ამირან პაპინაშვილის (60 კგ) ბრინჯაო, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის, პარიზის დიდ სლემზე მოპოვებული ერთადერთი მედალი აღმოჩნდა. დღეს, ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა ბოლო ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ტატამზე 5 ქართველი გავიდა და მათგან ორს - ვარლამ ლიპარტელიანსა (90 კგ) და ადამ ოქრუაშვილს (+100 კგ) სამეულამდე თითო მოგება დააკლდა. ორივე მეოთხედფინალში დამარცხდა.
ლიპარტელიანი მედლისთვის ბრძოლას ბრაზილიელ ტიაგო კამილოსთან წაგებით გამოეთიშა. ორი გაფრთხილებით დაკარგული იუკო მეოთხე წუთზე, იუკოდვე შეფასებული გდებით კი გაქვითა, მაგრამ შეხვედრის ბოლოს, მეტოქეზე მეტად დაიღალა და ვაზარზე წამოეგო. კამილოსთან დაპირისპირებამდე, საქართველოს ნაკრების ყველაზე ტიტულოვანმა წევრმა ჰოლანდიელ რობი ვან ლაარჰოვენს ორი იუკოთი სძლია, ხოლო მერვედფინალში, პოლონელი კრჟიშტოფ ვეგლარზი პირველსავე წუთზე მსაჯებმა მოხსნეს, ფეხში შესვლის წესის დარღვევისთვის.
ოქრუაშვილს ნახევარფინალის გზა კუბელმა ოსკარ ბრისონმა ჩაუკეტა. ქართველმა მძიმეწონოსანმა თავიდანვე აქტიურად კი შეუტია, მაგრამ მეორე წუთის მიწურულს თავისსავე წამოწყებულ ილეთზე წამოეგო და წმინდად დამარცხდა. ამ ორთაბრძოლამდე ოქრუაშვილმა ორი მეტოქე ჩამოიცილა. ბულგარელი ივან ილიევი საფინალო სირენამდე ოციოდ წამით ადრე, ბეჭებზე დასცა, მაშინ, როდესაც ორი გაფრთხილებით აგებდა. იპონითვე, სამ წუთში მოუმთავრა საქმე გაცილებით ძლიერ და ტიტულოვან მოწინააღმდეგეს – ესტონელ მარტინ პადარს. ლიპარტელიანმა და ოქრუაშვილმა მე-5 ადგილები დაიკავეს და პირად რეიტინგს 60-60 ქულა შემატეს.
კვირას, მედლები 81 და 100 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გათამაშდა, მაგრამ საქართველოს ნაკრების წევრები სამეულისთვის ბრძოლას საწყისი ეტაპებიდანვე ჩამოსცილდნენ. 81 კილოგრამში, კიმონო ლევან წიკლაურმა და ლაშა ზურაბიანმა მოირგეს. წიკლაური ტურნირში პირდაპირ მესამე წრიდან ჩაერთო. ფინელი ანტი ვირტას სამ წუთში დაიპონებით მერვედფინალში გავიდა, მაგრამ იქ არგენტინელ ემანუელ ლუცენტისთან ვერაფერი გააწყო. სამხრეთ ამერიკელმა თითო იუკოს, ვაზარისა და იპონის შესრულება სამწუთნახევარში მოასწრო. ზურაბიანმა კიმონო ერთხელ მოირგო, ისიც ორიოდ წუთით - უზბეკ მუმინ ნაბიევთან წმინდად დამარცხდა.
ლევან ჟორჟოლიანმა (100 კგ) ფრანგი მაელ ლე ნორმანი მესამე წუთის მიწურულს გააკრა ტატამს, მერვედფინალში კი - იაპონელ რიუნოსუკე ჰაგასთან მე-14 წამზე წააგო.
