“დასანანია, მაგრამ ამჯერად ვერცხლი იყოს. ევროპის ჩემპიონი აუცილებლად გავხდები და ურიშევსაც ისე მოვუგებ, რომ მსაჯებმაც ვერაფერი მოიგონონ” – მითხრა დავით მარსაგიშვილმა 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. მაშინ, დორტმუნდში ჩატარებულ ევროპირველობაზე ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ ფინალში რუსეთის ნაკრების წევრთან შეხვედრა ალალად მოიგო, მაგრამ მსაჯებმა გადაწყვეტილება შეხვედრის დასრულების შემდეგ გაურკვეველი მიზეზით შეცვალეს და ქართველ სპორტსმენს უკვე მოპოვებული ოქრო ცხვირწინ ააცალეს.
ევროპული კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დავით მარსაგიშვილი შარშანდელ ჩემპიონატზე ავიდა, იმედგაცრუებიდან ერთი წლის თავზე. დღეს კი თბილისში კონტინენტის პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო და რაც მთავარია, ანზორ ურიშევს ბრწყინვალე ევრორევანში აუღო.
ტურნირის ორი უმთავრესი ფავორიტი თბილისში კენჭისყრამ ბადის ერთ მხარეს მოახვედრა. მათი გზები ერთმანეთს ნახევარფინალში კვეთდა და მიუხედავად იმისა, რომ იქამდე მარსაგიშვილს ორი შეხვედრა ჰქონდა მოსაგები, ხოლო ურიშევს – სამი, ჯერ კიდევ წინასწარი ეტაპის დაწყებამდე ყველა ნანატრ რევანშზე საუბრობდა.
დავით მარსაგიშვილი ჩემპიონატში მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც ავსტრიელ დომინიკ კლაუს პეტერს პატარა ბავშვივით გაუსწორდა – ორივე რაუნდი ერთნაირი ანგარიშით - 7:0, 7:0 მოუგო, ამასთან, საერთო ჯამში 14 ქულის აღებას 93 წამი მოანდომა.
რუმინელ ანდრეი ვიქტორ ფრანტსაც ქულადაუკარგავად გასცდა, ოღონდ პირველ რაუნდში მხოლოდ ერთი ქულა აკმარა, რომელიც ხალიჩის გარეთ გაყვანით აუღო. მეორე ორწუთეულში კი სირენას აღარ დალოდებია, ისე აუგროვა 6 ქულა.
ურიშევმა, რომელიც საქართველოში ევროპის ორგზის ჩემპიონის და თავისი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის რანგში ჩამოვიდა, უნგრელი ვერები, გერმანელი შერეგელი და ბელარუსის სახელით მოჭიდავე გაიდაროვი ჩამოიცილა.
ქართულ-რუსული დაპირისპირების პირველი რაუნდის ბედი ერთადერთმა ქულამ გადაწყვიტა, რომელიც მსაჯმა მარსაგიშვილს პასიური მეტოქის გაფრთხილების გამო მიანიჭა. მეორე პერიოდში ანზორ ურიშევი გააქტიურდა და ქულის აღებაც შეძლო. მალევე მარსაგიშვილმა 3-ქულიანი კონტრ-ილეთით შეატრიალა ანგარიში სათავისოდ და რახან საფინალო სირენამდე ძალიან ცოტა დრო რჩებოდა (დაახლოებით ოციოდ წამი), რუსეთის ნაკრების მწვრთნელებმა ისევ მსაჯების ხარჯზე სცადეს ფონს გასვლა - ილეთი გააპროტესტეს, მაგრამ ამჯერად უსამართლობამ აღარ იზეიმა. უსაფუძვლო პროტესტის გამო ურიშევი კიდევ ერთი ქულით დაისაჯა, რამაც რუსები ისე აღაშფოთა, ერთ-ერთმა მწვრთნელმა ხალიჩის მსაჯს სათვალე ესროლა. მთავარმა მწვრთნელმა სულაც საცემად გაიწია. იმ ტრიბუნიდან კი, სადაც ყაბარდოელებს გაეშალათ თავიანთი დროშა, მსაჯის მისამართით პლასტმასის ბოთლები ისროლეს. სავარაუდოდ, სტუმრების მიზანი მასპინძელთა პროვოკაციაზე წამოგება იყო, მაგრამ საბედნიეროდ, დაძაბულობა ქართველი გულშემატკივრების ჩარევის გარეშე განიმუხტა.
