სტუდენტი ფერნანდო და ბატონი ესტებანი მეზობლები არიან. კარაკასში, ერთ-ერთ მიყრუებულ ქუჩაზე, რომელსაც ბედის ირონიით “გამარჯვების ქუჩას“ ეძახიან, მრავალსართულიან კორპუსში ცხოვრობენ და ერთმანეთს, ძირითადად, საღამოობით ხვდებიან. ესტებანი ფანჯრიდან ხედავს, როგორ შემოდის სადარბაზოში ლექციებიდან დაბრუნებული მისი ახალგაზრდა მეგობარი და ფანჯრიდანვე უქნევს ხელს. ბატონი ესტებანი მოხუცი მეცნიერია, რომელიც დღეს ვენესუელაში აღარავის სჭირდება და არც მისი “ცოტა სხვანაირი იდეები“ ეხატება ზოგიერთს გულზე. ფერნანდო კი სწორედ იმ უნივერსიტეტში სწავლობს, საიდანაც ბატონი ესტებანი უგო ჩავესის აუგად ხსენებისათვის დაითხოვეს. ზის ესტებანი მთელი დღე სახლში კითხულობს ბევრი ხმარებისაგან დაფურცლულ წიგნებს, მალი-მალ საათზე იხედება და ფეხბურთის დაწყებამდე დარჩენილ დროს ანგარიშობს. ამ კაცს ფეხბურთი ჯერ კიდევ მაშინ უყვარდა, როდესაც ვენესუელის ნაკრები ბეჩავი და ყველასგან გათელილი იყო და როდესაც სამფეროვნები ყველასთან კოშმარული ანგარიშით მარცხდებოდნენ. ადრე, ბატონ ესტებანს სტუდენტებთან არაერთხელ უთქვამს, რომ ვენესუელელები ასეთ ცუდ გუნდს არ იმსახურებენ და მათი სიბეჩავე აუცილებლად დასრულდებოდა. საკმარისია ეკრანზე თვალი მოჰკრას და ყველანაირ ფეხბურთს უყურებს. მისთვის მნიშვნელობა არ აქვს ჩემპიონატებსა და ლიგებს, გუნდების დონესა და კლასს, წარსულსა და მომავალს. საკმარისია ტელევიზორში მინდორზე გამოსული 22 ყმაწვილი დალანდოს და ჯერ სათვალეს მოიხსნის, კარგად გააპრიალებს, მერე გვერდით გადადებს ასჯერ უკვე წაკითხულ წიგნს, მიაჩოჩებს თავის დაფლეთილ სავარძელს ტელევიზორთან და მხოლოდ მაშინ ავიწყდება ყველა წყენა და ტრაგედია, რაც კი ცხოვრებაში შეხვედრია. ავიწყდება თავისი საყვარელი უნივერსიტეტიდან გამოგდებაცა და სიღარიბეც, “მანიაკი უგო“ (სწორედ ამ ეპითეტით მოიხსენიებს ხოლმე უგო ჩავესს) და მთელი მისი ბანდა.
აი, ასეთი უცნაური კაცია ბატონი ესტებანი, რომელიც მთელი დღე ზის ფანჯარასთან, კითხულობს, მოელის თავის ახალგაზრდა მეგობარს – ფერნანდოს და წამდაუწუმ თავის ძველ, მოვერცხლილ საათზე იცქირება.
ფერნანდოს გასტუდენტება, ფეხბურთის სიყვარული და კომუნისტების ზიზღი მთლიანად ბატონი ესტებანის დამსახურებაა. დღენიადაგ სამუშაოს ძებნაში გართულმა ესტებანის მშობლებმა ვერც კი გაიგეს, თუ როგორ ისწავლა მათმა შვილმა წერა-კითხვა, როგორ დაიწყო წიგნების ფურცვლა და როგორ გახდა ანტიკომუნისტი სტუდენტი... თუკი ფერნანდოს ცოტა ფული ჩაუვარდება ხელში და იმ დღეს რაიმე კარგი მატჩია, მიდის კარაკასის ძველ ბაზარში ყიდულობს უბრალო გლეხურ ღვინოს, ცოტა ხილსა და სურნელოვან ბოლივიურ ყველს. გაახვევს სასუსნეულობას გაზეთში და ადის ბატონ ესტებანთან, ფეხბურთის სანახავად. დასხდებიან გვერდიგვერდ, გამოაღებენ ფანჯარას, წრუპავენ ღვინოს და თამაშის ყველა ეპიზოდზე კამათობენ. ფერნანდოს მიაჩნია, რომ თუ ფეხბურთელს ტექნიკა საერთოდ არა აქვს, სჯობს, ფეხბურთს შეეშვას და სხვა საქმეს მოჰკიდოს ხელი. ბატონი ესტებანი კი ფიქრობს, რომ ფეხბურთს სწორედ ნაკლებად ტექნიკური და შედარებით უნიჭო ხალხი სძენს ხიბლს, რადგან ყველა ფეხბურთელი თუ ერთნაირად მაგარი და ნიჭიერი იქნება, ვერც ლამაზ გოლებს ვნახავთ და ვერც თვალსასეირო გარღვევებს...
