ჭიდაობა

10:06 | 5.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

ოქროს გრანპრის განაცხადს ხასაია და ნოზაძე დააკლდნენ

ექვს-შვიდ მარტს, უნგრეთის ქალაქი სომბათჰეი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ოქროს გრანპრის უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები ტურნირზე გადახალისებული შემადგენლობით გამოვა. ტიტულოვანი მოჭიდავეების გარეშე დაკომპლექტებული გუნდი, უნგრეთში ოლიმპიურმა პრიზიორმა, ამჟამად კი მწვრთნელმა აკაკი ჩაჩუამ წაიყვანა.
უნგრული ჭიდაობის მიმომხილველი ვებ-გვერდის ცნობით, ოქროს გრანპრის, 30 ქვეყნის ნაკრები ესტუმრება. მასპინძლებმა ის ტიტულოვანი მოჭიდავეებიც ჩამოწერეს, წინასწარ განაცხადებში რომ არიან შეყვანილნი. ქართველთაგან ამ სიაში ევროპის ჩემპიონი (2002 წელი) ბადრი ხასაია და ევროპისა (2003 და 2007) და მსოფლიოს (2007) ჩემპიონი რამაზ ნოზაძე (96 კგ) მოხვდნენ, მაგრამ მათი სომბათჰეის ხალიჩაზე გასვლა, რამდენიმე დღის წინ გამოირიცხა.
“ხასაია და ნოზაძე გრანპრის განაცხადში მართლაც იყვნენ, მაგრამ ნაკრების ბაკურიანულ შეკრებაზე მცირე ტრავმები მიიღეს და მათი ჭიდაობა გამოირიცხა. ხალიჩაზე 6 ქართველი გავა. ანტონ მამაგეიშვილი და მარად აბულაძე 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში იჭიდავებენ, შმაგი გულიაშვილი – 74 კილოგრამში, ლადო გეგეშიძე და აკაკი ჯოხაძე – 84-ში, დიმიტრი ჯავახიშვილი - +120-ში. 55, 60 და 96 კილოგრამებში კი ამჯერად მონაწილე არ გვეყოლება”, – უთხრა “სპორტულ ამბებს” საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა თამაზ გეგეშიძემ. მისივე განცხადებით, საერთაშორისო ტურნირის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე გადავა, მაგრამ კონკრეტულად სად ჩატარდება ეს შეკრება, ახლა ზუსტდება. სავარაუდოდ, ქართველი კლასიკოსები ბელარუსში, სტაიკების ბაზაზე ივარჯიშებენ.
ოქროს გრანპრის ქართველი მსაჯიც მოემსახურება. ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივანი მალხაზ ჯორბენაძე, სომბათჰეიში მოჭიდავეებთან ერთად გაემგზავრა.

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162184