მიმდინარე სეზონი დორტმუნდის “ბორუსიას” კაპიტან ნური შაჰინისთვის კარიერაში საუკეთესო აღმოჩნდა – თურქმა ფეხბურთელმა ჯერ ბუნდესლიგა მოიგო, ხოლო გასულ კვირაში მადრიდის “რეალთან” 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. შაჰინი გერმანიაშია დაბადებული და დორტმუნდელთა საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. მან 2005-11 წლებში, “ბორუსიას” შემადგენლობაში ჩატარებულ 152 მატჩში 17 გოლი გაიტანა. “რეალის” მიერ ათ მილიონ ევროდ შეძენილი 22 წლის შაჰინის ინტერვიუ, ინტერნეტ-გამოცემა Goal.com-მა გამოაქვეყნა.
- მადრიდის “რეალში” გადასვლა თქვენთვის რას ნიშნავს?
- მეამაყება, რომ ასეთი ნაბიჯი გადავდგი. ჩემთვის ეს ძალიან ძნელი იყო, რადგან ნამდვილი, ძირძველი “ბორუსიელი” ვარ და მუდამ ასეთად დავრჩები.
- რა თქმა უნდა, ეს ძალიან საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, შეგნებულად მიიღეთ?
- მესმის, რომ “ბორუსია” ძალიან დამაკლდება და ბუნდესლიგა მომენტარება. გარდა ამისა, გერმანია ჩემი სამშობლოა, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ეროვნულ ნაკრებში გამოვდივარ და ნოსტალგია მექნება. თუმცა, მინდა, ყველას მადლობა გადაუხადო, ვინც ჩემს გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.
- თქვენს ამჟამინდელ მწვრთნელზე არაფერი გითქვამთ...
- იურგენ კლოპის მადლობელი ვარ. ვამაყობ, რომ ის მენდო, შანსი და კაპიტნის სამკლავური მომცა. ის საუცხოო სპეციალისტია - მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. თუმცა, “რეალში” ოსტატობის გაზრდის შანსი მაქვს და ამისკენ მივისწრაფვი.
- მადრიდის “რეალის” თავკაც ჟოზე მოურინიოზე რა აზრის ხართ?
- ეჭვი არ მეპარება, რომ მისი ხელმძღვანელობით კიდევ უფრო მოვუმატებ. ამაში მესუტ იოზილმა დამარწმუნა, რომელთანაც გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაცია გავიარე.
- ამბობენ, რომ თქვენი მიწვევა ბევრ კლუბს სურდა...
- არა მგონია, ასე ყოფილიყო, რადგან ყველამ იცოდა – არცთუ ბევრი კლუბი არსებობს, რომელთა გულისთვისაც ჩემთვის ძვირფას “ბორუსიას” დავტოვებდი.
- თანაგუნდელებთან განშორებამ როგორ ჩაიარა?
- განშორება ჩემთვის ძალიან ძნელი იყო. ყველა თანაგუნდელი ჩემს გულში დარჩება და ამიტომ, დამშვიდობებისას ემოციით აღსავსე ვიყავი.
- ამჟამინდელი “ბორუსია” სხვა გუნდებისგან რით განსხვავდება?
- ამ გუნდის თითოეული წევრი პარტნიორისა და საერთო წარმატებისათვის სრულად იხარჯებოდა. “ბორუსიაში” საუცხოო კოლექტივი შეიკრიბა და ბუნდესლიგაში გამარჯვება ამის დასტურია.
- თანაგუნდელებს მართლა მიეცით სიტყვა, რომ დორტმუნდს არ დატოვებდით?
- არა, მსგავსი რამ არ ყოფილა. ერთხელ ვისაუბრეთ, როგორ მოიქცეოდა თითოეული ჩვენთაგანი, თუ სოლიდურ შეთავაზებას მიიღებდა. იმ მომენტში ყველამ აღნიშნა, რომ არ გაბრაზდებიან მასზე, ვინც გუნდიდან წასვლას გადაწყვეტს.
- მადრიდში თქვენს გადასვლაში ფულმა რა როლი ითამაშა?
- შემიძლია განვაცხადო, რომ “რეალში” ფულისთვის არ გადავსულვარ. მადრიდში მხოლოდ სპორტული მოსაზრებებიდან გამომდინარე მივდივარ. იმ ადამიანებს არ მივეკუთვნები, ვისაც ტყუილები უყვარს. “ბორუსიას” ფანებმა კარგად იციან, წასვლა რატომ გადავწყვიტე.
ლაშა თაბაგარი









