საქართველოს ეროვნული გუნდისა და მახაჩყალის “ანჟის” მეკარემ ნუკრი რევიშვილმა, გამოცემა “სპორტ-ექსპრესს” ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც საფეხბურთო კარიერის დასაწყისზე, ნაკრებზე, კერპებზე, “რუბინში” გატარებულ პერიოდზე და ა.შ. ისაუბრა.
- ფეხბურთელობა როგორ გადაწყვიტეთ?
- ყველაფერი 1994 წელს დაიწყო, როდესაც შვიდი წლის ვიყავი და ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს ტელევიზორით თვალს ვადევნებდი. სპორტის ამ სახეობის მაგია მაშინვე ვიგრძენი. წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში დილის ოთხი საათი იყო, ხოლო მე არ მეძინა და რეპორტაჟებს ვუყურებდი. ეს ბაბუამ შეამჩნია და დიდხანს არ უფიქრია, საფეხბურთო სკოლაში ისე წამიყვანა. ასე აღმოვჩნდი ქუთაისის “ტორპედოში” , რომელმაც დიდ ფეხბურთში გზა გამიკვალა.
- მსოფლიოს ჩემპიონატზე ვის გულშემატკივრობდით?
- არგენტინელებს. მას შემდეგაც კი, რაც მარადონას დისკვალიფიკაცია მისცეს. დღემდე არგენტინის გულშემატკივარი ვარ.
- “ბოკა” თუ “რივერი”?
- საკლუბო დონეზე მილანის “ინტერს” ვგულშემატკივრობ. ჯერ კიდევ იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც გუნდში რონალდო, პალიუკა და სამორანო თამაშობდნენ. მაშინ, საუცხოო გუნდი იყო.
- ახლა რას იტყვით მილანელთა შესახებ?
- მოურინიოს გარეშე გუნდმა თამაშს ძალიან დაუკლო. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ასეთი დონის მწვრთნელის წასვლის შემდეგ, სხვაგვარად არც მოხდებოდა. თუმცა, ვფიქრობ ყველაფერი კარგად იქნება. გუნდში მოთამაშეები არ შეუცვლიათ, ხოლო ლეონარდო ლამაზი და შემტევი ფეხბურთის მიმდევარია. მომავალ სეზონში “ინტერმა” უნდა “გაისროლოს”.
- თქვენი პირველი მწვრთნელი გახსოვთ?
- თემურ ნადირაძე – ძალიან კარგი ადამიანი იყო. თავის დროზე ბევრი ფეხბურთელი აღზარდა, მათ შორის მალხაზ ასათიანი. სამწუხაროდ, ის ჩვენს გვერდით აღარაა.
- საქართველოს ჩემპიონატში თქვენს მიერ ჩატარებული სადებიუტო შეხვედრა გახსოვთ?
- მახსოვს. სეზონის პირველი თამაში იყო და თბილისის “ლოკომოტივს” ვხვდებოდით. ისე მოხდა, რომ ამ მატჩში კარი “მშრალად” შევინახე. თუმცა, გოლი ვერც ჩვენ გავიტანეთ.
- 2005 წელს საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა მეკარე გახდით. მაშინ რამდენი წლის იყავით?
- 18-ის. ეს მაშინ მოხდა, როდესაც “ტორპედოს” შემადგენლობაში დავმკვიდრდი და ეროვნულ ნაკრებში პირველად გამომიძახეს.
- “რუბინი” თქვენი შეძენით მაშინ დაინტერესდა?
- დიახ. როგორც ვიცი, სკაუტებმა საბერძნეთთან და ბულგარეთთან ჩატარებულ შეხვედრებში შემამჩნიეს.
- ახალ გარემოსთან შეგუება გაგიჭირდათ?
- ძალიან გამიმართლა, რადგან იმ პერიოდში, “რუბინში” რამდენიმე ქართველი თამაშობდა – გიორგი ქინქლაძე, მიხეილ აშვეთია, ლაშა სალუქვაძე. საერთო ჯამში, ადაპტაციამ ნორმალურად ჩაიარა და თავს უცხოდ არ ვგრძნობდი.
- ყურბან ბერდიევთან მუშაობისგან როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- ყველაზე კარგი. ის ძლიერი სპეციალისტია, რომლის დიდად მადლობელი ვარ. მან, მეკარეების წვრთნელ ვიტალი კაფანოვთან ერთად, ბევრი რამ მასწავლა - არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ ცხოვრებაში. “რუბინში” ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთი გავატარე - 18-დან 22 წლამდე. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც პიროვნებად ყალიბდები. მიხარია, რომ ჩემს გარშემო ასეთი ყურადღებიანი და მზრუნველი ხალხი იყო.
- როგორ ფიქრობთ, “რუბინის” ძირითად შემადგენლობაში ადგილი რატომ ვერ დაიმკვიდრეთ?
- გუნდში ძალიან ახალგაზრდა მივედი და გასაგებია, რომ არ მენდობოდნენ. ძირითადი შემადგენლობის მეკარე კოლინკო იყო, ხოლო მე ნაკლებად მნიშვნელოვან შეხვედრებში მათამაშებდნენ, ისიც ძალიან იშვიათად. მოგვიანებით, როდესაც რიჟიკოვი მოვიდა, თამაშის შანსი საერთოდ არ დამრჩა. ეს სერგეის მიმართ გამოთქმული პრეტენზია კი არაა, არამედ, ფეხბურთის მკაცრი სინამდვილეა. ყველაფერს მივხვდი და “ანჟიში” გადასვლა გადავწყვიტე.
- ამის მიუხედავად, რუსეთის ორგზის ჩემპიონი ხართ...
