საქართველოს ძიუდოისტთა ასაკობრივმა ნაკრებებმა ამ უქმეებზე გამართულ ევროპის თასებზე შედეგიანად იჭიდავეს. ჭაბუკთა გუნდი პოლონეთის ქალაქ ბელსკო-ბიალაში რვაკაციანი შემადგენლობით ჩავიდა და ორი მედალი მოიპოვა. 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლევან არხოზაშვილი ჩემპიონი გახდა, ნიკოლოზ შერაზადიშვილს (81 კგ) კი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად გადამწყვეტი შეხვედრის მოგებაღა დააკლდა და ვერცხლს დასჯერდა.
ახალგაზრდებმა ჭაბუკების შედეგს რაოდენობრივად ვერა, მაგრამ ხარისხით კი აჯობეს. კიევში ჩატარებულ ევროპის თასზე ტატამზე ექვსი ქართველი გავიდა და ორმა მათგანმა - ვაჟა მარგველაშვილმა (60 კგ) და ალექსანდრე ზაალიშვილმა (81 კგ) შეჯიბრება წაუგებლად ჩაიჭიდავა.
ოთარ მაღლაკელიძე







