ბოლო სეზონები: ახალგაზრდული ენრეგია და ტალანტი
რამდენიმე წლის წინათ, “ოკლაჰომას” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, სრულიად ახალი გუნდი აეშენებინა, რომელიც ძირითადად ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშეებით იქნებოდა დაკომპლექტებული. შესაბამისად, ოკლაჰომელები გამოეთხოვნენ წამყვან მოთამაშეებს და დრაფტზე რამდენიმეწლიანი წარმატებული მუშაობის შედეგად, “თანდერის” რიგები შეავსეს კევინ დურანტმა, რასელ ვესტბრუკმა და ჯეიმს ჰარდენმა. დადებითმა შედეგმაც არ დაახანა. 2010 წელს გუნდმა პლეი ოფში გააღწია, 2011-ში - კონფერენციის ფინალს უწია, ხოლო გასულ სეზონში სუპერფინალში “მაიამისთან” დამარცხდა.
მიუხედავად “ოკლაჰომას” ყოველწლიური პროგრესისა, კლუბმა მაინც ვერ მოახერხა თავისი ერთ-ერთი ლიდერის, ჯეიმს ჰარდენის შენარჩუნება. ხელმძღვანელობამ მას 4-წლიანი და 52-მილიონდოლარიანი კონტრაქტი შესთავაზა, რაზეც ახალგაზრდა უკანახაზელმა უარი განაცხადა და 60 მილიონი მოითხოვა. სახელფასო ჭერი არ იძლეოდა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალებას და შედეგად, რეგულარული სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ჰარდენი “ჰიუსტონში” კევინ მარტინზე, ჯერემი ლემბზე და მომავალი წლის დრაფტის პირველი რაუნდის ორი არჩევანის უფლებაზე გაცვალეს.
მთავარი მწვრთნელი: სკოტ ბრუქსი
გასული სეზონი სკოტ ბრუქსისთვის საუკეთესო გამოდგა სამწვრთნელო კარიერაში, მისმა “ოკლაჰომამ” ხომ სუპერფინალურ სტადიას უწია. თუმცა მეორე მხრივ, “თანდერმა” ამ წარმატებას გუნდში არსებული მოთამაშეების ინდივიდუალური ქმედებებით უფრო მიაღწია, ვიდრე მთავარი მწვრთნელის სწორი ტაქტიკური გადაწყვეტილებებით. ეს ალბათ ბრუქსის გამოუცდელობას და გუნდში ავტორიტეტის ჯერჯერობით არქონას უნდა მივაწეროთ. “მაიამისთან” დაპირისპირებაში წარმატების მისაღწევად ყველაზე მეტად ხომ გუნდური თამაშის ელემენტები დააკლდა “თანდერს”.
უკანა ხაზი: რასელ ვესტბრუკი, ტაბო სეფოლოშა, კევინ დურანტი
“ოკლაჰომას” გამთამაშებლის პოზიციაზე ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო პირველი ნომერი ჰყავს რასელ ვესტბრუკის სახით. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, მან უკვე მოასწრო ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებში დამკვიდრება და თურქეთში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოგებაც. რასელი ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი და მოქნილი გახლავთ, ძალიან მაღალი პროცენტული მაჩვენებლით ესვრის როგორც შორეული, ასევე საშუალო დისტანციებიდან, სწრაფი ფეხების ხარჯზე რასელი სწრაფად გადადის კონტრიერიშზე და ხშირად წარმატებით ამთავრებს შეტევებს 3-წამიან ზონაში. როგორც პერსონალური, ასევე პოზიციური დაცვისას, საკმაოდ ძლიერია, მისი მთავარი ნაკლი კი არატაბილურობაა. ვესტბრუკს შეუძლია, მარტომ მოიგოს მატჩი, მაგრამ თამაში თუ არ გამოსდის, მაშინ აბსოლიტურად “ეთიშება” შეხვედრაში მიმდინარე ყველა მოვლენას და “თანდერს” მძიმე მდგომარეობაში აყენებს.
