ძიუდო

16:36 | 26.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს შანსი

 

უნგრეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ოთხივე წევრი მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს. ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) ნახევარფინალში გავიდნენ. ზებედა რეხვიაშვილმა (73 კგ) და ლევან წიკლაურმა (81 კგ) კი ძირითადი ბადიდან რეპეშაჟში გადაინაცვლეს.

ტატალაშვილმა მერვედფინალში ბელარუს ალექსეი რამანჩუკს თავიდანვე აუღო იუკო. საფინალო სირენამდე ერთი წუთით ადრე კი იპონზეც დააგდო. ხოლო მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრების წევრ მურატ კოძოკოვს უილეთოდ სძლია – მსაჯს მეტოქე სამჯერ გააფრთხილებინა, მაშინ, როდესაც თავად მხოლოდ ერთი შიდო მიიღო.

ჭრიკიშვილმა მერვედფინალში პორტუგალიელ კარლოს ლუზს პირველი წუთის მიწურულს შესრულებული ლამაზი გდებით მოუგო. მეოთხედფინალში მონტენეგროელ სრჟან მრვალიევიჩს ძირითად დროში ვერაფერი მოუხერხა, მაგრამ ოქროს დროს დაწყებისთანავე იპონით ჩამოიცილა.

რეხვიაშვილი მერვედფინალში ევროპის 2009 წლის ჩემპიონს, უკრაინელ ვოლოდიმირ სოროკას დაუპირისპირდა და მეორე წუთზე იუკოთი დაწინაურდა. შემდეგ მსაჯს მეტოქე ორჯერ გააფრთხილებინა. შეხვედრის ბოლო წუთზე კი სოროკამ ფეხიდან სცადა ილეთის გაკეთება და უმალ მოხსნეს. მეოთხედფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ფრანგ პიერ დუპრასთან შიდო-შიდოზე ჩამთავრებული ხუთწუთეულის შემდეგ, დამატებით დროში იპონით წააგო. ამ შეხვედრამდე დუპრამ ევროპირველობას უნგრელთა ჯილა მიკლოშ უნგვარი გამოთიშა.

წიკლაურმა მერვედფინალში ტრიბუნების აქტიური ქომაგობით დამუხტული ლასლო სზოკნიაი ორ წუთში დასცა ბეჭებზე, მაგრამ მეოთხედფინალში, ხორვატ ტომისლავ მარიანოვიჩთან შეხვედრისას თავად წამოეგო იპონზე, პირველი წუთის მიწურულს.

ნახევარფინალში ტატალაშვილი ბელგიელ დირკ ვან ტიჩელტს დაეჭიდება, ჭრიკიშვილი – ბელგიელ ჯოაკიმ ბოტიეს. რეპეშაჟის ნახევარფინალში კი რეხვიაშვილი რუსეთის ნაკრების წევრ მუსა მოგუშკოვს შეხვდება. წიკლაური - უკრაინელ ვიტალი დუდჩიკს.

ფინალური ბლოკის შეხვედრები ჩვენი დროით 17 საათსა და 25 წუთზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.1674