სტატიები

11:51 | 30.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ორი აგური ვილანოვასთვის...

წარუმატებელი სეზონი არაფერშუაშია. მით უმეტეს, ეს „ბარსელონას“ გადასახედიდან ჰქვია სეზონს წარუმატებელი, თორემ ვინ იცის, რამდენი ევროპული გრანდი ვერ შეწვდა ამ „წარუმატებლობას“ წლევანდელ სეზონში - სამეფო თასის ფინალი, „ლა ლიგას“ ვერცხლის მედალი, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი...

არც მადრიდის „რეალთან“ მარცხი უნდა იყოს გვარდიოლას კარიერის დროებითი შეწყვეტის საპირწონე - არგუმენტად სანდრო როსელის შეთავაზება და მოლოდინი გამოდგება: კატალონიელთა კლუბის პრეზიდენტი ხომ ჯერ კიდევ თვეების წინ სთავაზობდა ხოსეპს ახალ კონტრაქტს.

არც შეეძლო, არც შეიძლებოდა სხვაგვარად - სხვაგვარად ყველაფერი უმადურობას დაემსგავსებოდა და ამას კი ვინ-ვინ და, პეპე - ვისგან-ვისგან და, „ბარსელონასგან“ არ იმსახურებს.

უნდა გამოვრიცხოთ ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილებაც - მწვრთნელის შესაძლო წასვლის შესახებ განცხადებები ხომ აქამდეც ხმიანდებოდა.

მოკლედ, ერთი რამ ცალსახად ნათელია - ოქროს ელვარება არ დაუკარგავს, გვარდიოლას პრესტიჟი არ დაცემულა, უბრალოდ, მან შესვენების აღება გადაწყვიტა...

და ეს ჭკვიანი კაცის გადაწყვეტილებაა.

ფეხბურთის უახლესმა ისტორიამ იცის მსგავსი რაღაცები - მაგალითები? მარგალიტები!

მარჩელო ლიპი, ფაბიო კაპელო, ვისენტე დელ ბოსკე, მარტინ ონილი, სხვებიც... მართალია, მათი დროებითი განზე გადგომა სხვადასხვა მიზეზებით გახლდათ განპირობებული (ზოგმა თავად მოინდომა, ზოგსაც „ხელი შეუწყეს“), მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი - გადამწყვეტია შედეგი: ნებისმიერს მხოლოდ სასიკეთოდ წაადგა ფეხბურთისგან განტვირთვა.

მსგავსი შემთხვევების ასახსნელად ხშირად მომყავს ხოლმე ჭადრაკის მეცამეტე მსოფლიო ჩემპიონის გარი კასპაროვის გამონათქვამი, რომლითაც მან ერთ-ერთ ჟურნალისტს უპასუხა.

კითხვა კარპოვ-კასპაროვის მეტისმეტად გაჭიანურებულ და რეკლამირებულ მატჩს ეხებოდა: რატომაა, რომ ხალხი თქვენ მეტად გგულშემატკივრობთ, ვიდრე აქამდელ ჩემპიონ კარპოვსო...

ბაქოელი დიდოსტატის პასუხი ასეთი იყო: წლების განმავლობაში ხალხს ერთი და იგივე ბეზრდება და კარპოვიც ისევე მობეზრდა, როგორც ბევრი სხვა რამეო.

ცოტა გვიან, ფაბიო კაპელომაც დაახლოებით იგივე განაცხადა, თუ სწორად მახსოვს, „იუვენტუსიდან“ წასვლის მომენტში:

„ფეხბურთი არის სანახაობა, სპექტაკლი და არაფერი ისე არ ბეზრდება მაყურებელს, როცა ერთი და იგივე შემსრულებელია, მე უნდა წავიდე...“

მაგალითების მოყვანა დაუსრულებლად შეიძლება, მათ ერთი ფსიქოლოგიური დაკვირვება თუ რჩევაც მივუმატოთ, რომლის თანახმადაც სასურველია, რომ ადამიანმა სამსახური ხუთ წელიწადში, საცხოვრებელი ალაგი კი ათ წელიწადში ერთხელ გამოიცვალოს და ეგეც ჩვენი მოტივაცია...

ამ შემთხვევაში, პეპ გვარდიოლას „ბარსელონადან“ წასვლის მოტივაცია.

