ჭიდაობა

21:51 | 26.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

ოქროს გარეშე, მაგრამ ხვავრიელად

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს მედლების ბოლო ხუთი კომპლექტი გათამაშდა და საქართველოს ნაკრების წევრებმა ხუთივე წონით კატეგორიაში შეძლეს კვარცხლბეკზე ასვლა. ოღონდ ეგაა, უმაღლეს საფეხურს ვერც ერთი ჩვენებური ვერ შეწვდა. გენადი ჩიტაძის (42 კგ) მიერ გუშინ მოპოვებულ ვერცხლის მედალს დღეს რამაზ ზოიძემ (46 კგ), ბაკურ გოგოლმა (54 კგ), გელა ბოლქვაძემ (63 კგ) და ბექა კანდელაკმა (100 კგ) თავიანთი წილი ვერცხლები მიამატეს, ხოლო ნიკა გავაშელმა (76 კგ) – ბრინჯაო.
ოთხი ქართველი ფინალისტიდან სამმა გადამწყვეტი შეხვედრა აზერბაიჯანელ მეტოქესთან წააგო. ზოიძემ მიხაილ რაჰიმოვს პირველ პერიოდში ნაადრევად მოუმთავრა საქმე მაგრამ მერე უპირატესობა ვერ შეინარჩუნა (6:0, 0:2, 0:2). გოგოლი კარიმ ჯაფაროვთან 0:3, 0:2 დამარცხდა, ბოლქვაძემ რაჰიმ მიჰაილოვს ვერ გაუწია წინააღმდეგობა. კანდელაკმა კი მსოფლიოს ჩემპიონობის შანსი თურქ ემრე სელაჰატინ მუიანთან მარცხით დაკარგა. არადა, ზოიძის მსგავსად მანაც მშვენივრად დაიწყო – პირველი პერიოდი 5:0 მოიგო, ხოლო შემდეგ 0:4 და 0:2 წააგო.
ნიკა გავაშელმა ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, რუსეთის ნაკრების წევრ მაირბეკ ადიგენოვთან დაძაბულ შეხვედრაში წაგებით (0:1, 0:1). რეპეშაჟის ფინალში კი ყაზახ ჰუსეინ მუცოლგოვს 1:0, 3:2 აჯობა.
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა 62 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და მესამეადგილოსან რუსეთს 1 ქულით გაუსწრო. პირველზე მასპინძლები – აზერბაიჯანელები გავიდნენ, 84 ქულით.

ოთარ მაღლაკელიძე

0.089636