ინტერვიუები

10:06 | 10.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

ნუკრი რევიშვილი: “ასეთ მინდორზე ევროპის ლიგის ფინალს ვინ ჩაატარებს?..”

ნუკრი რევიშვილმა ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში ითამაშა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, თუმცა მაშინ ისეთი პერიოდი იყო, როცა “ჯვაროსნების” მთავარმეკარეები წამდაუწუმ იცვლებოდნენ. ამდენად, რევიშვილი ნაკრების ნომერ პირველ კიპერად არ ითვლებოდა, ხოლო ახლა სიტუაცია შეცვლილია: ეროვნული გუნდის თავკაცმა, ბოლო ორ ამხანაგურ მატჩში ჯერ ნუკრი, შემდეგ კი გიორგი ლორია გამოსცადა, ორივემ მშრალად შეინახა კარი და ძნელი გამოსაცნობი იყო, რომელ მათგანს დაეყრდნობოდა ევრო-2012-ის შესარჩევი ციკლის მატჩებში.
არჩევანი მაჰაჩყალის “ანჟის” 23 წლის მეკარეზე გაკეთდა და სასაყვედურო, ალბათ, არც არავის ექნება - საბერძნეთთან და ისრაელთან შეხვედრებში მხოლოდ ერთი გაშვებული ბურთი, რომელიც რევიშვილის სინდისზე ნამდვილად არ ყოფილა.  
“სპორტული ამბები” ნუკრის დაუკავშირდა და რა თქმა უნდა, უშუალოდ მატჩების გარდა, ეროვნული სტადიონის მინდორსაც შევეხეთ.
“მართლაც რომ ყანაა. რა გახდა ნაკრებისთვის ერთი სავარჯიშო და ერთი სათამაშო ნორმალური მოედანი?”
-    ჯერ თამაშებზე ვთქვათ. რამდენად კმაყოფილი ხარ ამ ორი მატჩით?
-    ჩემთვის და მთელი გუნდისთვის რთული მატჩები იყო. პროგრესი აშკარაა. კი, კლაუს ტოპმიოლერის დროსაც ჩანდა წინსვლა, მაგრამ ეს, მხოლოდ მოჩვენებითი იყო. რაც შეეხება შედეგს, უკეთესიც შეგვეძლო მიგვეღო და უარესიც. კმაყოფილი კი ვარ, მაგრამ 4 ქულით დაწყება მშვენიერი იქნებოდა. ისრაელთან მოგება შეგვეძლო. ეს უკეთეს ვარიანტში, თორემ თავისუფლად შეიძლებოდა, საბერძნეთთან წაგვეგო.
-    კერძოდ, რაში ხედავ პროგრესს ყველაზე მეტად?
-    ქეცბაიას საქმისადმი დამოკიდებულებაში. აქამდეც რომ ქართველი მწვრთნელი ყოფილიყო ნაკრებში, უკეთესი იქნებოდა. ქეცბაია გადაყოლილია საქმეზე და იცის, თითოეულ ფეხბურთელს როგორ უნდა მიუდგეს. შედეგის მხრივაც, მგონი, ყველა ხედავს განსხვავებას – წინა შესარჩევში, ნაკრებმა სულ 3 ქულა აიღო, ახლა კი უკვე 2 გვაქვს. წინასწარ არ მინდა შანსებზე ლაპარაკი, მაგრამ თამაშის ხარისხი მაძლევს იმედს, რომ მომდევნო მატჩებსაც უშედეგოდ არ ჩავატარებთ. იოლად არაფერი ხდება, ზოგჯერ ინგლისიც რჩება ხოლმე ფინალურ ეტაპს მიღმა და ჩვენ რომ ვერ გავიდეთ, დიდი ტრაგედია არ იქნება.
-    საბერძნეთთან გაშვებულ გოლზე ვთქვათ. როგორ ფიქრობ, გქონდა კარის გადარჩენის შანსი?
-    მალხაზ ასათიანს დავუძახე, რომ დარტყმულს გასცლოდა, მაგრამ ისეთი ხმაური იყო, ვერ გაიგონებდა. ასათიანმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ყველანაირად ეცადა კარის გადარჩენას. მოკლედ, ბერძენი გულშემატკივრების ხმაურმა დაგვაღალატა. ეს რომ არა, ბურთის მოგერიება შეიძლებოდა.
-    ახლა სხვა თემაზე: ქეცბაიამ ეროვნული სტადიონის მინდორი დაიწუნა და სამართლიანადაც. შენ რას იტყვი?
-    სირცხვილია, მართლა ყანას ჰგავდა. რა გახდა ერთი სათამაშო და ერთი სავარჯიშო მინდორი ნაკრებისთვის? რომელ ევროპის ლიგის ფინალის ჩატარებაზეა ლაპარაკი? ეს ფედერაციის არა, სტადიონის დირექციის ბრალია. ეგ კი არა, მაჰაჩყალაში ასეთი მინდორი რომ იყოს, თამაშს არ ჩაატარებდნენ.  
-    სტადიონის დირექციამ განაცხადა, გვალვების გამო იყო ასეთი მინდორიო...
-    საქართველოში წყალი ჭირს? მაშინ, სხვა ქვეყნებში რაღა უნდა თქვან...
-    გასაგებია. ამ ორ მატჩში უშუალოდ შენს თამაშზე რას იტყვი?
-    ის, რომ მხოლოდ ერთი გოლი გავუშვი, მთლიანად გუნდის დამსახურებაა. დაცვა კარგად თამაშობდა და მეც თავდაჯერებული ვიყავი. თანაც, “ანჟიში” სათამაშო პრაქტიკა მაქვს, რაც შემეტყო კიდეც.  
-    ისე, “ანჟიში” რეგულარულად არ გიწევს თამაში. ხან შენ დგახარ კარში, ხან ილია აბაევი. ასეა მიღებული?
-    მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა. სანამ ნაკრებში წამოვიდოდი, ბოლო ორი მატჩი მე ვიდექი “ანჟის” კარში. რიგრიგობით გვაყენებენ, რათა პრაქტიკა არ მოგვაკლდეს.
-    ეს ამაზეა დამოკიდებული, თუ ვარჟიშზე ვინ როგორ ფორმაშია?
-    ვარჯიშებზე არა. უბრალოდ, მწვრთნელს სურს, რომ მეც და აბაევიც მწყობრში ვიყოთ.


ილია ნანობაშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098541