ინტერვიუები

15:51 | 4.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ გაბელია: “ხორვატიაში ქულის აღება ნებისმიერი გუნდისთვის დამაკმაყოფილებელი შედეგია”

2013 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის კენჭისყრამ, საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს ისეთი ჯგუფი არგუნა, რომ ოთარ გაბელიას იოლი მატჩის იმედი არ უნდა ჰქონდეს. ესპანეთი, ხორვატია და შვეიცარია ის გუნდებია, რომელთაგან ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება ნებისმიერს შეუძლია. არც ესტონეთის ახალგაზრდულია ხელწამოსაკრავი და მასთან იოლ გასეირნებას არავინ არ უნდა ელოდეს. ამ კომპანიაში მყოფმა ქართველებმა, ხორვატიაში წარმატებული სტარტი აიღეს და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს. გაბელიას და ივო შუშაკს ერთ ჯგუფში მოხვედრა თავიდანვე არ სურდათ. თუმცა, კენჭისყრამ სხვაგვარად გადაწყვიტა და საქართველოს ახალგაზრდულის თავკაცმა თავის ძველ ნაცნობს 3 ქულაც აართვა. თბილისში გამთენიისას დაბრუნებულ გაბელიას “მსოფლიო სპორტი” ხორვატიულ პერიპეტიებზე ესაუბრა.
- ხორვატიაში წასვლამდე ქულის მოპოვებაზეც თანახმა იყავით, მაგრამ გეგმა გადაჭარბებით შეასრულეთ. ასეთ შედეგს თუ ელოდით?
- ველოდი, არ ველოდი - სხვა საქმეა. ხორვატიაში ქულის მოპოვება ნებისმიერი გუნდისთვის დამაკმაყოფილებელი შედეგია. ხორვატებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ და ბევრს გაამწარებენ. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ჩვენ მოვუგეთ. ავსტრიულ ტურნირში მონაწილეობა რომ არ მიგვეღო, შესაძლოა, შემადგენლობის შერჩევისას ბევრი შეცდომა დაგვეშვა. მით უმეტეს, სასტარტო თამაშს ვატარებდით და ფაქტობრივად, ახალი გუნდი გვყავს. Mინდა, მადლობა ვუთხრა თემურ ქეცბაიას, რომ ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგური მატჩის ჩატარების საშუალება მოგვცა. იმ თამაშში ბევრი რამ გამოჩნდა. თან, ბიჭებმაც საჭირო გამოცდილება მიიღეს.
- სტუმრად თამაშობდით და ცოტა მოულოდნელი იყო სასტარტო შემადგენლობაში ამპლუით ერთბაშად სამი ფორვარდის – მჭედლიძის, ძალამიძისა და შეყილაძის გამოჩენა...
- სამი შემტევი კი არა, შუა ხაზში ყველა ის ფეხბურთელი გვყავდა, ვინც ბურთი “იცის”. ჩვენ  4-4-1-1 ტაქტიკით ვითამაშეთ. მარჯვენა მცველი აფაქიძე იყო, ხოლო მარცხენა – ჯიშკარიანი. დაცვის ცენტრში კვირკველია და კაკუბავა თამაშობდნენ. მარჯვენა ნახევარმცველად შეყილაძე დავაყენე, მარცხნივ – ყაზაიშვილი. ნახევარდაცვის ცენტრში თარხნიშვილი და კვეკვესკირი იყვნენ. გამოკვეთილ თავდამსხმელად მჭედლიძე თამაშობდა და მის უკან ძალამიძე მოქმედებდა. მეტოქის შეტევისას კვეკვესკირს ცენტრალური ზონის გადაკეტვა ევალებოდათ, ხოლო შეყილაძეს და ყაზაიშვილს - ფლანგებისა.
- ავსტრიული შეკრების შემდეგ თქვით, რომ დაცვაში პრობლემები გქონდათ. ხორვატებთან გოლი არ გაგიშვიათ, ე.ი. უკანა ხაზმა ნაკისრ ვალდებულებას თავი გაართვა?
- იმ შეკრების შემდეგ, დაცვის ხაზი შეიცვალა და მხოლოდ კაკუბავა დარჩა იმათგან, ვინც ავსტრიაში გვყავდა წაყვანილი. კარგად ითამაშა კვირკველიამ, რომელიც ყაზანის “რუბინის” დუბლებში გამოდის. ცოტ-ცოტა შეცდომა ყველას ჰქონდა, მაგრამ მაქსიმალურად კონცენტრირებულნი იყვნენ, თამაშამდე სწორედ ამას ვითხოვდი. ფეხბურთელებს სათამაშო დისციპლინა არ დაურღვევიათ. საგოლე მომენტები კიდევ გვქონდა – მჭედლიძეს შეეძლო გატანა, ძალამიძე მეკარესთან პირისპირ გავიდა და ვერ გაიტანა, ყაზაიშვილს მეკარემ აუღო.
- მეკარე მაკარიძემ როგორი შთაბეჭდილება დატოვა?
- დამაჯერებლად იდგა და უშეცდომოდ ითამაშა. გამოსვლებზეც ნორმალურად გამოიყურებოდა. მოგეხსენებათ, ხორვატებს ტანმაღალი ფეხბურთელები ჰყავთ და “სტანდარტულების” დროს მეტად სახიფათონი იყვნენ.
- ახალგაზრდულ ნაკრებს მომდევნო თამაშის ჩატარება სექტემბერში, ესპანეთის წინააღმდეგ უწევს. გუნდში ახალი სახეების გამოჩენა მოსალოდნელი თუ არის?
- ვინ როგორ ფორმაში იქნება, იმის მიხედვით ვათამაშებთ. თუ რომელიმე ახალი სახე გამოჩნდა, რად უნდა საუბარი, რომ მივიწვევთ. სიაში 60 კანდიდატი გვყავს და ყველას დავაკვირდებით.
- ხორვატია-საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა თამაშს როგორ შეაფასებთ? არსებულ ვითარებაში ეს თემურ ქეცბაიას გუნდის მაქსიმუმი იყო?
- ქეცბაია გუნდს კონტინგენტის შესაძლებლობებიდან გამომდინარე ტაქტიკით ათამაშებს. ჩემი მხრიდან თამაშის გარჩევა მიზანშეუწონელია, რადგან თემური ამის შესახებ თავად ისაუბრებს. ნაკრებმა უკანა ხაზში კონცენტრაცია ორჯერ დაკარგა და გოლებიც გავუშვით. ჯერჯერობით, საქმე ნორმალურად მიდის და ჩემი აზრით, ეროვნული ნაკრები სამივე დარჩენილ თამაშს მოიგებს.

 

ლაშა თაბაგარი     
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096796