ზამთრის არდადეგებამდე, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი ბოლო ანტრაქტზე გავიდა. მოგეხსენებათ, ქვეყნის მთავარი ნაკრები 17 ნოემბერს წლის დასკვნით ტესტ-მატჩს სლოვენიაში გამართავს. ამ მატჩისთვის რომ უკეთ მომზადების საშუალება მისცემოდა, “ჯვაროსანთა” თავკაცმა პროფლიგას თხოვნით მიმართა - 13 და 14 ნოემბერს დანიშნული XIV ტურის შეხვედრები ადრე ჩაეტარებინა. უმაღლესი ლიგის კლუბები გაგებით მოეკიდნენ ეროვნული გუნდის ინტერესებს და “ევროპულად” შემჭიდროვებულ ვადებში 14-14 თამაში მოილიეს.
ბოლო ტურში, რუსთავმა ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ დაპირისპირებას უმასპინძლა. “ფოლადზე”, თვეზე მეტხანს (25 სექტემბრიდან) ცხრილის პირველ საფეხურზე მყოფი “ზესტაფონი” ადგილობრივ “ოლიმპს” სტუმრობდა. შეგახსენებთ, რომ მე-7 ტურში, იმერლებმა სწორედ ქვემოქართლელებს დაათმობინეს პირველობა.
“მსოფლიო სპორტი” მანამდეც არაერთხელ აღნიშნავდა, რომ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რეალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მათი სამ ჯგუფად დაყოფა შეიძლება. პირველში, გათამაშების ცხრილის ზედა სამეულში მყოფები უნდა გაწევრიანდნენ - ძნელი სავარაუდოა, მათ საჩემპიონო დაპირისპირებაში რომელიმე ქვემოთ მყოფი გაერიოს.
მეორე ჯგუფი - IV-IX ადგილები, ამ ეტაპზე მეტნაკლებად თანაბარი ძალის გუნდებითაა დაკომპლექტებული. დაგროვილი ქულებით თუ ვიმსჯელებთ, მათგან ყველას შეუძლია საევროტურნირო მე-4 ადგილისთვის ბრძოლა (ესეც იმ შემთხვევაში, თუ თასს პირველ სამეულში გასული რომელიმე გუნდი დაეუფლება). თუმცა, გაზაფხულზე ამ ჯგუფიდან ყველა ვარიანტში გამოიკვეთებიან ისეთებიც, რომლებსაც უმაღლეს ლიგაში დასარჩენად მოუწევთ გადამწყვეტი პაექრობების ჩატარება.
მესამე ე.წ. ჯგუფის უალტერნატივო წარმომადგენელს ცხინვალის “სპარტაკს” რაც შეეხება, აქედანვე ჩანს, მას დიდი ძალისხმევა მოუწევს, რათა მომავალი წლის მაისში პირველ ლიგაში დასაქვეითებელთა რიგებში არ აღმოჩნდეს. არც ისაა გამორიცხული, განსაკუთრებით მოწინავე სამეულს ქვემოთ მყოფებმა, ზამთრის შესვენებისას შემადგენლობებში იღბლიანი გადაადგილებები მოახერხონ და თებერვლიდან სამომავლო მიზანში კორექტირებაც შეიტანონ.
წინასწარი ინფორმაციით, ამ მხრივ ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება ქუთაისის “ტორპედოს” მიმართ შეიძლება. როგორც კლუბის მეპატრონის, კომპანია “ვისოლის” წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი სერიოზულ გაძლიერებას გეგმავენ. თავად განსაჯეთ - გუნდს, რომელიც საკმაოდ ცოტა გოლს უშვებს (14 მატჩში ქუთათურებმა მხოლოდ ერთხელ გაუშვეს ერთზე მეტი (2) გოლი, შვიდში კი კარი “მშრალად” შეინახეს), ყველაზე ცოტა - 8 გოლი აქვს გატანილი. სიახლეებს, უპირველესად “ტორპედოს” “შემოქმედებით” რგოლში უნდა ველოდოთ.
