ძიუდო

18:35 | 4.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ორი სასტარტო ბრინჯაო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბაქოს “დიდი სლემის” პირველი დღე ორი მედლით ჩაამთავრა. 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ტრისტან ფეიქრიშვილმა და შალვა ქარდავამ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს და 200-200 სარეიტინგო ქულაც მიითვალეს. დღეს ჩემპიონ-პრიზიორები ვაჟებში სამ უმსუბუქეს წონაში - 60, 66 და 73 კილოგრამებში გათამაშდა და სამივე წონაში ორ-ორი ქართველი გავიდა ტატამზე. მათ გარდა კიმონო ქალთა ნაკრების წევრმა შორენა შარაძემაც (63 კგ) მოირგო.

ტრისტან ფეიქრიშვილი და შალვა ქარდავა რეპეშაჟის ფინალში ძირითადი ბადის ნახევარფინალიდან გადავიდნენ. ფეიქრიშვილმა ოქრო-ვერცხლის შანსი “დიდ სლემზე” პირველ ნომრად განთესილ ტუმურხულეგ დავაადორჟთან მარცხით დაკარგა. მსოფლიო რეიტინგის მესამეადგილოსანმა მონღოლმა სამი იუკოთი მოიგო. ამ შეხვედრამდე ტრისტან ფეიქრიშვილმა თურქი მურათ დოგანი და აზერბაიჯანელი ტარლან კარიმოვი იპონ-იპონ ჩამოიცილა, ბრაზილიელ ლეანდრო კუნიას ვაზარით გასცდა. რეპეშაჟის ფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ იაკუბ შამილოვს მეოთხე წუთის დასაწყისში მოუმთავრა საქმე.

ქარდავა “ბრინჯაოს” ფინალში” მასპინძელ ნიჯათ შიხალიზადასთან იპონით წაგების შემდეგ გადაერთო და მისი ჯავრი კიდევ ერთ აზერბაიჯანელზე, ტარლან კარიმოვზე იყარა – სამ წუთში დაამარცხა. ძირითად ბადეში შიხალიზადასთან შეხვედრამდე ქართველმა ძიუდოისტმა აზერბაიჯანელ ელვინ მუსტაფიევს ვაზარით სძლია, კანადელ პატრიკ განიეს – იპონით.

ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი ზებედა რეხვიაშვილი ამჯერად მე-5 ადგილს დასჯერდა და 100 ქულა გამოიმუშავა, რითაც “მსოფლიოს მასტერსზე” ჭიდაობა მაინც გაინაღდა. მან ძირითად ბადეში მხოლოდ ორი შეხვედრა ჩაატარა – არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრების წევრ ვადიმ ბოკანს იპონით გასცდა, მეოთხედფინალში კი ოთხი გაფრთხილებით დამარცხდა მასპინძელ რუსტამ ორუჟოვთან და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო. არაობიექტური მსაჯობა რომ არა, ნახევარფინალში რეხვიაშვილი უნდა გასულიყო. რეპეშაჟის ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტი კანადელ ალექსის მორინ მარტელთან ვაზარს აგებდა და მეოთხე წუთზე მეტოქეს წმინდად მოუგო, ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში კი ბრაზილიელ მარსელო კონტინის დაეჭიდა და ვაზარის უპირატესობა საფინალო სირენამდე ერთადერთი წამით ადრე დაკარგა.

73 კილოგრამში საქართველოს სახელით გიორგი პაპუნაშვილმაც იჭიდავა, მაგრამ პირველსავე წრეში, რუსეთის ნაკრების წევრ ბათრაზ კაიტმაზონთან სუფთად წააგო.

