100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი ძიუდოისტები - ირაკლი ცირეკიძე და ლევან ჟორჟოლიანი ბრინჯაოს მედლებისთვის განაგრძობენ ბრძოლას. ოქრო-ვერცხლის შანსი ორივემ მეოთხედფინალში დაკარგა. ცირეკიძე ბელგიის სახელით მოჭიდავე ჰოლანდიელთან, ელკო ფან დერ ხესტთან დამატებით დროში დამარცხდა, ხოლო ჟორჟოლიანი – ეგვიპტელ რამადან დარვიშთან, იუკოთი.
მეოთხედფინალამდე ირაკლი ცირეკიძე 3 წმინდა გამარჯვებით მივიდა. ჩემპიონატი ბრაზილიელი ლუჩიანო კორეას ძლევით გახსნა, შემდეგ კი მას უკან ირანელი ჯავად მაჰჯოუბი და მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი, იაპონელი ტაკამასა ანაიც მიაყოლა.
ლევან ჟორჟოლიანმა ლიტველ მარიოს ლაბალაუკისს იპონით მოუგო, ჰოლანდიელ ჰენკ ხროლს ვაზარ-იუკოთი, მერვედფინალში კი, ბოსნიელ ამელ მეკიჩს წმინდა გამარჯვებით აუღო რევანში ევროპის ჩემპიონატის ფინალში განცდილი მარცხისთვის.
ცირეკიძე რეპეშაჟის ნახევარფინალში რუს სერგეი სამოილოვიჩს დაეჭიდება, ხოლო ჟორჟოლიანი – ჩეხ ლუკაშ კრპალეკს.
დღესვე, მედლები მძიმე წონაშიც გათამაშდება, ოღონდ ქართველების გარეშე. ადამ ოქრუაშვილი ფილიპინელი ტომოჰიკო ჰოშინას იპონით და ყირგიზი იური კრაკოვეცკის იუკოთი ძლევის შემდეგ, მერვედფინალში იუკოთივე დამარცხდა, სამხრეთკორეელ სუნგ-მინ კიმთან. ზვიად ხანჯალიაშვილმა კი, პარიზულ ტატამზე 2 შეხვედრა ჩაატარა. სამხრეთკორეელ სო-ვან კიმს იპონით გასცდა, მაგრამ პოლონელ გრჟეგორჟ ეიტელთან თავადვე დავარდა ბეჭებზე.
გადამწყვეტი შეხვედრები თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.
ოთარ მაღლაკელიძე







