ძიუდო

19:58 | 31.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ორი ბრინჯაოს დაკარგული შანსი

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სამსუნის “დიდი პრიზი” ზებედა რეხვიაშვილის (73 კგ) მიერ გუშინ მოპოვებული ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრა. დღეს ჩემპიონ პრიზიორები მამაკაცთა ოთხ და ქალთა სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ მაგრამ სამეულები ჩვენებურთა გარეშე შეივსო. ტატამზე სულ შვიდი ქართველი გავიდა და მათგან ფინალურ შეხვედრებამდე მხოლოდ ონისე ბუღაძე (+100 კგ) და ირინე ლეონიძე (+78 კგ) მივიდნენ, მაგრამ საბოლოოდ ორივე მე-5 ადგილს და 60 სარეიტინგო ქულას დასჯერდა.

ბუღაძემ ტურნირი უზბეკი ელიორ მაშარიპოვის გაფრთხილებით გახსნა. ილეთებით ანგარიში იუკო-იუკოზე იყო და ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქის გაფრთხილების ხარჯზე იხეირა. მერვედფინალში გაცილებით ძლიერ მოწინააღმდეგეს, ბელარუს ოლიმპიურ ჩემპიონს (2004) იჰარ მაკარაუს ვაზარით აჯობა. შემდეგ კი სლოვენიელ მატიაჟ სერაჟთან პირველსავე წუთზე ვაზარზე დავარდა, იქვე შებოჭვაზე მოჰყვა და რეპეშაჟში გადაერთო. “ბრინჯაოს ნახევარფინალში” უკვე თავად იმარჯვა შებოჭვით, რუსეთის ნაკრების წევრთან რენატ საიდოვთან. არადა პირველ ოთხ წუთში ოთხჯერ დავარდა იუკოზე და წმინდად მოგებამდე მხოლოდ ერთი იუკოს გაქვითვა მოასწრო. მესამე ადგილისთვის შეხვედრაც იპონით დაგვირგვინდა, რომელიც ბუღაძეს ბრიტანელმა კრისტოფერ შერინგტონმა შეუსრულა.

საქართველოს ქალთა ნაკრებს “დიდ პრიზზე” მხოლოდ ლეონიძე წარმოადგენდა. იგი შეჯიბრებაში მეოთხედფინალიდან ჩაერთო, სადაც რუსეთის ნაკრების წევრ ანაიდ მხითარიანს იუკოთი სძლია. ნახევარფინალში გერმანელ კაროლინა ვაისთან პირველი წუთის ბოლოს ვაზარზე დავარდა და შებოჭვისგანაც ვეღარ დაიძვრინა თავი. რეპეშაჟის ფინალში ვაისის თანამემამულე ჟასმინ კუელბსს ვაზარით უგებდა, მაგრამ ჯერ ორჯერ დავარდა იუკოზე, ბოლოს კი შებოჭვაზეც მოჰყვა.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით იოსებ ჩილინდრიშვილმა და ლაშა ზურაბიანმა იჭიდავეს, მაგრამ ტატამზე ორივე თითოჯერ გავიდა. ჩილინდრიშვილი იტალიელ მასიმილიანო კაროლოსთან იპონით დამარცხდა, ზურაბიანმაც იპონითვე წააგო თურქ აჰმეთ სარისთან.

ზვიად გოგოჭური (90 კგ) წილისყრამ პირველ წრეში დაასვენა. მერვედფინალში კი ჰოლანდიელ ჯილომ ელმონთან სამ წუთში ორჯერ დავარდა ვაზარზე.

მერვედფინალიდანვე დაიწყო ლევან ჟორჟოლიანმაც (100 კგ) და უმალ სუფთად წააგო უკრაინელ დმიტრო ლუჩინთან. ამავე წონაში დავით ლორიაშვილმა მეთექვსმეტედფინალში უკრაინელ არტემ ბლოშენკოს იპონით აჯობა. მერე კი ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან იპონითვე წააგო.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მე-19 ადგილი დაიკავა. კაცებში – მე-12, ხოლო ქალებში – მე-14.

 

ძიუდო

“დიდი პრიზი”

სამსუნი

31 მარტი

 

კაცები

 

81 კგ

1 ლუის პიეტრი (საფრანგეთი)

2 ვიტალი დუდჩიკი (უკრაინა)

3 იარომირ ჟეზეკი (ჩეხეთი)

3 ივან ვორობიოვი (რუსეთი)

 

90 კგ

1 კირილ დენისოვი (რუსეთი)

2 ჯილომ ელმონი (ჰოლანდია)

3 მოჰამედ დარვიში (ეგვიპტე)

3 ალექსანდრ ჟურეკა (ჩეხეთი)

 

100 კგ

1 ადლან ბისულტანოვი (რუსეთი)

2 ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი)

3 ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)

3 დმიტრო ლუჩინი (უკრაინა)

 

+100 კგ

1 მაგომედ ნაჟმუდინოვი (რუსეთი)

2 ფაისელ ჯაბალაჰი (ტუნისი)

3 ისლამ ელ შეჰაბი (ეგვიპტე)

3 კრისტოფერ შერინგტონი (ბრიტანეთი)

5 ონისე ბუღაძე (საქართველო)

 

ქალები

 

+78 კგ

1 ბელკიშ ზეჰრა კაია (თურქეთი)

2 კაროლინ ვაისი (გერმანია)

3 გულსაჰ კოჩათურქი (თურქეთი)

3 ჟასმინ კუელბსი (გერმანია)

5 ირინე ლეონიძე (საქართველო)

 

გუნდური ჩათვლა. კაცები

ო     ვ     ბ     V     VII

1 რუსეთი           4      1      6      5      5

2 საფრანგეთი      2      0      4      2      4

3 გერმანია         1      4      1      1      1

4 უკრაინა          1      1      1      2      2

5 მონღოლეთი      1      1      1      0      0

6 ავსტრია          1      0      3      1      1

7 თურქეთი         1      0      2      2      2

8 ბრიტანეთი       1      0      2      0      0

9 კოსოვო           1      0      0      1      0

10 ბელგია          1      0      0      0      0

19 საქართველო  0     0     1     2     0


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.158978