და გონზე მოსვლას დიდი ხანი მოუნდა?
- ვცდილობდი, შეძლებისდაგვარად დავხმარებოდი და გამემხნევებინა. კარგია, რომ ყაზანში ფოლადის ძელები არ არის, როგორც ოდესღაც იყო - საგანგებოდ ალუმინის შენადნობისგან არის დამზადებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას პრობლემები შეექმნებოდა. ძალიან ძლიერად დაეჯახა და თავდაპირველად შევშინდი კიდეც, მაგრამ მგონი ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
- ტრიბუნიდან ისე ჩანდა, რომ ამ ეპიზოდში მსაჯს თქვენი გუნდის პენალტით დასჯა შეეძლო. ვიდეოგამეორების მიხედვით, გაჯიევმა, რომელიც კალეშინს მისდევდა, მას ხელი ჰკრა...
- მოედანზე გადაწყვეტილებას მხოლოდ მსაჯი იღებს. თუ პენალტი არ დანიშნა, რაიმეზე საუბარს აზრი არ აქვს. საერთოდ, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ თამაშის შემდეგ მსგავსი საუბარი არ ყოფილიყო. ასე არ არის?
- მიმდინარე სეზონში “ანჟიმ” ყაზანელებს 6 ქულა აართვა, რითაც ბევრი ვერ იტრაბახებს. “რუბინის” წინააღმდეგ თამაშის საიდუმლო ამოხსენით?
- არავითარი საიდუმლო. მხოლოდ მუშაობა და კონცენტრაცია. შესაძლოა, კიდევ ცოტა იღბალი.
- გოლის გაშვების შემდეგ, “რუბინი” დაღლილი და ზოგ შემთხვევაში უიმედოდ რატომ გამოიყურებოდა?
- ჩემმა ყოფილმა პარტნიორებმა კიევში სტუმრობას დიდი ძალა შეალიეს. მათ ეს კარგად ესმოდათ და გოლის გატანა პირველებს სურდათ. პირველი ტაიმი კარგად ჩაატარეს და ზოგ ეპიზოდში გვიჭირდა. საბოლოოდ კი, გოლი ჩვენ გავიტანეთ. იმისთვის, რომ თამაში შემოეტრიალებინა, მეტოქეს ძალა და ემოცია უნდა ჰქონოდა, რაც არ ჰქონდა შერჩენილი. დიდი იმედი მაქვს, რომ ბიჭები პრობლემებს გაუმკლავდებიან და 3 აგვისტოს ყაზანში კიეველებს დაამარცხებენ. “რუბინის” თამაშს ძველებურად თვალს ვადევნებ და გუნდს ყოველივე კარგს ვუსურვებ.

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.171116