...და აჰა, ფართოდ გამოაღეს “ეროვნული სტადიონის” ცენტრალური ჭიშკარი და პატარა ბიჭ-ბუჭები, ძველი ჩვეულებისამებრ, ჭიშკარში მდგომ პოლიციელებს მხარიღლივ გაუსხლტნენ და ჩრდილოეთ ტრიბუნისაკენ გაჰქუსლეს. საქართველო-შვეიცარიის ახალგაზრდულ ნაკრებთა შეხვედრაზე დასწრება მართალია უფასო იყო, მაგრამ ძნელია, ერთხელ შესისხლხორცებული ჩვეულება ასე იოლად მოიშორო და სტადიონამდე მისაღწევად, ხალხი კი არ გადათელო, ევროპელი ქომაგივით დინჯად და ღიმილიანი სახით დაიწყო შენი დასაჯდომი ადგილის ძებნა. ფრიად საცნაური სანახავია, ერთურთს ჩახუტებული წყვილები როგორ მიიკვლევენ ქომაგებში გზას და ხალხმეჩხერ ტრიბუნას დაეძებენ. მათთვის ფეხბურთი მხოლოდ საინტერესო დღის დანამატია. შვილებთან ხელჩაკიდებული კუბოკრულპერანგიანი მამები ამ დროს ყველაზე დიდ ეიფორიაში არიან, რადგან თავზე განსაკუთრებული მისიის ამღები ხალხის იერი აქვთ. უბრალო ამბავი ხომ არაა - თავიანთ შვილებს ფეხბურთი უნდა შეაყვარონ! მერე რა, რომ ხშირად თავადაც არ სჯერათ ჩვენი გუნდის წარმატებისა...
სლავა პაპა ნაყინს ეროვნულ სტადიონზე უკვე 20 წელია ჰყიდის. ეს კაცი 1990 წლიდან, საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლეგენდარული მატჩიდან მახსოვს. მაშინ ხარკოვის “სტაკანჩიკს” ჰყიდდა, ახლა კი, უკვე გვარიანად მობერებულ, თბილისელ რუს სლავა პაპას “გურჯაანის ნაყინით~ სავსე მუყაოს მიჭყლეტილი ყუთი ჩაუბღუჯავს და გაბზარული ხმით “მაროოჟნიეე”-ს ხავის...
იმერელი ბიჭები სტადიონის შესასვლელთან ბუზღუნით სვამენ წინასწარ ნაყიდ ლუდს, რადგან პოლიციელებმა სტადიონზე ლუდის შეტანის ნება არ დართეს. სვამენ ლუდს და თან ანგლობენ: “არ დეიმსახუროს ჩვენმა ნაკრებმა ბოთლის სროლა და არც ჩვენ ვესვრითო”...
კავკასიური გარეგნობის პუტკუნა ბიძას კი, ისეთი ძველი და გახეხილი ურუგვაის ნაკრების მაისური აცვია, ურუგვაული გუნდის ძველ და გახუნებულ დიდებაზე დაგაწყებინებს ფიქრს.
ხალხი არც ისე ბევრია და ნახევარ სტადიონსაც ძლივს ავსებენ, მაგრამ ყველას ნახავთ: არჩევნების ბატალიებიდან პარტიელთაგან ჩუმად გამოპარული ცნობილი პოლიტიკოსებით დაწყებული და იმ ადამიანებით დამთავრებული, ქართული ტელევიზიები “ცნობილ სახეებს” რომ ეძახიან და ხშირად კაციშვილმა არ იცის, რომელიმე “სახე” რატომ არის ცნობილი...
სტუდენტობისას, ძველ არქივებში ხშირად მიწევდა ხოლმე ქექვა. დიდად საინტერესო საქმე ეს არ იყო, მაგრამ ხანდახან ისეთ წყაროს გადააწყდებოდი ხოლმე, რომ მერე მთელი დღეები იქ ამოკითხულ ამბებზე ფიქრობდი. ერთხელ, მავანი რუსი გენერლის ჩანაწერებს მივაგენი, რომელიც მეფის რუსეთის არმიის მიერ ერევნის აღების პერიპეტიებს საკმაოდ საინტერესოდ აღწერდა. გენერალი ახსენებდა ქართველ ოფიცერს - გვარად ბარაბაძეს, რომელიც ბრძოლის დროს ძალიან დაიქანცა და რაკი მტერმა ცხენიც მოუკლა, ილაჯგაწყვეტილ ბარაბაძეს ისღა დარჩენოდა, მკვდარი ცხენის უნაგირზე ჩამომჯდარიყო და მიქელ - გაბრიელს ასე ჩამომჯდარი დალოდებოდა.
მოდით მაინცადამაინც მკაფიო პარალელებს ნუ გავავლებთ ორ დაქანცულ, ცნობილ ქართველ ბარაბაძეს შორის, რომელთაგან ერთმა ცხენის უნაგირზე ჩამოჯდომა არჩია, მეორე კი, შვეიცარიის ახალგაზრდულ ნაკრებთან შესაცვლელი გახდა. თუმცა, მატჩი დაიწყო თუ არა, რატომღაც მსწრაფლივ, სწორედ ის ოფიცერი ბარაბაძე გამახსენდა და მთელი თამაშის განმავლობაში, ჩემი ფიქრი ალყადარტყმულ ერევნის ციხესთან უნაგირზე ჩამომჯდარ ბარაბაძეს დასტრიალებდა.
წერას უკვე სადაცაა დავსრულებ და როგორც ხედავთ, კონკრეტულად საქართველო - შვეიცარიის მატჩზე, პრაქტიკულად, არაფერი მითქვამს. ანდა, ახალი რა უნდა ვთქვა – თამაში, ალბათ, ბევრმა ნახეთ და ჩემი კოლეგების მიერ დაწერილ საინტერესო მიმოხილვებსაც გაეცნობოდით. შვეიცარიასთან მატჩში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ის ფეხბურთი ითამაშა, რაც შეეძლო და რისი თავიც ჰქონდა. ტყუილი ილუზიების გაჩენა და ვინმესთვის რაიმეს დაბრალებას აზრი ნამდვილად არა აქვს. ბოლოს და ბოლოს, კატასტროფული არაფერი მომხდარა და ჩვენი გუნდი რომც ვერ გავიდეს ევროპის ჩემპიონატზე, (თუმცა, იმედი ჯერ კიდევ არის) არც ეს იქნება დიდი ტრაგედია. ოთარ გაბელიამ ამ დაულაგებელ სიტუაციაში კიდევ ბევრი შეძლო, მე თუ მკითხავთ.
...მაგრამ, ვერაფრით ვერ ვივიწყებ ამ აკვიატებულ ოფიცერ ბარაბაძეს. სამწუხაროდ, რუსი გენერალი აღარ წერს, ის ბარაბაძე ცოცხალი გადაურჩა თუ არა მტერს... არა რა, ქართველები მართლა მაგარი ხალხი ვიქნებით, გადამწყვეტ მომენტში მკვდარი ცხენის უნაგირზე ჩამოჯდომა რომ არ გვჩვეოდეს...
ლევან სეფისკვერაძე







