საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, 23 ივნისს საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი მასობრივი ღონისძიება გაიმართება. ოლიმპიური გარბენი, რომელიც მთელ მსოფლიოში იმართება ხოლმე, წლეულს საქართველოს რამდენიმე ქალაქშიც შედგება.
ყველაზე მასშტაბური თბილისური ღონისძიება იქნება. მასში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. დილის 11 საათზე გარბენის მონაწილეები სტარტს ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებენ. ფინიშის ხაზი კი “მშვიდობის ხიდთან” იქნება. ვინც 3,2-კილომეტრიან დისტანციას ყველაზე სწრაფად დაფარავს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპონსორ “სამსუნგ ელექტრონიქსისგან” ბრწყინვალე საჩუქარს - “სამსუნგ გალაქსი 4”-ს მიიღებს. ფასიანი პრიზები სულ ათი ნომინაციის გამარჯვებულებს გადაეცემათ. ამასთან, ყველა მონაწილე მიიღებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დიპლომს, მაისურს და კეპს.
საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით დღეს სეოკ-ის ოფისში სამუშაო შეხვედრა შედგა, რომელშიც მონაწილეობა ოლიმპიური კომიტეტის, სპორტული ფედერაციების, თბილისის მერიის სპორტის სამსახურისა და თბილისი 2015-ის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელებმა მიიღეს.
“23 ივნისს მსოფლიო საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს ზეიმობს და გვინდა, ეს თარიღი საქართველოშიც სათანადოდ აღინიშნოს. ღონისძიების გენერალური სპონსორი “სამსუნგ ელექტრონიქსი” მონაწილეებს დიდ სიურპრიზს უმზადებს და დარწმუნებული ვარ, წინ ძალიან კარგი დღე გველის”, – განაცხადა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, რომელმაც “სამსუნგ ელექტრონიქსის” წარმომადგენლისგან საჩუქრად “გალაქსი 4”-ის ტელეფონი უკვე მიიღო, ოღონდ იქვე პირობა დადო, რომ 23 ივნისის გარბენში თავადაც ჩაერთვება.
კახა ბერიძის ფოტო