ტაბო სეფოლოშა შვეიცარიელი გახლავთ და გასულ სეზონში იგი სასტარტო ხუთეულში დამკვიდრდა. მისი მთავარი მოვალეობა ძირითადად დაცვაში კარგი გარჯა და მეტოქეთა სნაიპერი ვარსკვლავების თამაშიდან “გამოთიშვა” გახლავთ. სეფოლოშა ამ მოვალეობას თავს ძალიან კარგად ართმევს და ხშირად მისი ნატყორცნი “ბომბა” სამქულიანები მნიშვნელოვან დახმარებას უწევს “თანდერს” შეტევაში თამაშისას.
კევინ დურანტი მთავარი მამოძრავებელი ძალაა დღევანდელი “ოკლაჰომასი”, მეტწილად სწორედ მის ინდივიდუალურ ქმედებებზეა დამოკიდებული გუნდის საბოლოო შედეგი. დურანტმა 2011-12 წლების სეზონში ძალიან მოუმატა დაცვაში თამაშისას, გრძელი ხელებით გაცილებით ხშირად ახორციელებს ჩაჭრებს და უკეთესად არჩევს პოზიციას - თუ სად უნდა დახვდეს ფარიდან ასხლეტილ ბურთს. მან მოუმატა ასევე სისწრაფეში და რაც მთავარია, დაუგროვდა სათამაშო გამოცდილება. ეს კიდევ არ არის მისი პიკი, კევინი აუცილებლად გააგრძელებს პროგრესირებას და წლის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც მისგან შორს აღარაა. გასულ სეზონში ხომ კევინს ამ მიზნამდე ასე ცოტა დააკლდა. მიუხედავად ყველაფრისა, დურანტის სტატისტიკა ძალიან სოლიდურია - 28 ქულა, 8 მოხსნა, 3,5 შედეგიანი გადაცემა და 1,2 დაფარება.
წინა ხაზი: სერჟ იბაკა, კენდრიკ პერკინსი
სერჟ იბაკა წარმოშობით კონგოელი გახლავთ, აფრიკის კონტინენტზე მძიმე და ტრაგიკული ბავშვობის პერიოდში იგი არაერთხელ გადაურჩა სიკვდილს, თუმცა გაუმართლა - ერთ-ერთ კემპზე ევროპელმა სკაუტებმა შეამჩნიეს და ახალგაზრდა პერსპექტიული კალათბურთელი ბებერ კონტინენტზე სათამაშოდ მიიწვიეს. ესპანეთში არაერთი წარმატებული სეზონის შემდეგ, იგი ოკეანის გაღმაც შენიშნეს და 2009 წელს “ოკლაჰომაში” აღმოჩნდა. კლუბში სერჟმა მისვლისთანავე გაამართლა მასზე გაცემული ავანსები და 3-წამიანი ზონის ნამდვილი ბატონ-პატრონად იქცა. იგი ერთნაირად საშიში და აგრესიულია როგორც საკუთარ ფარზე, ასევე შეტევაში, ხშირად იბაკა დიდი გულუხვობით “აჯილდოვებს” ბლოკ-შოტებით მეტოქე კალათბურთელებს. “სპურსთან” კონფერენციის ფინალური დაპირისპირებისას მისი კარგი თამაში ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა სერიაში წარმატების მისაღწევად.
კენდრიკ პერკინსის სახით “თანდერმა” მიიღო მძიმეწონოსანი, დომინანტური ტიპის ცენტრი, რომელიც დაცვაში გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე შეტევაში. იგი საკმაოდ ნელია, თუმცა პოზიციური შეტევისას შეუძლია, აქტიური ქმედებებით მიიზიდოს თავისკენ რამდენიმე მოწინააღმდეგე და ისინი ფოლებით დატვირთოს. არცთუ კარგი პროცენტული მაჩვენებლით ისვრის საჯარიმო ტყორცნებს. თუ შეძლებს და საშუალო ტყორცნასაც (ფარიდან 3 მეტრის რადიუსში მაინც) გააუმჯობესებს, მაშინ შეეძლება მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიოს გუნდს მომავალ სეზონში.
