საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის (თავმჯდომარე რევაზ რობაქიძე) მიწვევით, დღეს ქუთაისში 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ერთადერთი ქართველი ტრიუმფატორი, ძიუდოში 66 კგ. წონით კატეგორიაში გამარჯვებული ლაშა შავდათუაშვილი, მის მთავარ მწვრთნელთან, ნიკო ბიბილაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
შეხვედრები ოლიმპიური სკვერიდან დაიწყო, სადაც ლაშა შავდათუაშვილმა ქუთაისელი ოლიმპიური ჩემპიონების ვარსკვლავები დაათვალიერა და მასპინძელთაგან დაპირებაც მიიღო, თუკი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდება, სკვერში მასაც გაუხსნიან ვარსკვლავს.
ოლიმპიურ ჩემპიონს და მის დამრიგებელს გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს ქუთაისის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, სადაც სპორტსმენი, თითქმის ერთი საათის განმავლობაში ამომწურავად, გულწრფელად პასუხობდა სტუდენტთა შეკითხვებს. შეგირდის შესახებ საკმაოდ ბევრი ისაუბრა ნიკო ბიბილაშვილმა.
უნივერსიტეტიდან, სტუმრებმა სპორტის მუზეუმში გადაინაცვლეს. ლაშა შავდათუაშვილმა მუზეუმს ის მაისური უსახსოვრა, რომელიც ლონდონში, საპატიო კვარცხლბეკზე დაჯილდოებისას ეცვა. ამის შემდეგ, ოლიმპურმა ჩემპიონმა ბაგრატის ტაძარი მოინახულა, მერე კი ,,ვი თი ბი” ბანკის თანამშრომლებს შეხვდა, მათგან საჩუქარი მიიღო და თავის მხრივ, ბანკირის დღე მიულოცა მათ.
200-ზე მეტი ნორჩი სპორტსმენი გულთბილად შეეგება ოლიმპიურ ჩემპიონს ძიუდოს სკოლის ახალ, კეთილმოწყობილ დარბაზში. ლაშა შავდათუაშვილმა მომავალ ტატამის ოსტატებს წარმატებები უსურვა.
,,ქუთაისში ჩამოსვლაზე სიამოვნებით დავთანხმდი. ძალიან მოხიბლული ვარ. უდიდეს სიხარულს განიცდი, როდესაც ხალხი გცნობს, სიყვარულით გესალმება. არასოდეს დამავიწყდება დღევანდელი სტუმრობა. ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო. იმედია, ყველა გულშემატკივარს ახალი გამარჯვებებით გავახარებ”, - გვითხრა დამშვიდობებისას ოლიმპიურმა ჩემპიონმა.
იუზა კაციტაძე ქუთაისიდან
ავტორის ფიტოები







