ბუდაპეშტური ევროპირველობის მესამე დღე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის, წინა ორ დღესთან შედარებით, ნაკლებად შედეგიანი აღმოჩნდა. კაცების ბოლო სამი წონითი კატეგორია ისე ჩაჭიდავდა, დარბაზში საქართველოს ჰიმნი არ გაჟღერებულა. არადა, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე ორ ქართველ ძიუდოისტს თითო გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა.
ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდის წევრთაგან, გულშემატკივრები გამორჩეულად შედეგს ვარლამ ლიპარტელიანისგან ელოდნენ. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის ქართველი ლიდერი, უნგრეთში ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩავიდა და ცხადია, პირველ ნომრად იყო განთესილი. ტურნირში მეორე წრიდან – მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთო და შვეიცარიელ სირილ გროსკლაუსს ორწუთნახევარში ორი ვაზარი შეუსრულა.
მერვედფინალში, ჰოლანდიელ ჯილომ ელმონთან უმძიმესი ბრძოლა გადაიტანა. ძირითადი ხუთწუთეული უილეთოდ გაილია, ძიუდოისტებმა მსაჯისგან სამ-სამი გაფრთხილება მიიღეს, მაგრამ ლიპარტელიანმა ბეწვის ხიდზე გაიარა – შიდოებით 2:3-ს აგებდა და წონასწორობა საფინალო სირენამდე 7 წამით ადრე აღდგა. ოქროს დრო წუთნახევრის დაწყებული იყო, ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქე იპონზე რომ დააგდო. ცნობისთვის, 31 წლის ელმონი მსოფლიოს 2005 წლის ჩემპიონი და ევროპის სამგზის პრიზიორია, ოღონდ, ერთი წონითი კატეგორიით დაბლა – 81 კილოგრამში.
მეოთხედფინალში ვარლამ ლიპარტელიანი ლიტველ კაროლის ბაუზას დაეჭიდა და მესამე წუთზე აღებული იუკოთი სძლია. შეხვედრის ბოლო ორ წუთში, ჩვენებურმა ისეთი ტაქტიკით შეინარჩუნა უპირატესობა, ქართველებს რომ არ სჩვევიათ – მოწინააღმდეგე მუდმივად პარტერში გადაჰყავდა და მართალია, შებოჭვამდე და მტკივნეულამდე საქმე ერთხელაც ვერ მიიყვანა, მაგრამ ბაუზას, შეხვედრის გადარჩენისთვის ძვირფასი დრო თავის დაცვაში გაატარებინა.
ნახევარფინალში, ლიპარტელიანის გარდა, გერმანელი მარკ ოდენტალი და ორი რუსი: კირილ დენისოვი და კირილ ვოპროსოვი გავიდნენ. დასკვნით ბრძოლებში, ქართველ ძიუდოისტს სწორედ რუსებთან მოუხდა დაპირისპირება. ვოპროსოვთან ევროპის შარშანდელი ჩემპიონატის გუნდურ პირველობაზე იპონით ჰქონდა მოგებული. ამჯერადაც დაამწუხრა, ოღონდ მხოლოდ იუკოთი. ფინალში კი, კირილ დენისოვთან პირადი შეხვედრების უარყოფითი ბალანსი უფრო გაიუარესა – მესამე წუთზე ვარლამი იუკოთი დაწინაურდა, მაგრამ ერთ წუთში, უკვე იუკოზე თავად დავარდა. საფინალო სირენამდე 41 წამით ადრე კი მეორე იუკო დაკარგა და დარჩენილ დროში ისღა მოახერხა, რომ მოწინააღმდეგე სამ გაფრთხილებამდე აიყვანა. ამ შიდოებმა კი ვერაფერი შეცვალა და ევროპის ჩემპიონი დენისოვი გახდა.
დღის განმავლობაში მეორე, ევროპირველობაზე კი მესამე ვერცხლის მედალი საქართველოს ნაკრებს მძიმეწონოსანმა ადამ ოქრუაშვილმა მოუტანა. იგი ტურნირზე მეორე ნომრად იყო განთესილი და წინასწარვე ცნობილი იყო, რომ პირველ ნომერსა და უმთავრეს ფავორიტს, ევროპის 2-გზის, მსოფლიოს 4-გზისა და ოლიმპიურ ჩემპიონ ტედი რინერს ფინალამდე არ შეხვდებოდა. ფრანგმა გოლიათმა გადამწყვეტ შეხვედრამდე სამი მეტოქე ისე ჩამოიცილა, სრული საჭიდაო დრო ერთხელაც არ დასჭირვებია, მაგრამ ილეთი ერთადერთხელ გააკეთა. სხვა შემთხვევებში საწადელს მოწინააღმდეგეთათვის მსაჯებისგან დარიგებული შიდოების ხარჯზე აღწევდა. ბელარუსი ალექსანდრ ვახავიაკი შეხვედრის დაწყებისთანავე ვაზარზე დააგდო. პირველი წუთის მიწურულს კი იპონიც შეუსრულა. ფრანგ ჟან-სებასტიან ბონვუასინს სამ წუთში, ორი ვაზარით გაუსწორდა. ხოლო სლოვენიელ მატიაჟ სერაჟს ვაზარ-იუკოთი აჯობა.