როდესაც 2011 წლის კოპა-ამერიკა დაიწყო, ფერნანდო ამბობდა, რომ ვენესუელა ჯგუფიდანაც კი ვერ გავიდოდა და წინასწარ უნდა შეგუებოდნენ ამ აზრს. ამაზე ბატონი ესტებანი გაცხარდებოდა, წამოხტებოდა თავისი მოფურტკნული და ზამბარებამოჩრილი სავარძლიდან, გაიშვერდა ხელს კედელზე გაკრული ლუის მენოტის ფოტოსურათისაკენ და დაიძახებდა: “ამასაც ყველა ეუბნებოდა, არაფერი გამოგივაო, მაგრამ ხომ გამოუვიდა! აი, ნახე და დაიმახსოვრე, ჩვენც გამოგვივა!“. კოპა-ამერიკის დაწყებიდან გადიოდა დღეები. იგებდა ვენესეულა თამაშებს და თავის ციცქნა ოთახში ადგილს ვეღარ პოულობდა სიხარულისგან გაგიჟებული ბატონი ესტებანი. დაზოგილი კაპიკებით ვენესუელის დროშაც კი იყიდა და ჭიკარტებით მიაკრა კედელზე. როგორც იქნა, დადგა ნანატრი ნახევარფინალი, სადაც სასწაულებრივად გასული ვენესუელა პარაგვაელებს უნდა შეხვედროდა. ბატონმა ესტებანმა დილიდანვე დაიწყო სამზადისი. გულდაგულ გამოგავა თავისი ოთახი, წავიდა საპარიკმახეროში და თმები ლამაზად შეიჭრა. სახლში დაბრუნების დროს კი, დარჩენილი ფულით რამდენიმე ბოთლი ლუდიც იყიდა და ფერნანდოს მოლოდინში, 15 წლის წინათ მივიწყებული მავნე ჩვევა – სიგარეტის მოწევაც კი გაიხსენა. თამაშამდე რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი, როდესაც კარზე ბრახუნი ატყდა. ფერნანდო ასე არასოდეს აბრახუნებდა, მაგრამ სხვა ვინ უნდა ყოფილიყო? მართლაც სხვები იყვნენ. ორნი, ჯმუხები და დაბღვერილები. ორივემ ერთდროულად იშიშვლა პოლიციელის მოწმობა და ასევე ერთდროულად ჩაურაკრაკეს, რომ: “იგი დაკავებულია ფერნანდო კავიედესითან ერთად, ანტისახელმწიფოებრივი საიდუმლო ორგანიზაციის ჩამოყალიბებისათვის“. შემდეგ კი, გაოგნებისაგან თვალებდაჭყეტილ ბატონ ესტებანს აქეთ-იქით დაუდგნენ, მხრებში ხელი მოჰკიდეს და საშინელი სისწრაფით ჩაარბენინეს კიბეები. სანამ ავტომობილში ჩატენიდნენ, ესტებანს ყურში ჯერ ისევ ჩაესმოდა თავისი ბინის ღიად დარჩენილი ფანჯრიდან გამომავალი ტელევიზორის ხმა. ფანჯრიდან კი, არც მეტი, არც ნაკლები - ვენესუელას სახელმწიფო ჰიმნი ისმოდა. ნეტა ანგარიშს მაინც თუ მეტყვიან “იქ“ – გაიფიქრა და მანქანაც დაიძრა...
ლევან სეფისკვერაძე







