ჭიდაობა ამოღებულ იქნება 2020 წლის ოლიმპიადის პროგრამიდან – ეს რბილად რომ ვთქვათ უცნაური გადაწყვეტილება შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მიმდინარე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე იქნა მიღებული.
შეხვედრის წინ ცნობილი გახდა, რომ ე.წ. “რისკიან სპორტთა” სამეულში ჭიდაობა, თანამედროვე ხუთჭიდი და ტაეკვონდო შედიოდნენ, 15-კაციანმა საბჭომ კი მძიმე ვერდიქტი ჭიდაობას გამოუტანა, რაც ყველასათვის მოულოდნელ ნაბიჯად იქცა.
აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება არგენტინის ქალაქ ბუენოს-აირესში სექტემბერში დაგეგმილ სპეციალურ შეხვედრაზე იქნება მიღებული და შესაძლოა, რაღაც შეიცვალოს, სადღეისოდ კი ასეა: ჭიდაობა ოლიმპიადის მიღმა რჩება, გამოთავისუფლებული ადგილისთვის კი სოფტბოლი/ბეისბოლი, უ-შუ, სპორტული მეკლდეურობა, გორგოლაჭებიანი სპორტები, სქვოში, კარატე და წყლის დაფებზე სრიალი იბრძოლებენ.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადების სახეობებში ბოლო ცვლილებები 2010 წელს მოხდა, როდესაც 2016 წელს ბრაზილიის ქალაქ რიო დე ჟანეიროში დაგეგმილ თამაშებში გოლფი და შვიდკაცა რაგბი შეიტანეს.







