ინტერვიუები

11:17 | 25.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ გაბელია: “მჭედლიძის კარგი თამაში რომ გამიხარდა, მჭედლიძეს უნდა ეწყინოს?”

“თურქეთის 21-წლამდელთა ნაკრებთან შეხვედრაში ლევან მჭედლიძე გამოგვადგებოდა. თუ “ემპოლიში” შეძლო 20 წუთი თამაში, თურქეთში ვერ შეძლებდა? არ მესმის, რა ეწყინა ლევანს. ის, რომ მისი კარგი თამაში გამიხარდა? როცა გავიგე, “ემპოლიში” ბრუნდებოდა, იტალიაში წასვლამდე ორი დღით ადრე ვკითხე, თურქეთთან თამაშისთვის გამოგიძახო-მეთქი? მიპასუხა, კი ბატონო, რა თქმა უნდა, ჩამოვალო”, – ეს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ოთარ გაბელიას სიტყვებია, რომელიც “მსოფლიო სპორტთან” საუბარში თქვა.
შეხსენებისთვის, 3 დღის წინათ, მჭედლიძის ინტერვიუ შემოგთავაზეთ, სადაც ფეხბურთელი გაბელიაზე წყენას არ ფარავს: “როდესაც ჩემზე ამბობენ, ახალგაზრდულ ნაკრებს არ კადრულობსო, სიმწრით მეცინება. ყოფილა შემთხვევები, ტრავმირებული ჩამოვსულვარ ნაკრებში და მითამაშია, სანამ შემეძლო. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ჩემთვის საქართველოს სახელით თამაში ყველაზე ძვირფასია. რა შუაშია, ეროვნული ნაკრები იქნება თუ 17-წლამდელების, საქართველოს სახელით გამოსვლაზეა ლაპარაკი. საქართველო – თურქეთის 21-წლამდელთა მატჩის წინ კი ასეთი რამ მოხდა – ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა ოთარ გაბელიამ ისე გამომიძახა, არ უკითხავს, ვიყავი მზად თუ არა. იმ პერიოდში “ემპოლიში” შეცვლაზე ვითამაშე “ფროსინონესთან”. აქ მოხდა საინტერესო ფაქტი, ერთ-ერთი გაზეთის ჟურნალისტი გაბელიას ეკითხება, როგორ ითამაშა მჭედლიძემ “ფროსინონესთანო”. გაბელიამ უპასუხა, ნორმალურადო. სამ დღეში, როდესაც გაბელიას ვუთხარი, რომ მზად არ ვიყავი სათამაშოდ და თურქეთთან მატჩისთვის ვერ ჩამოვიდოდი, გაზეთში კიდევ იყო კითხვა მასთან – როგორ ითამაშა მჭედლიძემო (ისევ “ფროსინონესთან” მატჩზე იყო საუბარი, რადგან სხვა შეხვედრა არ ჩამიტარებია) და ამჯერად გაბელიამ ასე უპასუხა: “ძალიან კარგად ითამაშა”. ნორმალურად და ძალიან კარგად თამაშს შორის განსხვავებაა. ეს მეწყინა მისგან. არ უნდა გამოვეყვანე ისეთ ადამიანად, რომელიც ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშს არ კადრულობს. მე ვთვლი, რომ გაბელიამ ვერ გამიგო და არ იყო იმ მომენტში მართალი”.
ახლა კი გაბელიას პასუხი:
