თურქეთში შოთა არველაძის მწვრთნელის რანგში წარმატებული მოღვაწეობის დაწყების შემდეგ, საქართველოში, ბუნებრივია, განსაკუთრებით გაიზარდა თურქული ფეხბურთისადმი ინტერესი. ამაზე, თუნდაც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ თბილისში ბევრმა ქომაგმა დაიწყო ფულის შეგროვება, რათა ერთხელ მაინც შეძლონ თურქეთის პატარა ქალაქ კაისერში ჩასვლა და შოთას მიერ დამოძღვრილი “კაისერსპორის” რომელიმე მატჩის ხილვა. თურქეთი ხომ იმ გამანკლისქვეყანათაგანია, სადაც ქართველებს, ფაქტობრივად, უპრობლემოდ შეუძლიათ შესვლა და ამ შანსის გამოუყენებლობა როგორ იქნება?!...
თურქული ფეხბურთის აღორძინება ბოლო 20 წელია გეგმაზომიერად მიმდინარეობს და მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ ხანებში, თურქებმა სხვადასხვა ტურნირებში წაგებას მოუხშირეს, ვერავინ იტყვის, რომ ჩვენი სამხრეთ-მეზობლები სწორ გზაზე არ დგანან.
ოდესმე გინახავთ, ან გსმენიათ, რომ საქართველოში რომელიმე პატარა ქალაქის საფეხბურთო კლუბის ახალგაზრდა ქომაგებს, კაპიკებით აგროვებული ფულით ნაყიდი ავტომანქანა საყვარელი კლუბის დროშის ფერებში შეეღებოთ? ამას იზამენ და ნაცნობ-ახლობლებისგან ქილიკი და დაცინვა განაღდებული აქვთ. ამ დროს კი, 1 თვის წინ, თბილისში პატარა თურქული კლუბის – “კონიას” საკლუბო ფერებით აჭრელებული მანქანა ვნახე, რომელშიც 3 ყმაწვილი თურქი ქომაგი იქდა და მცხეთისკენ მიიჩქაროდა. “გალათასარაის”, “ფენერბახჩესა” და მის მსგავს “ბობოლებს” რომ მრავალრიცხოვანი თავგადაკლული ფანები ჰყავთ, ეს უკვე ევროპაშიც გაიგეს და ბევრმა ევროპელმა მწარედაც იწვნია თურქული ქომაგობის “ხიბლი”, მაგრამ თურქეთში მხოლოდ სუპერკლუბებს რომ არ ეთაყვანებიან, სწორედ ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქართველებს სხვა მაგალითების ძიებისა და კავკასიონის იქით გაჭვრეტის გარეშეც შეგვიძლია მშვენიერი მაგალითები ავიღოთ და მთელი ის სიკარგეები გადმოვიღოთ, რამაც თურქეთში ფეხბურთი ესოდენ წარმატებული და მიმზიდველი გახადა.
სწორედ ამიტომაც, მშვენიერ იდეად და წამოწყებად მიმაჩნია ის, რომ ქართველი ქომაგების ერთ ნაწილს კაისერში წასვლა და შოთას გუნდის თამაშის ხილვა აქვს გადაწყვეტილი, რადგან მსგავსი ვოიაჟები, ბუნებრივად გამოიწვევს ჩვენი რეალობისადმი პროტესტსა და იმის სურვილს, რომ საქართველოშიც დავნერგოთ ის ყველაფერი, რაც თურქებმა, არცთუ დიდი ხნის წინ გადმოიღეს ევროპელებისაგან და რამაც თურქეთის ნაკრებს, მსოფლიო თუ ევროპულ მუნდიალებზე დიდი წარმატებები, “გალათასარაის” კი ევროპული თასი მოუტანა.
წინასწარ ვიცი, რომ ქართული ფეხბურთის ბევრი ქომაგი ეჭვის თვალით შეხედავს ამ ყველაფერს და იტყვის: “რა დროს თურქეთში საგულშემატკივროდ სიარულია, როდესაც ჩვენი ჩემპიონატის მატჩებზე ძალიან ცოტა ხალხი დადის და ოსმალეთში ყიალს, ისევ ჩვენი “ეროვნულის” თამაშებზე სიარულს დაეძალეთო”. ამ ხალხის ძალიან კარგად მესმის და არ ვაპირებ ვინმესთან დისკუსიაში შესვლას. უბრალოდ, მიმაჩნია, რომ მსგავს ვიოაჟებს ძალიან ბევრი დადებითი რამ შეიძლება მოჰყვეს და სხვა ყველაფერთან ერთად, ხელს საგულშემატკივრო კულტურის აღორძინებასაც შეუწყობს.
გულსატკენი ის გახლავთ, რომ რამდნიმე ათეული წლის წინ, ქართული ფეხბურთი (მართალია, “დიდი საბჭოთა ფეხბურთის~ ნაწილი, მაგრამ მაინც ქართული) უფრო მაღლა იდგა თურქულ ფეხბურთზე და ამას, ჩვენი მეზობლებიც აღიარებდნენ. გასული საუკუნის 70-იან წლებში, თბილისში ამხანაგურად საპაექროდ ჩამოსული იყო თურქეთის ერთ-ერთი კლუბი. თურქული ენის სპეციალისტი, 83 წლის სამსონ ებრალიძე იხსენებს: “სტადიონზე თურქ ჟურნალისტს მიმამაგრეს. ყველაფერი აინტერსებდა და წამდაუწუმ მისვამდა კითხვებს. განსაკუთრებით უკვირდა ის, რომ მთელი სტადიონი ბოლომდე იყო სავსე და ტრიბუნებზე ბევრი ქალიც იჯდა. მეუბნებოდა: ჩვენთან სპორტულ თამაშებზე ქალების დასწრება წარმოუდგენელიაო. ძალიან მოეწონა ჩვენი სტადიონი და ამბობდა, ასეთი სტადიონი ჩვენთანაც მალე აშენდება და თურქულ ფეხბურთაც მალე ეშველებაო”.
თურქულ ფეხბურთს მართლაც ეშველა. ახლა კი დროა, ჩვენც მივხედოთ საკუთარ თავს. თურქეთის დარი კარგი მაგალითების გარეშე კი, არაფერი გამოვა.
ლევან სეფისკვერაძე