უმსუბუქეს წონაში მოჭიდავე პაატა მერებაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი ტურნირს საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშნენ. მერებაშვილი აზერბაიჯანელი ორუჟ ვალიზადას ვაზარით ძლევის შემდეგ მერვედფინალში ფრანგ სოფიან მილუსაც ვაზარით უგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და იპონით დამარცხდა. ამავე ეტაპზე დაასრულა “დიდ სლემზე” გამოსვლა მარგველაშვილმაც, ოღონდ მას ტატამზე გასვლა ერთადერთხელ მოუხდა – შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩართული ჩეხ პაველ პეტრიკოვთან ვერას გახდა.

შორენა შარაძე შეჯიბრებაში მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც სლოვენიელ ტინა ტრესტენიაკთან წმინდად წააგო.

ხვალ მედლები კაცებში დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში: 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გათამაშდება. საქართველოს საქართველოს სახელით კი შვიდი ძიუდოისტი იჭიდავებს.

ლევან წიკლაური (81 კგ) სატურნირო ბადეში ხორვატ ტომისლავ მარიანოვიჩის სიახლოვეს მოხვდა. მათი გზები ერთმანეთს მეოთხედფინალში კვეთს და თუ იქამდე ჩასატარებელ თითო ბრძოლაში იმარჯვებენ, ქართველ ძიუდოისტს ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში განცდილი მარცხის გამო რევანშის აღების შანსი მიეცემა. მერვედფინალში წიკლაური არაბეთის გაერთიანებული ნაკრების წევრ ვალერიუ ჩისკასა და ჩეხ იარომირ მუსილს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ზვიად გოგოჭური (90 კგ) “დიდ სლემზე” პირველ ნომრადაა განთესილი და მეორე წრეში შვედ იოაკიმ დვარბისა და გერმანელ იანიკ გუტშეს წყვილიდან გასულს შეხვდება. ბექა ღვინიაშვილს (90 კგ) კენჭისყრამ პირველ მოწინააღმდეგედ არაბეთის გაერთიანებული საემიროების კიდევ ერთი ნატურალიზებული წევრი ივან რემარენკო არგუნა. თუ აჯობებს, მერვედფინალში უკრაინელ ვალენტინ გრეკოვთან ჭიდაობის უფლებას მოიპოვებს.

100 კილოგრამში 16 მონაწილე აიწონა და შესაბამისად, შეჯიბრებას ყველა მერვედფინალით გახსნის. გიორგი ნოზაძე მონღოლ ენხბატ ერდენებილეგს დაეჭიდება. გურამ თუშიშვილი კი უკრაინელი ვიაჩესლავ დენისოვით დაიწყებს.

ლევან მატიაშვილი და ონისე ბუღაძეც (ორივე +100 კგ) მერვედფინალიდან მოირგებენ კიმონოებს – მატიაშვილი მონღოლ დუურენბაიარ ულზიბაიართან, ხოლო ბუღაძე აზერბაიჯანის ნაკრების წევრ ვახტანგ ბიტიევთან შეხვედრით.

ხვალვე საქმეში საქართველოს ქალთა ნაკრების წევრი ირინე ლეონიძეც ჩაერთვება. იგი პირდაპირ მეოთხედფინალით დაიწყებს, სადაც მეტოქედ ბრაზილიელი კლაუდირენ სეზარი ეყოლება.

 

ძიუდო

დიდი სლემი

ბაქო

4 მაისი

კაცები

 

60 კგ

1 ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი)

2 ასხატ ტელმანოვი (ყაზახეთი)

3 რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი)

3 პაველ პეტრიკოვი (ჩეხეთი)

 

66 კგ

1 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღოლეთი)

2 ნიჯატ შიხალიზადა (აზერბაიჯანი)

3 შალვა ქარდავა (საქართველო)

3 ტრისტან ფეიქრიშვილი (საქართველო)

 

73 კგ

1 რუსტემ ორუჟოვი (აზერბაიჯანი)

2 ვიქტორ სკვორცოვი (აგს)

3 მარსელო კონტინი (ბრაზილია)

3 ჰუსეინ რაჰიმლი (აზერბაიჯანი)

5 ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124879