კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა, რომ 22 წლის შემტევი ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა კარიერას მიუნხენის “ბაიერნში” განაგრძობს. ტრანსფერის თანხამ 25 მილიონი ევრო შეადგინა.
რაც აქამდეც მოსალოდნელი იყო, დღეს ოფიციალურად დადასტურდა. “ბარსელონა” და “ბაიერნი” ტიაგოს ტრანსფერზე შეთანხმდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 18 მილიონი ევრო იყო, “ბაიერნი” – რომელსაც პეპ გვარდიოლა წვრთნის – “ბარსელონასთან” ურთიერთობის გაფუჭებას მოერიდა და კატალონიურ კლუბთან მოლაპარაკების შედეგად, 7 მილიონით მეტის გადახდას დასთანხმდა.
“ბაიერნის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ტიაგო მიუნხენში უახლოეს მომავალში ჩავა და გერმანულ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
გუნდებმა შეთანხმებაში ერთი ამხანაგური მატჩის გამართვის ვალდებულებაც ჩადეს, რომელიც უახლოესი 4 წლის განმავლობაში შედგება.
ტიაგო ალკანტარა “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია. გასულ სეზონში, მან 36 მატჩში 3 გოლი გაიტანა. ბრაზილიური ფესვების მქონე ფეხბურთელთან აქამდე არსებული კონტრაქტის თანახმად, მისი გამოსასყიდი თანხა 90 მილიონი ევრო იყო, მაგრამ ვინაიდან მან გასულ სეზონში თამაშების 60%-ში არ ითამაშა, 1 აგვისტომდე, ეს თანხა 18 მილიონამდე შემცირდა, რითიც “ბაიერნმა” ისარგებლა.