- ოფიციალურად ასეა, მაგრამ საუცხოოდ მესმის, რომ ეს ტიტული არ დამიმსახურებია. თავს ჩემპიონად არ ვგრძნობ. გასაგებია, რომ გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი და მოედანზეც გავედი, ორივე შემთხვევაში მედლებიც მივიღე, მაგრამ... ეს ცოტაა.
- “რუბინთან” კონტრაქტი რომ დაგიმთავრდათ, “ანჟის” გარდა, სხვა ვარიანტები გქონდათ?
- პრინციპში, არა. “ანჟიმ” კონკრეტული წინადადებით მომმართა, რომელიც მივიღე. მაშინ გუნდის მთავარი მწვრთნელი ომარ თეთრაძე იყო, რომელმაც ჩემს ტრანსფერში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
- მაშინ მახაჩყალაში სულ სხვა გუნდი იყო, ასე არ არის?
- შედარებაც არ შეიძლება. ვფიქრობ, ის ვინც წელიწადზე მეტია გუნდშია, დაადასტურებს, რომ კლუბში არავითარი ადმინისტრაციული პრობლემა არაა და არც ხელფასებს აგვიანებენ. “ანჟი” არა მხოლოდ სპორტული კუთხით ვითარდება. დარწმუნებული ვარ, კიდევ ორი-სამი წელი და ახალ დონეს მივაღწევთ.
- ბერდიევსა და გაჯი გაჯიევს რაიმე საერთო აქვთ?
- დიახ, ბევრი საერთო აქვთ. გვერდიდან რომ შეხედავ, ერთმანეთს ჰგვანან – მშვიდები, აზრიანები, მაგრამ მათ შორის განსხვავებაც ბევრია. არ დავკონკრეტდები, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გაჯი “მუსლიმოვიჩს” ძალიან ვაფასებ. მან მაშინვე ძირითად შემადგენლობაში დამაყენა და მენდო. თუ შესაძლებელი იქნება, მასთან კარიერის ბოლომდე ვიმუშავებ.
- მეკარეებიდან თქვენი კერპი ვინაა?
- ედვინ ვან დერ სარი და პეტერ შმაიხელი. ეს ის ხალხია, რომელთა თამაშსაც მოვესწარი. ამბობენ, რომ დიდი მეკარე იყო იაშინი, მაგრამ მისი თამაში არ მინახავს და ვერ ვიტყვი, რომ ჩემი კერპია.
- რუსეთის პრემიერლლიგაში ყველაზე მეტად რომელი მეკარე მოგწონთ?
- უპირველესად - აკინფეევი და რიჟიკოვი. ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგად თამაშობს ბრაზილიელი გილერმე. ადრე ძალიან მომწონდა ოვჩინიკოვი, რომელიც სამწუხაროდ აღარ თამაშობს. ისევე, როგორც კინსკი. მასაც ყოველთვის პატივს ვცემდი.
- საქართველოს ეროვნულ ნაკრებში საქმე როგორ მიგდით?
- ბოლო მატჩებში ხორვატიისა და ისრაელის წინააღმდეგ ვითამაშეთ. პირველ შემთხვევაში შინ გავიმარჯვეთ, ხოლო ისრაელთან სტუმრად დავმარცხდით. ივნისში ხორვატებს ვესტუმრებით და ძალიან რთული თამაში გველის, რადგან თბილისში ისინი საკმაოდ გავაბრაზეთ. თუმცა, ევროპის ჩემპიონატზე წასვლა თუ გვინდა, უნდა გავუძლოთ. მთავარია, რომ ნაკრების არსებობის ისტორიაში პირველად ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსები გავქვს. თემურ ქეცბაიამ ძალიან სოლიდური გუნდი შეკრიბა და ის დრო, როდესაც ხუთი-ექვსი მატჩის შემდეგ, არავითარი იმედი არ გვქონდა, წარსულს ჩაბარდა.
- ნაკრებში თქვენი კონკურენტი ვინაა?
- გიორგი ლორია თბილისის “დინამოდან”. საუცხოო მეკარეა, რომელიც მალე ალბათ, ევროპაში ან რუსეთში ითამაშებს.
- ალბათ, მეთანხმებით, რომ მეკარე ლიდერი უნდა იყოს?
- ასი პროცენტით! თუ მეკარე თავდაჯერებული არაა, თუ მას ლიდერის თვისებები არ აქვს, ეს გუნდზე აუცილებლად აისახება. ისე, ვინც კარს იცავს, ნამდვილი წინამძღოლი უნდა იყოს, რომლის იმედი თანაგუნდელებს ყოველთვის ექნებათ.
- გქონიათ მომენტები, როდესაც თავდაჯერებას კარგავდით?
- მსგავსი რამ მომხდარა. მაგალითად, მიმდინარე ჩემპიონატის მეხუთე ტურში, როდესაც მოსკოვის “სპარტაკთან” მატჩში გოლი მეშვიდე წუთზე გავუშვი. იმ მომენტში ავნერვიულდი, რაც ბიჭებსაც გადაედოთ. გარკვეული დროის განმავლობაში ძალიან ნერვიული ვითარება იყო. საბედნიეროდ, თავი ხელში ავიყვანე და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ვთვლი, რომ გამოცდილმა მეკარემ წარუმატებლობა მომენტალურად უნდა დაივიწყოს და მოედანზე მიმდინარე მოვლენებზე დაუყონებლივ გადაერთოს.
- რომელ კომპონენტში ხართ ყველაზე ძლიერი და რაში უნდა მოუმატოთ?
- მუშაობა ყველაფერზე მჭირდება, როგორც ხაზზე თამაშში, ასევე, გამოსვლებზე. ვერ გეტყვით, რომ ამ რომელიმე კომპონენტში ძლიერი ვარ ან სუსტი. ყოველმხრივ უნდა მოვუმატო.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა









