საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი გიორგი ცირეკიძე (74 კგ) ბაქოს “ოქროს გრან-პრის” ფინალში იჭიდავებს. 3 ქართველი კი ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებს ბრძოლას.
74 კილოგრამ წონით კატეგორიაში სულაც, ქართული ფინალი შედგებოდა, მანუჩარ კვირკველიას ნახევარფინალში უნგრელი პეტერ ბაკში რომ დაემარცხებინა. ქართული გუნდის ყველაზე ტიტულოვანმა წევრმა პირველ სეტში 3:0 იმარჯვა, მაგრამ შემდეგ უპირატესობა დაკარგა და მომდევნო სეტები ერთნაირი ანგარიშით – 0:5 წააგო. კვირკველია რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც თურქ სელჩუკ ჩებსა და ბელარუს ალექსანდრ კიკინიუს შორის გამარჯვებულს დაეჭიდება.
საქართველოს ნაკრებს ერთი ბრინჯაოს მედალი უკვე განაღდებული აქვს მძიმე წონაში, სადაც რეპეშაჟის ფინალში ერთმანეთს შოთა გოგისვანიძე და დიმიტრი ჯავახიშვილი დაუპირისპირდებიან.
დღეს ბაქოს ხალიჩაზე ბეგი დარჩიას გუნდის 20 წევრი გავიდა.
ოთარ მაღლაკელიძე