ფინალი უილეთოდ გაილია, მაგრამ ქართველმა მძიმეწონოსანმა გაფრთხილებებით 1:3 წააგო. ნეიტრალურ გულშემატკივართა უმრავლესობა ოქრუაშვილს გულშემატკივრობდა და მსაჯის გადაწყვეტილებებიც არაერთხელ გააპროტესტეს.
დღესვე, ბუდაპეშტურ ტატამზე 100 კილოგრამში მოჭიდავე დავით ლორიაშვილიც გავიდა, მაგრამ სადებიუტო ევროპირველობას საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშა – ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო და რუსეთის ნაკრების წევრ ადლან ბისულტანოვთან ოთხი გაფრთხილებით დამარცხდა.
სამ-სამი ოქრო-ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მომპოვებელმა საქართველოს ნაკრებმა, ინდივიდუალური პირველობის საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა და უახლოეს მდევრებს გვარიანი უპირატესობით გაუსწრო. დღეს რომ რომელიმე ქართველს ფინალში ემარჯვა, ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდი არა მარტო კაცებში, არამედ ქალებისა და კაცების ერთობლივ გუნდურ ჩათვლაშიც გაჩემპიონდებოდა. ხვალ კი, ოფიციალური გუნდური პირველობა გაიმართება.
უკვე ჩატარდა წილისყრა, რომელშიც მონაწილეობა 15 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო. ევროპის მოქმედი ჩემპიონი – საქართველოს ნაკრები პირველ ნომრად განთესეს და ამის გამო, პირველ წრეში დაისვენებს, მეორე წრეში კი ლატვიასა და უნგრეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ბადის ამავე მხარეს მერვედფინალისტები ასე დაწყვილდნენ: პოლონეთი - იტალია, ჩეხეთი - ჰოლანდია.
მეორე ნომრად რუსეთი იყო განთესილი, რომელიც პირველ წრეში აზერბაიჯანს დაუპირისპირდება. ბელარუსი სლოვენიას შეხვდება, უკრაინა - ავსტრიას, ხოლო საფრანგეთი - გერმანიას.
ძიუდო
ევროპის ჩემპიონატი
ბუდაპეშტი
კაცები
25 აპრილი
60 კგ
1 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
2 ლუდოვიკ ჩამარტინი (შვეიცარია)
3 არტემ არშანსკი (ისრაელი)
3 ეშლი მაკკენზი (ბრიტანეთი)
66 კგ
1 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)
2 კამალ ხან-მაგომედოვი (რუსეთი)
3 დიმიტრი დრაგინი (საფრანგეთი)
3 დავიდ ლაროში (საფრანგეთი)
26 აპრილი
73 კგ
1 როკ დრაკშიჩი (სლოვენია)
2 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)
3 ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო)
3 პიერ დუპრა (საფრანგეთი)
81 კგ
1 ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო)
2 ტომისლავ მარიანოვიჩი (ხორვატია)
3 ჟოაკიმ ბოტიე (ბელგია)
3 ლუის პიეტრი (საფრანგეთი)
5 ლევან წიკლაური (საქართველო)
27 აპრილი
90 კგ
1 კირილ დენისოვი (რუსეთი)
2 ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)
3 კირილ ვოპროსოვი (რუსეთი)
3 კაროლის ბაუზა (ლიტვა)
100 კგ
1 ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)
2 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია)
3 ევგენის ბოროდავკო (ლატვია)
3 სირილ მარე (საფრანგეთი)
+100 კგ
1 ტედი რინერი (საფრანგეთი)
2 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)
3 ბარნა ბორი (უნგრეთი)
3 ჟან-სებასტიან ბონვუასინი (საფრანგეთი)
გუნდური ჩათვლა. კაცები
ო ვ ბ V VII
1 საქართველო 3 3 1 1 0
2 რუსეთი 1 1 1 3 2
3 საფრანგეთი 1 0 6 0 0
4 სლოვენია 1 0 0 1 0
5 ჩეხეთი 1 0 0 0 1
6 ჰოლანდია 0 1 0 0 1
7 ხორვატია 0 1 0 0 0
7 შვეიცარია 0 1 0 0 0
9 ბელგია 0 0 1 1 1
9 ისრაელი 0 0 1 1 1
ძიუდოს ფედერაციის ფოტოები