კიდევ მეტი: ფიზიკაში არსებობს ეგრეთ წოდებული „მასალის გადაღლილობის“ ცნება - როცა რაიმე ნივთს, სხეულს, ფიზიკურ საგანს გარეგნულად არაფერი ეტყობა - არც ცვეთა, არც გალევა, არც გაღუნულია, არც დაგრეხილი, მაგრამ დგება დღე და ეს საგანი, დეტალი, სხეული ერთიანად იმსხვრევა...

მიზეზი „შიგნით“, აგებულებასა და სტრუქტურაშია საძიებელი - ხსენებული სხეული მოლეკულურ და ატომურ დონეზე „ინგრევა“ და არსებობას წყვეტს.

შორს არ წავალ, ჩვენი ვარსკვლავის, რამაზ შენგელიას ფრაზას გაგახსენებთ, რომელიც მან თასთა თასზე გამარჯვების შემდგომ პერიოდზე თქვა: „ისეთ განწყობაზე ვიყავით ყველანი, ბურთისკენ გახედვა გვეზარებოდაო...“

ამიტომ წამოიწყო ნოდარ ახალკაცმა ახალი „დინამოს“ მშენებლობა და ამიტომ დაინგრა ძალიან მალე წარმატების მანამდელი კოშკი.

ასეთი რამ დიდი სიხშირით ახასიათებთ შემოქმედებით ადამიანებს, გამომდინარე ამ ფაქტორიდან, ხშირია ხოლმე „შემოქმედებითი პაუზები“ და გვარდიოლა რომ შემოქმედებითი მწვრთნელია, საკუთარი ფსიქოლოგიითა და ფილოსოფიით, ამაზე არავინ უნდა იკამათოს.

წავა... იფიქრებს... დარწმუნებული ვარ, თუ დაისვენებს, მხოლოდ აქტიურად - „გვარდიოლას ბარსასეული“ ფილოსოფია, „კალათბურთის ყაიდის ფეხბურთი“ (ამაზე წერილი უკვე იყო „მსოფსპორტის“ სტატიების განყოფილებაში), იმდენად ნაცნობი გახდა ევროპისათვის, რომ პრემიერლიგის პროზაულად საშუალო „უიგანიც“ კი წარმატებით იყენებს და რაღაც ახალია საჭირო.

საფიქრალი კი უთუოდ ბევრი აქვს - დიდი ხანია, ფეხბურთი მხოლოდ მიკროსამყაროში, ნიუანსებში ვითარდება და „ფეხბურთელობაშივე მწვრთნელი“ გვარდიოლა უთუოდ „გამოიგონებს“ რაღაც ახალს.

მეორე მხრივ, საინტერესოა, როგორ გადაიბარებს ესტაფეტას ვილანოვა - მართლა ასეთი საინტერესო პიროვნებაა ეს კაცი თუ ისეთივე „ნომერი ორია“, როგორიც მოურინიოსთან ვილაშ-ბოაში ანაც ფერგიუსონთან ის უწყალმანკო პორტუგალიელი ძია კეირუში იყო?

ბუნებრივია, ასეთი ანუ სავარაუდო, წიაღსვლითი მიზეზების გარდა არსებობს სუბიექტური რაღაცებიც, რომელსაც ვერაფრით გაექცევიან კლუბი, დირექტორატი და მწვრთნელყოფილი: ეს არის ყოფილი პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას მოძულება (გვარდიოლა სასამართლოს წინაშე მოწმის სტატუსით წარსდგა ლაპორტას დასაცავად), იოჰან კრუიფის მიმართ უმადურობა (პეპმა არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება მას შემდეგ, რაც ჰოლანდიელი მაესტროსთვის კლუბის დირექტორატში ადგილი აღარ დარჩა), მისთვის მთლად მისაღები არც როსელის მოქმედების სტილი აღმოჩნდა - რაკი მან უცერემონიოდ „გადაყლაპა“ ერთ დროს მათი საერთო შეფი ლაპორტა...

კიდევ ასახელებენ რამდენიმე მიზეზს, მაგრამ ეს მხოლოდ რამდენიმე მინდვრის ყვავილია ფართო ველზე - მთავარი ისაა, რა იმალება ჰორიზონტს მიღმა, რა მიაჩნია გამოწვევად 41 წლის ასაკში საფეხბურთო ლეგენდად ქცეულ ადამიანს და როგორ მოიქცევა იგი.

...წავიდა გვარდიოლა და ორი აგური დატოვა. „ბარსას“ გასახდელში... ვილანოვასთვის...

თამასა იმდენად მაღლაა, წესით ძალიან უნდა გაუჭირდეს ახალ მწვრთნელს.

კონსტანტინე გოგიშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088284