ნუკრი რევიშვილი და ალეკო ამისულაშვილი “კრასნოდარში” მუდმივად სასტარტოში იყვნენ, ერთ-ერთი საუკეთესონიც იყვნენ გუნდში, თუმცა ბოლო პერიოდში უთამაშებლად დარჩნენ. სერბმა მწვრთნელმა სლავოლიუბ მუსლინმა ჯერ რევიშვილი ამოაგდო შემადგენლობიდან, მერე კი გუნდის კაპიტანი ამისულაშვილიც. გაჩნდა ინფორმაცია, რომ “კრასნოდარი” ამ ზამთარს ორივე ქართველს გაყიდის.
“მსოფლიო სპორტი” რევიშვილს ესაუბრა:
- რატომ აგერიათ სიტუაცია “კრასნოდარში”?
- არ ვიცი. მუსლინთან კონფლიქტი არც მქონია. ერთ-ერთი მატჩის შემდეგ ამომაგდო შემადგენლობიდან და მორჩა. 8 იანვარს შეკრება გვეწყება, ჩავალ და იქ უკეთ გავიგებ, რა სურს კლუბს. თუ ჩემი გაყიდვა სურთ, პრობლემა არაა. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი მაქვს, ალბათ, რამენაირად მოხდება შეთანხმება და სხვაგან გადასვლაში ხელი არ შემეშლება. უთამაშებლად ყოფნა არ მაწყობს.
- ჯერ მარცვალაძე, შემდეგ თქვენ და ამისულაშვილი – ფაქტია, ქართველებს ვერ აგეწყოთ “კრასნოდარში” საქმე.
- პირველი შემთხვევა არაა, როცა მუსლინი ქართველებს არ ენდობა. დონეცკის “მეტალურგში” ჯამარაულთან, “ლოკომოტივში” ასათიანთან, ახლა ჩვენთან...
- ანუ, ნაციონალური მომენტია?
- მუსლინი ურთიერთობაში ამას არ ამჟღავნებს, მაგრამ ფაქტია, ქართველებს ცუდად მოგვექცა. წარმოიდგინეთ, ზაფხულში შეკრებაზე რამდენიმე მატჩი ჩავატარეთ და მხოლოდ ერთხელ დამაყენა, სეზონი კი მე დამაწყებინა სასტარტოში. თუ ძირითადისთვის ვჭირდებოდი, მოსამზადებელზე მხოლოდ ერთხელ რატომ უნდა მათამაშოს? ამას ვერ ვხვდები. ამისულაშვილი სულაც კაპიტანი და საუკეთესო ფეხბურთელი იყო “კრასნოდარში”, მაგრამ სკამზე გადაიყვანა.
- სხვა გუნდიდან ხომ არ მიგიღიათ წინადადებები?
- ჯერ არა, რადგან “კრასნოდართან” არ გამირკვევია სიტუაცია.
- კლუბის ხელმძღვანელებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- საკმაოდ კარგი. მუსლინის გარდა, პრობლემა არავისთან მაქვს. მუსლინთანაც კონფლიქტზე არაა ლაპარაკი, უბრალოდ, არ მათამაშებს და ეგაა.
ილია ნანობაშვილი