2008 წლის ორი სექტემბერი. მიუნხენის “ალიანს არენა” ოვაციას უმართავს ადამიანს, რომელიც მინდორზე მხრებზე წითელ-თეთრი დროშით მოსხმული ტრიბუნებს უახლოვდება და გულშემატკივარს მადლობას უხდის. “დიდი მადლობა დღევანდელი საღამოსთვის” – ოლივერ კანი ამ სიტყვებით ემშვიდობება ქომაგებს, გასახდელში გადის, სავარძელში ჯდება, ფორთოხლის წვენს მოსვამს და ბუცებს იხდის... ტელეკამერები გამოირთო, მაგრამ მაყურებელი სკანდირებას მაინც განაგრძობს: “ნახვამდის და მადლობა ოლივერ”. მას შემდეგ თითქმის სამი წელი გავიდა...
- 2008 წლის ორი სექტემბრის შემდეგ თქვენი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა?
- სამი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ მოხდა. უცვლელი მხოლოდ ისაა, რომ თავისუფალი დრო ამჟამადაც არ მაქვს. ყოველი დილა ერთნაირად მეწყება – ვიხსენებ, რამდენი საქმიანი შეხვედრა და ინტერვიუ მაქვს დანიშნული. შემდეგ შინ ვბრუნდები და Master of Business Administration-ის კურსის დავალებებს ვსწავლობ. შემდეგ რამდენიმე ბიზნეს-პროექტზე მუშაობას ვიწყებ. ეს პროცესი გვიანობამდე გრძელდება. ასეა ყოველდღიურად.
- აღარ ვარჯიშობთ?
- სპორტს კვლავინდებურად დიდ ყურადღებას ვუთმობ. ფიტნეს კლუბში დავდივარ, სუფთა ჰაერზე სირბილსაც არ ვივიწყებ, ვთამაშობ გოლფს. თუმცა, ვაღიარებ, როდესაც აქტიურ საფეხბურთო კარიერას ვეწეოდი, გოლფისთვის მეტი დრო მრჩებოდა.
- უკვე რამენიმე წელია, ტელევიზიაში მუშაობთ. კომენტატორის როლში თავს კომფორტულად გრძნობთ?
- ZDF-ის არხზე მუშაობა მართლაც დიდ სიამოვნებას მგვრის. ჩემ მოვალეობაში გერმანიის ეროვნული გუნდის თამაშის ანალიზი შედის. საქმეში ჩაუხედავი ადამიანისთვის ეს იოლი საქმეა, მაგრამ ასე ნაღდად არაა. საფეხბურთო ნიუანსები ტელემაყურებელთა სოლიდურ ნაწილს არ ესმის, ამიტომაც მათ დეტალურად უნდა აუხსნა ყველა დეტალი, გააგებინო გულშემატკივარს, კანონზომიერია თუ არა მინდორზე მიმდინარე მოვლენები. სირთულეების არასდროს მეშინოდა და ახალ რთულ პროფესიასაც სრული პასუხისმგებლობით მოვეკიდე.
- ფეხბურთელთა უმრავლესობა, აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ბიზნესმენობას იწყებს. თქვენც ეს სფერო აირჩიეთ. კონკრეტულად რას საქმიანობთ?
- ჯერ კიდევ სამი წლის წინ პარტნიორებთან ერთად, რეალითი-შოუ დავაფუძნეთ, რომელიც ახალგაზრდა, დამწყებ მოთამაშებს “დიდი ფეხბურთისკენ” უხსნის გზას. პროექტი ჩინეთში დავიწყეთ, შემდეგ კი გერმანულ ტელეარხზეც გავუშვით. გითხრათ სიმართლე, ასეთი სახის გადაცემები მრავლადაა, ოღონდ, თუკი სხვები ნიჭიერ მუსიკოსებს, მოდელებს ეძებენ, ჩვენ ფეხბურთელთა გამოვლენა განვიზრახეთ. პროექტი თანდათან ძალას იკრებს და იმედი გვაქვს, ის საერთაშორისოს სტატუსს მიაღწევს.
- გასულ წელს გაყიდვაში გავიდა თქვენი კიდევ ერთი წიგნი – “როგორ მიაღწიო საწადელს”. მოგვიყევით ამ ნაშრომის შესახებ...
- 2009 წელს მონაწილეობა მივიღე პროექტში, რომელიც გერმანიაში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას ეხებოდა. მაშინ ძალიან ბევრ მოზარდთან მქონდა უშუალო კონტაქტი და თქვენ წარმოიდგინეთ, მათგან ბევრი რამ ვისწავლე. წიგნი კი მათ მივუძღვენი. შევეცადე მათთვის ამეხსნა, როგორ მიაღწიონ წარმატებას, შეეგუონ მარცხს, გამოიტანონ სათანადო დასკვნები და წინ წავიდნენ. ეს საკითხები მოზარდებს ძალიან აწუხებთ და შევეცადე მათთვის ჩემი გამოცდილება უშურველად გამეზიარებინა.
- წიგნს ბევრი თქვენი კოლეგაც წერს. მათი უმრავლესობა ამას რომელიმე ჟურნალისტთან თანამშრომლობით აკეთებს. თქვენ თუ გყავთ თანაავტორი?
- ჩემი წინა ნაშრომი, ავტობიოგრაფია, მხოლოდ მე დავწერე. ბოლო ნაშრომს რაც შეეხება, მას თქვენი კოლეგის სახით თანაავტორი ჰყავს.
- თავად თუ კითხულობთ წიგნებს?
- ჩემი საყვარელი მწერალი პაოლო კოელიოა. მას პარიზში შევხვდი და ბრაზილიელმა ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა. ძალიან მაინტერესებს ფილოსოფიაც, ამიტომაც მეცნიერების ამ განხრის ბევრ წიგნს ვკითხულობ.
- 2010 წლის დეკემბერში “კიოლნი” სპორტული დირექტორის პოსტს გთავაზობდათ. ამ კლუბის ემისრები უარით გაისტუმრეთ. რატომ?
- შესაძლოა, სამ-ოთხ წელიწადში ფეხბურთს დავუბრუნდე, სადღეისოდ კი საკუთარი საქმიანობა მაკმაყოფილებს და სიამოვნებას მგვრის. როდესაც საკუთარ ჩანაფიქრს ბოლომდე მივიყვან, რომელიმე კლუბში ადმინისტრაციულ სამუშაოს დავთანხმდები. ისე კი, ფეხბურთთან კავშირი არასდროს გამიწყვეტია – ტელევიზიაში ხომ საფეხბურთო კომენტატორად ვმუშაობ.
- პლანეტის ადამიანთა დიდი ნაწილი ოლივერ კანის გაცნობაზე ოცნებობს. თავად თქვენ ვისთან გსურთ ყველაზე მეტად შეხვედრა?
- ალბათ, ელით, რომ დავფიქრდები და შემდეგ რამდენიმე ადამიანს დაგისახელებთ. ცდებით – ყველაზე მეტად ტაიგერ ვუდსთან მსურს ხანგრძლივი საუბარი. ერთხელ მას უკვე შევხვდი, მაგრამ მცირე ხნით და გასაუბრება ვერ მოვასწარით.
გოჩა კაჭარავა









