ხორვატიის ქალაქ პორეჩში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დღეს ვაჟთა შორის მედლები ორ წონით კატეგორიაში - 73 და 81 კილოგრამებში უნდა გათამაშდეს. წინასწარი ეტაპის შეხვედრები უკვე დასრულდა და გაირკვა, რომ ორივე წონის ფინალში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი იჭიდავებს.
73 კილოგრამში უმაღლესი ტიტულისთვის ფრიდონ გიგანი იბრძოლებს, რომელიც პოლონელ დამიან ზვარნოვიცკის დაუპირისპირდება. 81 კილოგრამში კი ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ბექა ღვინიაშვილი საბერძნეთის ნაკრების წევრ ალექსიოს დანაციდისს შეხვდება.
კვარცხლბეკს ერთადერთი გამარჯვება აშორებს ლევან გუგავას (73 კგ). იგი რეპეშაჟის ფინალშია, სადაც მეტოქედ სლოვენიელი იგორ პოტპარიჩი ეყოლება.
დღესვე ხორვატიულ ტატამზე ბექა დონღვანიც (81 კგ) გავიდა, მაგრამ შეჯიბრებას მეთექვსმეტედფინალიდან გამოეთიშა ბულგარელ ივაილო ივანოვთან წაგებით.
ოთარ მაღლაკელიძე







