ზედიზედ მეორე წელია, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატს ვერცხლის მედლით ასრულებს. შარშან კონტინენტის ჩემპიონობამდე ერთადერთი გამარჯვება ვლადიმერ ხინჩეგაშვილს დააკლდა, ამჯერად კი კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ბესიკ გუჩაშვილი ავიდა.
ორივე შემთხვევაში ქართველ მოჭიდავეებს წინ რუსეთის ნაკრების წევრი, აწ უკვე ევროპის სამგზის ჩემპიონი ჯამალ ოთარსულთანოვი გადაეღობა.
ბელგრადში მიმდინარე ევროპირველობაზე, ფინალამდე გუჩაშვილმა ოთხი მეტოქე ჩამოიშორა. ტურნირი ლიტველი შარუნას ჟურკისის ორ სეტში (1:0 6:0) ძლევით გახსნა. მეორე წრეში ტიტულოვან თურქ აჰმედ პეკერთან პირველი სეტი 0:3 წააგო, მაგრამ შეხვედრის სათავისოდ შეტრიალება მაინც შეძლო. მეოთხედფინალში ასევე სამსეტიანი ბრძოლა გადახდა უკრაინელ იგორ ხავალჯისთან, ნახევარფინალში კი მოლდოველ ალექსანდრუ ჩირტუაკას გაცილებით იოლად გაუსწორდა. გადამწყვეტ შეხვედრაში გუჩაშვილმა მხოლოდ პირველი სეტი ჩაატარა.
ქართველი მსუბუქწონოსანი თავიდანვე პასიურად გამოიყურებოდა და ორწუთეული 0:5 დათმო. პასიურობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი მხრის ტრავმა აღმოჩნდა, რომლის გამოც ბესიკ გუჩაშვილმა ჭიდაობა ნაადრევად შეწყვიტა და კარიერაში მეორე ევროპული ვერცხლი მოინაგრა. შეგახსენებთ, პირველი 2009 წლის ევროპირველობაზე აიღო.
დღესვე ჩემპიონ-პრიზიორები 60 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც გამოვლინდნენ და საქართველოს ნაკრების წევრი ამ წონაშიც გაპრიზიორდა. მალხაზ ზარქუა ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა - მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის აზერბაიჯანელ ვერცხლის პრიზიორ ტოგრულ ასგაროვთან 1:5 0:5 დამარცხდა. მას შემდეგ, რაც ასგაროვი ფინალში გავიდა, ზარქუამ რეპეშაჟი ჩაინაცვლა და ბრინჯაოს გზაზე ორი შეხვედრა მოიგო. ჯერ თურქ მუნირ რეჩეპ აკტაშს გასცდა, დაძაბულ სამსეტიან დაპირისპირებაში. დამამშვიდებელ ფინალში კი მართალია რუმინელ გეორგე ბუკურს ორ სეტში (3:0 1:1) აჯობა, მაგრამ მეორე სეტის მიწურულს მარცხს წამის მეათედით გადაურჩა. მაშინ, როდესაც ანგარიში ზარქუას სასარგებლო ფრე იყო, ბუკურმა გდება შეასრულა. მსაჯებმა გადაწყვიტეს, რომ ქართველი მოჭიდავე ბეჭებზე საფინალო სირენის შემდეგ დავარდა და ილეთი არ შეაფასეს. რუმინული პროტესტის შემდეგ, მსაჯების სიმართლე ვიდეოჩანაწერმაც დაადასტურა და მალხაზ ზარქუამ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
ევროპირველობის მესამე დღეს – 8 მარტს საქმეში 74 და 120 კილოგრამი წონითი კატეგორიების მოჭიდავეები ჩაერთვებიან. საქართველოს სახელით დავით ხუციშვილი და დავით მოძმანაშვილი იჭიდავებენ. ხუციშვილის მეტოქე მეთექვსმეტედფინალში თურქი სონერ დემიტრაში იქნება. მოძმანაშვილი კი მერვედფინალით დაიწყებს, სადაც უნგრელ დანიელ ლიგეტის დაუპირისპირდება.
თავისუფალი ჭიდაობა
ევროპის ჩემპიონატი
ბელგრადი
7 მარტი
55 კგ
1 ჯამალ ოთარსულთანოვი (რუსეთი)
2 ბესიკ გუჩაშვილი (საქართველო)
3 რადოსლავ მარინოვ ველიკოვი (ბულგარეთი)
3 აჰმეტ პეკერი (თურქეთი)
60 კგ
1 ტოგრულ ასგაროვი (აზერბაიჯანი)
2 ანატოლი გუიდეა (ბულგარეთი)
3 მალხაზ ზარქუა (საქართველო)
3 რასულ მურთაზალიევი (რუსეთი)
ოთარ მაღლაკელიძე