მამაკაცთა შორის, საერთო გუნდურ ჩათვლაში, 74 ქვეყნის ნაკრებს შორის იაპონია გაჩემპიონდა. 90 კილოგრამში მოჭიდავე დაიკი ნიშიამამ თავის ქვეყანას პარიზული დიდი სლემის მე-3 ოქრო მოუპოვა. მძიმეწონოსანი დაიკი კამიკავა კი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე უხვტიტულა ფრანგმა გოლიათმა, ტედი რინერმა არ აუშვა. ცნობისთვის, მასპინძელ კაცთა ნაკრების წევრთაგან, ჩემპიონის ტიტულს მხოლოდ რინერი შეწვდა. 81 კილოგრამში სამხრეთკორეელი ჯაე-ბუმ კიმი გაჩემპიონდა, ხოლო 100-ში – ჰოლანდიელი ჰენკ ხროლი. საქართველოს ნაკრებმა გუნდურში მე-10 ადგილი დაიკავა.
ბოლოს ერთ სასიამოვნო სიახლეზეც ვთქვათ. პარიზის დიდ სლემზე, ქართველი გულშემატკივრებისთვის ყველაზე სასიხარულო და საიმედო, ზურაბ ზვიადაურის მწვრთნელის რანგში გამოჩენა იყო. ფრანგულ ტატამზე გასულ ძიუდოისტებს უმეტესწილად, სწორედ ზვიადაური უწევდა სეკუნდანტობას. რა გასაკვირია, ბრწყინვალედ გრძნობდა საჭიდაო პროცესის მიმდინარეობას და ისე გააზრებულად, ზედმიწევნით და დინამიურად იძლეოდა მითითებებს, გამოცდილ ძიუდოისტს კი არა, ჭიდაობის არმცოდნესაც ხარისხიანად ააჭიდავებდა. აშკარაა, ქართული ძიუდოს ერთ-ერთ უნიჭიერეს წარმომადგენელს ახალ ამპლუაშიც არანაკლები პოტენციალი აქვს. თუ საქმეს სერიოზულად მიუდგება და ამ ნიჭს გამოცდილებითაც გაამდიდრებს, ეგებ უმაღლესი მწვერვალები მწვრთნელის რანგშიც დაიპყროს.
ოთარ მაღლაკელიძე
ძიუდო. მსოფლიოს თასი
პარიზი. 6 თებერვალი
კაცები
81 კგ
1 ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა)
2 ჯილომ ელმონი (ჰოლანდია)
3 ლასლო სზოკნია (უნგრეთი)
3 ალენ შმიტი (საფრანგეთი)
90 კგ
1 დაიკი ნიშიამა (იაპონია)
2 ტიაგო კამილო (ბრაზილია)
3 რომენ ბუფე (საფრანგეთი)
3 ხურშიდ ნაბიევი (უზბეკეთი)
5 ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)
100 კგ
1 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია)
2 ნაიდან ტუვშინბაიარი (მონღოლეთი)
3 იევგენის ბოროდავკო (ლატვია)
3 ჰი-ტაე ჰვანგი (სამხრეთ კორეა)
+100 კგ
1 ტედი რინერი (საფრანგეთი)
2 დაიკი კამიკავა (იაპონია)
3 ოსკარ ბრისონი (კუბა)
3 სუნგ-მინ კიმი (სამხრეთ კორეა)
5 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)
ქალები
70 კგ
1 ლუსი დეკოსი (საფრანგეთი)
2 კერსტინ ტიელე (გერმანია)
3 ედიტ ბოსხი (ჰოლანდია)
3 იორიკო კუნიჰარა (იაპონია)
78 კგ
1 ოდრი ჩომეო (საფრანგეთი)
2 ლუსი ლუე (საფრანგეთი)
3 მაირა აგიარი (ბრაზილია)
3 აბიგელ იო (უნგრეთი)
+78 კგ
1 მეგუმი ტაჩიმოტო (იაპონია)
2 ლუსია პოლავდერი (სლოვენია)
3 ჰუანიუან ლიუ (ჩინეთი)
3 ლდალის ორტიზი (კუბა)
გუნდური ჩათვლა. კაცები
ო ვ ბ V
1 იაპონია 3 1 2 3
2 ჰოლანდია 1 1 0 3
3 საფრანგეთი 1 0 4 2
4 სამხრეთ კორეა 1 0 2 1
5 უზბეკეთი 1 0 1 2
6 სომხეთი 0 2 0 0
7 უნგრეთი 0 1 1 0
8 მონღოლეთი 0 1 0 2
8 ბრაზილია 0 1 0 1
10 საქართველო 0 0 1 2