დაცვის საიმედოობის მხრივ, ზუსტად ქუთაისელთა მსგავსი მაჩვენებელი აქვს საქართველოს 13-გზის ჩემპიონ თბილისის “დინამოს”. რაც შეეხება, საკუთარი კარის “მშრალად” ყველაზე ხშირად შემნახველ გუნდს, იგი ბოლნისის “სიონია” - 8.
XXII ეროვნულ ჩემპიონატზე დღემდე გამართულ 70 შეხვედრაში 39 მასპინძელმა გუნდმა მოიგო, სტუმარმა - 13. სულ 152 გოლი გავიდა (97:55 შინ მოთამაშეთა სასარგებლოდ), რაც ერთ მატჩში საშუალოდ 2,17-ს შეადგენს.
ჩემპიონატში, ჯერჯერობით, მხოლოდ 2 ავტოგოლია (სრულ გასულ სეზონში 4 იყო) დაფიქსირებული და ორივე ზუგდიდის “ბაიასთანაა” უშუალო კავშირში. ბოლნისის “სიონის” ვეტერანმა გივი დიდავამ, გოლი საკუთარ კარში “ბაიას” სასარგებლოდ გაიტანა, ხოლო ჩემპიონატში მოთამაშე კიდევ ერთმა ვეტერანმა - “ბაიას” რიგებში მოთამაშე დავით ჭიჭვეიშვილმა, ბურთი საკუთარ კარში ცხინვალის “სპარტაკთან” თამაშისას ჩაჭრა.
გოლის მეტოქის კარში გამტანებს რაც შეეხებათ, აქ 4 გუნდის გამორჩევა შეიძლება, რომელთა ფეხბურ¬თელებმა ყველაზე მეტი დუბლის შესრულება შეძლეს. ამ მხრივ, 4 “ტყუპი” გოლით “ზესტაფონი” ლიდერობს - ნიკოლოზ გელაშვილი, რატი წინამძღვრიშვილი, თორნიკე აფციაური, ჯაბა დვალი; 3 დუბლია ზუგდიდის “ბაიას” ყოფილ და ახლანდელ ფეხბურთელთა ანგარიშზე - გია მეგრელაძე (2), დათა რიგვავა; 2-ჯერ გამოიჩინეს თავი თბილისის “ვიტ ჯორჯიას” მოთამაშეებმა - ვახტანგ კვარაცხელიამ (იგი ახლა “ტორპედოშია”) და ჯაბა ლიპარტიამ; რაც შეეხება რუსთავის “ოლიმპისა” და საერთოდ მიმდინარე ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლე ირაკლი მოდებაძეს, იგი ერთადერთია, ვინც ერთ მატჩში ჰეთ თრიქი შეასრულა. ამავე დროს მისსავე ანგარიშზე დუბლიცაა.
მსაჯებმა განვლილ 70 შეხვედრაში 13 პენალტი დანიშნეს. აქედან დამრტყმელებმა 4 ვერ გაიტანეს (გასულ სეზონში სულ 39 პენალტი დაინიშნა, საიდანაც 6-მა დარტყმამ ვერ მიაღწია მიზანს). 11-მეტრიანის დარტყმის უფლება ჯერ არ მიუღიათ “ზესტაფონს”, “სიონსა” და “ტორპედოს”. რაც შეეხება პენალტის ყველაზე მეტჯერ დამრტყმელებს, აქ რუსთავის “ოლიმპი” ლიდერობს - 3. კიდევ ოთხ გუნდს მიეცა 11-მეტრიანის 2-ჯერ დარტყმის საშუალება - “ბაიას”, “დინამოს”, “ვიტ ჯორჯიას” და “სამტრედიას”. სხვათა შორის, სამტრედიელებს (ქებაძე, ბაკარანძე) ორივეჯერ გაუცუდდათ პენალტის ნიშნულიდან დარტყმული.