ანზორ ურიშევმა რეპეშაჟის ფინალში გადაინაცვლა. დავით მარსაგიშვილი კი ფინალში გავიდა, სადაც სომხეთის სახელით მოჭიდავე მუსა მურთაზალიევს დაუპირისპირდა. გადამწყვეტი შეხვედრა ქართველმა სპორტსმენმა დამაჯერებელი, ტაქტიკური ჭიდაობით, ისევ ორ პერიოდში მოიგო. რისკს მაქსიმალურად მოერიდა და ძლიერ მეტოქეს თითო პერიოდში მხოლოდ ორ-ორი ქულა აკმარა, ისე, რომ თავად ერთიც არ დაუკარგავს.
ევროპის ორგზის ჩემპიონს სპორტის სასახლეში შეკრებილმა გულშემატკივრებმა ბრწყინვალე ოვაციები მოუწყვეს. დაჯილდოების ცერემონიალის დასრულების შემდეგ კი მარსაგიშვილი ახალგაზრდა მოჭიდავეებმა აიტაცეს ხელში და არენის გარშემო მხარზე შესმული შემოატარეს.
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 44 ქულა დააგროვა და მხოლოდ 53-ქულიან რუსეთს ჩამორჩა. მესამე ადგილი კი უკრაინამ დაიკავა, 41 ქულით.
ხვალ და ზეგ სპორტის სასახლის ხალიჩაზე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორების გამოსავლენად ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გავლენ. მედლები 55, 60, 96 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. საქართველოს დროშის ქვეშ კი ლაშა გოგიტაძე (55 კგ), რევაზ ლაშხი (60 კგ), სოსო ჯაბიძე (96 კგ) და გურამ ფერსელიძე (120 კგ) იჭიდავებენ.
წინასწარი ეტაპის შეხვედრები წინა ოთხი დღის მსგავსად, 13.00 საათიდან დაიწყება. დღიური ბილეთის ფასი კი კვლავ 1 და 3 ლარი ეღირება.
ევროპის ჩემპიონატი
თბილისი. 22 მარტი
თავისუფალი ჭიდაობა
84 კგ
1 დავით მარსაგიშვილი (საქართველო)
2 მუსა მურთაზალიევი (სომხეთი)
3 იბრაგიმ ალდატოვი (უკრაინა)
3 ანზორ ურიშევი (რუსეთი)
გუნდური ჩათვლა
1 რუსეთი 53 (2 ოქრო, 2 ბრინჯაო)
2 საქართველო 44 (2 ოქრო, 2 ბრინჯაო)
3 უკრაინა 41 (1 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო)
4 თურქეთი 33 (1 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო)
5 ბულგარეთი 33 (1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო)
6 სომხეთი 28 (1 ოქრო, 1 ვერცხლი)
7 აზერბაიჯანი 27 (2 ბრინჯაო)
8 ბელარუსი 23 (1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო)
9 მოლდოვა 19 (1 ბრინჯაო)
10 გერმანია 16 (1 ბრინჯაო)
ქალთა ჭიდაობა
63 კგ
1 ანასტასია გრიგორევა (ლატვია)
2 მონიკა ევა მიხალიკი (პოლონეთი)
3 განა ვასილენკო (უკრაინა)
3 ანა ბელიაევა (აზერბაიჯანი)
72 კგ
1 ნატალია ვორობიოვა (რუსეთი)
2 მაიდერ უნდა გონზალესი (ესპანეთი)
3 ვასილისა მარზალიუკი (ბელარუსი)
3 კატერინა ბურმისტროვა (უკრაინა)
გუნდური ჩათვლა
1 უკრაინა 52
2 რუსეთი 48
3 პოლონეთი 43







