ბულგარეთის ღია პირველობაზე ჭადრაკში, რომელსაც ქალაქი პლოვიდივი მასპინძლობს, მე-4 ტურის პარტიები შედგა, ქართველებმა კი წარმატებით ითამაშეს. შოთა აზალაძემ (2466) შავი ფიგურებით იტალიელ კანევ ჯირეტის (2186) სძლია, ხოლო ლუკა პაიჭაძემ (2520) თეთრებით ბერძენი მარია მანელიდუ (2040) დაამარცხა.
გასული ტურის შედეგებით, აზალაძე 3.5 ქულით მე-14 ადგილზე დამკვიდრდა, პაიჭაძემ კი 3.0 ქულით 48-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. მე-5 ტურში აზალაძე თეთრი ფიგურებით რუმინელ მირჩეა-ემილიან პარლიგრაშს (2633) ეთამაშება, ხოლო პაიჭაძე შავებით ბულგარელ ბოილ ბანოვს (2211) დაუპირისპირდება.
ამ დროისთვის, ქულათა მაქსიმუმით ბულგარეთის ჩემპიონატს 8 მოჭადრაკე ლიდერობს, რომელთა სათავეშიც უმთავრესი ფავორიტი ივან ჩეპარინოვი (2709) იმყოფება, მას კი კვალში ალექსანდრ ფიერი (ბრაზილია, 2577), ბარტლომეი ჰებერლა (პოლონეთი, 2545), ვლადიმირ პეტკოვი (ბულგარეთი, 2559), ვლადისლავ ნევედნიჩი (რუმინეთი, 2542), ნიკოლა ჯუკიჩი (მონტენეგრო, 2537), მარიან პეტროვი (ბულგარეთი, 2518) და ვლად-კრისტიან ჯიანუ (რუმინეთი, 2500) უდგანან.