|
შინ |
სტუმრად |
საერთო |
|||||||||||||||||||
| 1 | ოლიმპი | 7 | 6 | 1 | 0 | 11-1 | 19 | 7 | 2 | 2 | 3 | 11-12 | 8 | 14 | 8 | 3 | 3 | 22-13 | 27 | ||
| 2 | დინამო | 7 | 5 | 2 | 0 | 14-4 | 17 | 7 | 2 | 3 | 2 | 5-4 | 9 | 14 | 7 | 5 | 2 | 19-8 | 26 | ||
| 3 | ზესტაფონი | 5 | 4 | 0 | 1 | 9-2 | 12 | 9 | 4 | 1 | 4 | 14-10 | 13 | 14 | 8 | 1 | 5 | 23-12 | 25 | ||
| 4 | სიონი | 8 | 4 | 2 | 2 | 8-7 | 14 | 6 | 1 | 3 | 2 | 3-6 | 6 | 14 | 5 | 5 | 4 | 11-13 | 20 | ||
| 5 | ვიტ ჯორჯია | 7 | 5 | 0 | 2 | 13-10 | 15 | 7 | 1 | 1 | 5 | 3-9 | 4 | 14 | 6 | 1 | 7 | 16-19 | 19 | ||
| 6 | ბაია | 8 | 4 | 3 | 1 | 10-8 | 15 | 6 | 1 | 1 | 4 | 5-9 | 4 | 14 | 5 | 4 | 5 | 15-17 | 19 | ||
| 7 | ტორპედო | 7 | 2 | 5 | 0 | 4-2 | 11 | 7 | 2 | 1 | 4 | 4-6 | 7 | 14 | 4 | 6 | 4 | 8-8 | 18 | ||
| 8 | კოლხეთი | 7 | 4 | 1 | 2 | 10-5 | 13 | 7 | 0 | 3 | 4 | 3-15 | 3 | 14 | 4 | 4 | 6 | 13-20 | 16 | ||
| 9 | სამტრედია | 7 | 4 | 1 | 2 | 8-6 | 13 | 7 | 0 | 2 | 5 | 6-14 | 2 | 14 | 4 | 3 | 7 | 14-20 | 15 | ||
| 10 | სპარტაკი | 7 | 1 | 3 | 3 | 10-10 | 6 | 7 | 0 | 1 | 6 | 1-12 | 1 | 14 | 1 | 4 | 9 | 11-22 | 7 | ||
შენიშვნები:
•პროფლიგის რეგლამენტით, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით: 1. მოგებათა მეტი რაოდენობა; 2. უშუალოდ ერთმანეთში შეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა, ბურთების სხვაობა); 3. ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა; 4. გატანილი გოლების რაოდენობა; 5. სტუმრად გატანილი გოლების რაოდენობა; 6. ფეირ ფლეის პრინციპი; 7. კენჭისყრა;
•ოთხი წრის შედეგების მიხედვით ბოლო ორ ადგილზე გასული გუნდი XXIII ჩემპიონატში პირველ ლიგაში დაქვეითდება, ხოლო სეზონის მე-8 ადგილზე დამამთავრებელი გუნდი პირველი ლიგის მესამეადგილოსანთან ერთ შეხვედრაში გაარკვევს - შეინარჩუნებს ადგილს უმაღლესში, თუ ახალი სეზონიდან დაბალ ლიგაში მოუწევს ასპარეზობა.
ბომბარდირები
ირაკლი მოდებაძე (ოლიმპი) - 8 (1 პენალტით), გიორგი მეგრელაძე (ბაია) - 6 (1), ჯაბა ლიპარტია (ვიტ ჯორჯია) - 5 (1), ნიკოლოზ გელაშვილი (ზესტაფონი) - 4, ვახტანგ კვარაცხელია (ვიტ ჯორჯია, ტორპედო) - 4, რატი წინამძღვრიშვილი (ზესტაფონი) - 4, თეიმურაზ შონია (სპარტაკი) - 4 (1), ლევან ხმალაძე (დინამო) - 4 (2), თორნიკე აფციაური (ზესტაფონი) - 3, ჯაბა დვალი (ზესტაფონი) - 3, ალექსანდრე კოშკაძე (დინამო) - 3, ირაკლი ლექვთაძე (დინამო) - 3, დათა რიგვავა (ბაია) - 3, შოთა ჩომახიძე (სამტრედია) - 3, დათა სიჭინავა (კოლხეთი) - 3 (1).
ფრიდონ კერვალიშვილი









