ბლოგი

12:06 | 3.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ორი ბილეთი

საშინელი ქარი იყო და ზღვის ტალღებიც ისეთი გრუხუნით ეხეთქებოდნენ ნაპირს, ასეთ ხმაურსა და სიცივეში მხოლოდ გამომთვრალი ვანია თუ შეძლებდა დაძინებას. ბოლო ერთი თვე სულ ასე იყო, გავიდოდა სოჭის პორტში, დილიდან-საღამომდე ათრევდა ურიკებს და აღებული ფულით საღამოს საშინლად თვრებოდა. სხვა რა უნდა ექნა მეტი? სახლი იმას არ ჰქონდა და ცოლ-შვილი არ აწუხებდა. ვანიას ერთადერთი რაც მუდმივად აწუხებდა, ეს იყო დიდი და მუდმივი დარდი, რომელიც გულსა და ჯიგარს უთუთქავდა მაშინაც კი, როცა მთვრალი იყო და დაძინებას აპირებდა.

ახლა, სადაც დიდი პომპეზურობითა და ბრჭყვიალებით განთქმული ოლიმპიური ქალაქი აშენდა, ვანიას კოხტა სახლი ჰქონდა თავისი მარწყვის ბაღითა და აკაციის ხეებით დამშვენებული. ასევე ჰქონდა მოზრდილი სათხე, სადაც ხუთი მეწველი თხა ჰყავდა და მარტოხელა კაცის კვალობაზე ტკბილად და სიამით ცხოვრობდა.

როდესაც გაიგო, რომ სოჭის ზამთრის ოლიმპიადასთან დაკავშირებით მის სახლთან ახლო-მახლოს ოლიმპიური სოფელი უნდა აეშენებინათ, ვანიას საფრთხე საერთოდ არ უგრძვნია. გაუხარდა კიდეც - მამუშავებენო. ვანიას მეზობლები იმ პერიოდში სულ რაღაცას ფუსფუსებდნენ, სულ რაღაც საბუთებით დარბოდნენ და გამუდმებით ფულზე ლაპარაკობდნენ. ვანია კი თავისი თხების მოვლითა და მარწყვის ბაღის მორწყვით იყო გართული და უკვირდა, რატომ იცვლებოდა ირგვლივ ყველა და ყველაფერი.

ერთ საღამოს, როდესაც თხის ყველის ამოყვანა დაემთავრებინა და ეზოში მდგარ ონკანზე ხელებს იბანდა, ვანიას თავზე ორი რუხკოსტუმიანი უცნობი კაცი წამოადგა. მისალმების გარეშე მოჰკიდეს ხელი, შავ მანქანში ჩასვეს და ვერც კი მიხვდა, როგორ აღმოჩნდა ერთ მისთვის სრულიად უცნობ ქუჩაზე. შიშისაგან დაზაფრულმა ვანიამ ვერც კი გააცნობიერა, როგორ მოუწერა ხელი უცნობებს ქალღალდებზე, სადაც ეწერა, რომ საკუთარ სახლსა და მიწას თავისი ნებით თმობდა ”რუსეთის სახელმწიფოს საკეთილდღეოდ და სამშობლოს ოლიმპიური წარმატებებისათვის”. ბრუნდებოდა სახლში დაზაფრული ვანია, ხელში საკუთარ ქუდს ჭმუჭნიდა და თავში მხოლოდ ის აზრი ურტრიალებდა, როგორ ვერ მიხვდა აქამდე რაც მოხდებოდა და როგორც ვერ შეძლო თავის სახლში თუნდაც ცოტა ფულის აღება.  

ვანია სახლიდან ამ ამბიდან ერთ თვეში გამოაძევეს და ისე, რომ კაპიკიც კი არავის მიუცია. დარჩა მხოლოდ თავისი ხუთი თხა (რომლებიც უიაფესად იქვე გაყიდა და მხოლოდ ერთი თვე ეყო ეს ფული) და ოლიმპიადის მთელს რიგ ღონისძიებებზე დასასწრები ორი ბილეთი, რომელიც რუსეთის სახელმწიფომ ვანიასათვის, როგორც სახელმწიფოსათვის ქონების დიდსულოვნად გადამცემისათვის ცინიკურად გამოიმეტა.

ამის შემდეგ სულ ასეა, ვანია ყოველდღე სოჭის პორტშია და ყოველგვარ სამუშაოს ასრულებს იმისათვის, რომ საღამოს სასმელის ფული ჰქონდეს. სძინავს ზღვისპირას კლდის ქიმზე აშენებულ დაფხრეწილ კარავში და მიუხედავად პოლიციელების მრავალგზის გაფრთხილებისა, მაინც ისევ აქ დადის დასაძინებლად და დასალევად. ჭამს ყველაფერს რაც კი ხელში მოხვდება და სვამს უზომოდ, მაგრამ მის ნაცნობ მაწანწალებს ყველაზე მეტად ის უკვირთ, რომ ვანია არაფრის დიდებით არ ყიდის სახელმწიფოს მიერ მიცემულ ოლიმპიადის ორ ბილეთს, რომელიც სათუთად აქვს ერთ-ერთი ხის ფუღუროში გადამალული და კვირაში რამდენჯერმე ამოწმებს – ვინმემ ხომ არ მომპარაო.

ერთხელ სიმთვრალეში მასსავით მაწანწალას, ანტონ ივანიჩს გამოუტყდა, რომ ასეთ ძაღლურ სიცოცხლეს მხოლოდ სოჭის ოლიმპიადამდე აპირებს და ძალიან უნდა, რომ ოლიმპიადის გახსნას დაესწროს. ვანიას სურს, რომ საკუთარი თვალით ნახოს იმ ღონისძიების მთელი სიბჭყვიალე და ბუტაფორიულობა, რამაც მას მთელი ცხოვრება დაუნგრია. ვანია სოჭის ოლიმპიადას ალბათ ყველა სპორტსმენზე მეტად ელის.

სოჭის ოლიმპიადის ორგანიზატორებო, ნუ შეგეშინდებათ ნურც ჩრდილოკავკასიელი აჯანყებულებისა და ნურც ქართულ სპეცსამსახურებს შეუშინდებით. ვანიასი გეშინოდეთ! ოლიმპიადზე ვანია მოდის!

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093949