სათადარიგო მოთამაშეები: ერიკ მეინორი, კევინ მარტინი, ჯერემი ლემბი, ნიკ კოლისონი
ვესტბრუკის მთავარი ალტერნატივა გუნდში 25 წლის ერიკ მეინორი გახლავთ, მას მომავალ სეზონში სავარაუდოდ დიდი სათამაშო დრო არ მიეცემა, თუმცა როცა პარკეტზე გასვლა მოუწევს, უნდა ეცადოს, ინდივიდუალური ოსტატობა გვერდზე გადადოს და ძირითადი აქცენტი თანაგუნდელების შედეგიანი და მახვილგონივრული პასებით მომარაგებაზე გააკეთოს.
გუნდის ახალწვეულ კევინ მარტინს შეუძლია მნიშვნელოვნად გააძლიეროს “ოკლაჰომას” თამაში. შესაშური ინსტინქტები, სწრაფი ფეხები, საკმაოდ კარგი შორეული ტყორცნა და ბრწყინვალე დრიბლინგი გვაფიქრებინებს, რომ იგი რეგულარულის მეორე ნახევარში სასტარტო ხუთეულში მსროლელის პოზიციაზე დაიმკვიდრებას შეძლებს.
ჯერემი ლემბი 2012 წლის დრაფტზე მეთორმეტე ნომრად აირჩიეს, იგი უნივერსალი მოთამაშე გახლავთ, შეუძლია შეტევაში სამწამიან ზონაში დრიბლინგის ხარჯზე შეჭრა და იქ კომბინაციის წარმატებით დამთავრება, საკმაოდ კარგად ისვრის სამქულიანებს, მისი სათამაშო სტილიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ხშირად მოუწევს საჯარიმო ხაზზე დადგომა. ლემბის თამაშიდან ზუსტი ტყორცნების პროცენტული მაჩვენებელი 47%-ს უტოლდება, რაც საკმაოდ მაღალი შედეგიანობაა.
ნიკ კოლისონი ყველაზე სასარგებლო სწორედ მაშინაა, როდესაც სათადარიგოთა სკამიდან ერთვება მატჩში. იგი აგრესიულია დაცვაში და საიმედოა ფარქვეშ. მისნაირ “მაღალს” სათადარიგოთა სკამზე ბევრი მთავარი მწვრთნელი ინატრებდა, თუმცა საშუალო დისტანციიდან ტყორცნა მასაც გამოსასწორებელი აქვს.
გუნდის სასტარტო ხუთეული: რასელ ვესტბრუკი – ტაბო სეფოლოშა – კევინ დურანტი – სერჟ იბაკა – კენდრიკ პერკინსი.
გუნდის ლიდერების სტატისტიკური მონაცემები საშუალოდ მატჩში:
ქულები: დურანტი 27,5
მოხსნები: დურანტი 9,2
გადაცემები: ვესტბრუკი 6,3
ჩაჭრები: ვესტბრუკი 1,9
დაფარებები: იბაკა 3,2
დაკარგვები: ვესტბრუკი 3,5
დასკვნა: “ოკლაჰომა” 2012-13 წლების სეზონის სტარტზე ჩემპიონობის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია და მისიMმთავარი კოზირი ახალგაზრდული ენერგია და ნიჭი გახლავთ. მწვრთნელი შედარებით სუსტია, იგი აშკარად ვერ აკმაყოფილებს საჩემპიონო გუნდის ამბიციებს, რაც შეიძლება კიდევ ერთხელ გამოჩნდეს პლეი ოფში. რეგულარულის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გუნდის და მთლიანად ნბა-ს საუკეთესო მეექვსე მოთამაშის, ჯეიმს ჰარდენის დაკარგვა სერიოზული დარტყმა იქნება “თანდერისთვის”, თან თუ გავითვალისწინებთ დასავლეთში მისი კონკურენტების გაძლიერებას.
გიორგი ბარბაქაძე