- ინტერნეტში ვნახე “ემპოლის” მატჩის ბოლო 20 წუთი, სადაც მჭედლიძემ ითამაშა.  სექტემბრის პირველ რიცხვებში ჯერ თურქეთთან, მერე კი სომხეთთან გვქონდა შესარჩევის მატჩები. თან, მათე ვაწაძეს ტრავმა ჰქონდა, რევაზ ბარაბაძე უგუნდოდ იყო და ლევანი აუცილებლად დაგვჭირდებოდა. თუ “ემპოლის” მწვრთნელი ატყობს, რომ ფეხბურთელს 20 წუთი თამაში მაინც შეუძლია, ჩვენც ამ დროს დავუთმობდით. თან, თურქეთთან ისეთი თამაში იყო, მჭედლიძე გამოგვადგებოდა. ბურთის დაჭერა იცის, სტანდარტულებზე გვექნებოდა იმედი, მაღალი ბიჭია, თავით კარგად თამაშობს. საერთოდ, ჩემი მტკიცება რად უნდა, რომ მჭედლიძეს ფეხბურთის თამაში მშვენივრად შეუძლია. ახლა მე ვარ ნაწყენი, რატომ ამბობს ასეთ რამეს, თითქოს მე მოვიქეცი არასწორად.
- მჭედლიძეს თქვენი სიტყვები ეწყინა – ჩემზე ჯერ თქვა, ნორმალურად ითამაშაო, მერე კი, როცა გაიგო არ ჩამოვდიოდი, თქვა, ძალიან კარგად ითამაშაო.
- თუნდაც ეს მეთქვა, მერე? ცუდი ვთქვი რამე? ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ მაგ სიტყვებით რამე ზიანი მივაყენე მჭედლიძეს. ჩემი ახლობლის შვილია, ოჯახს ვიცნობ, თვითონ ლევანი ჩემს თვალწინ გაიზარდა. უბრალოდ, სჯობს, ფეხბურთის თამაშს მეტი ყურადღება დაუთმოს, ვიდრე ასეთ საუბარს. გამიკვირდა მისგან. გაზაფხულზე რომ გვქონდა შესარჩევი მატჩები, მაშინაც რამდენჯერ ვთქვი და ინტერვიუებშიც აღვნიშნე, მჭედლიძე გვაკლია-მეთქი. როგორ გვინდოდა, მალე დაეწყო თამაში და აი, “ემპოლიში” რომ გადავიდა, გამიხარდა. და ეს ეწყინა ლევანს, რომ მისი კარგი თამაში გამიხარდა?
- მჭედლიძემ როგორ გაგაგებინათ, რომ არ ჩამოდიოდა? პირადად თქვენ შეგეხმიანათ?
- ფედერაციაში გამოგზავნა წერილი.
გაბელიას სხვა თემებზეც ვკითხეთ. კერძოდ, ზუგდიდის “ბაიაში” შექმნილ რთულ ფინანსურ მდგომარეობაზე. როგორც იცით, გაბელია “ბაიას” მწვრთნელ-კონსულტანტია.
“სამწუხაროდ, სიახლე არაფერია. ადგილობრივი ბიჭები ვარჯიშობენ და თამაშობენ, მადლობა მათ, ბოლო 2 მატჩი მშვენივრად ჩაატარეს და 6 ქულა აიღეს. რაც შეეხება კლუბიდან წასულ ფეხბურთელებს, მათ საკითხს “ბაიას” ხელმძღვანელობა გადაწყვეტს. ის, რომ ხელფასების დარიგებამდე რამდენიმე დღე ვერ მოითმინეს, ხელმძღვანელობას არ ესიამოვნა და სავარაუდოდ, კლუბში ამ ფეხბურთელებს აღარ დააბრუნებენ”.
და 21-წლამდელთა ნაკრებზეც. გაბელიას წლეულს დეკემბერში უმთავრდება კონტრაქტი და როგორც თავად გვითხრა, ჯერ არ იცის, ახალ ხელშეკრულებას გაუფორმებენ თუ არა. თუმცა, თითქმის გადაწყვეტილია, რომ გაბელია მომდევნო შესარჩევ ციკლშიც გაწვრთნის ახალგაზრდულ ნაკრებს.
“ვნახოთ, რას გადაწყვეტს ფედერაცია, მაგრამ პოსტზე დარჩენა მსურს. ჯერ ევრო-2013-ის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრა არ ყოფილა, ამიტომაც ამხანაგური მატჩების დაგეგმვას ვერიდებით”, - თქვა ბოლოს გაბელიამ.

 

ილია ნანობაშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095297