საქართველოს მამაკაც და ქალ ძიუდოისტთა ნაკრებების მძიმეწონოსნები ონისე ბუღაძე და ირინე ლეონიძე თურქულ “დიდ პრიზზე” ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ. ბუღაძე ძირითად ბადეში უზბეკი ელიორ მაშარიპოვის გაფრთხილებით და ბელარუსი იჰარ მაკარაუს ვაზარით ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში სლოვენიელ მატიაჟ სერაჟთან პირველსავე წუთზე ვაზარზე დავარდა, იქვე შებოჭვაზე მოჰყვა და რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო, სადაც უკვე თავად იმარჯვა შებოჭვით, რუსეთის ნაკრების წევრთან რენატ საიდოვთან. არადა გადამწყვეტ ილეთამდე ქართველი 4-ჯერ დავარდა იუკოზე და თავად მხოლოდ ერთი იუკო აიღო.
“ბრინჯაოს ფინალში” ონისე ბუღაძე ბრიტანელ კრისტოფერ შერინგტონს დაუპირისპირდება.
ლეონიძე ტურნირში მეორე წრიდან – მეოთხედფინალიდან ჩაერთო და რუსეთის ნაკრების წევრ ანაიდ მხითარიანს იუკოთი აჯობა. ნახევარფინალში გერმანელ კაროლინა ვაისთან პირველი წუთის ბოლოს ვაზარზე დავარდა და შებოჭვისგანაც ვეღარ დაიძვრინა თავი. მესამე ადგილის დასაკავებლად კი ვაისის თანამემამულე ჯასმინ კუელბსს შეხვდება.
ფინალური ბლოკი 18 საათიდან დაიწყება.







