23 ივნისს, საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და თბილისი 2015-ის ორგანიზებით თბილისში მასშტაბური ოლიმპიური გარბენი გაიმართა, რომელშიც 1000-მდე მონაწილე ჩაერთო, მათ შორის სეოკ-ისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები, ასევე ოლიმპიური ჩემპიონები შოთა ხაბარელი, ვახტანგ ბლაგიძე და კახი კახიაშვილი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ახალგაზრდა სპორტსმენები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები და მოხალისეები.
დილის 11 საათზე მონაწილეებმა სტარტი ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღეს. ფინიში კი 3200 მეტრში, მტკვრის სანაპიროზე, “მშვიდობის ხიდთან” იყო.
მარათონის დაწყებისთანავე ჟურნალისტები ფინიშის ხაზისკენ სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსით, შემოვლითი გზით გავემგზავრეთ, ჩემპიონის გამოვლენისთვის რომ მიგვედევნებინა თვალი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტი ერთი წამიც არ დაგვიკარგავს, გამარჯვებულს მაინც ვერ მივუსწარით. გიორგი შეკრელიძემ დისტანცია წარმოუდგენლად მცირე დროში – 8 წუთსა და 23 წამში დაფარა და უახლოეს მდევარს ლამის ნახევარი წუთით გაუსწრო.
შეკრელიძეს ღონისძიების გენერალური სპონსორის, კომპანია "სამსუნგ ელექტრონიქსის" მიერ დაწესებული მშვენიერი პრიზი - “გალაქსი შ4“ გადაეცა. სპეციალური პრიზებით დასაჩუქრდნენ პრიზიორები და სხვადასხვა ნომინაციებში გამორჩეული მონაწილეები. დაჯილდოების ცერემონია რიყის პარკში შედგა და იგი საკონცერტო პროგრამამ კიდევ უფრო გაალამაზა.
ოლიმპიური გარბენი საქართველოში, 1994 წლიდან ტრადიციულად იმართება.







