ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ქართველმა თავდამსხმელმა ოთარ მარცვალაძემ, 2010 წელს რუსეთის პირველი დივიზიონის მასშტაბით, რაც მოსაგები იყო ყველა ინდივიდუალური პრიზი მოიგო. გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი და პოპულარული რუსული გამოცემა “სპორტ-ექსპრესის” ვერსიით სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ საკუთარმა კოლეგებმაც აღიარეს. ხსენებულმა გამოცემამ პირველი დივიზიონის 209 ფეხბურთელი გამოკითხა, რომელთა უმრავლესობამ, ქართველს დაუჭირა მხარი. მარცვალაძემ 202 ქულა დააგროვა და დიდი უპირატესობით აჯობა მეორე ადგილზე გასულ კრასნოდარელ სპარტაკ გოგნიევს (102) ქულა. “ვოლგას” ფორვარდს პირველი ადგილი 44-მა ფეხბურთელმა მიაკუთვნა, მეორე - 28-მ, ხოლო მესამე - 14-მა. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც “სპორტ-ექსპრესმა” რუსეთის პირველი დივიზიონის ტრიუმფატორს ჩამოართვა.
- ფეხბურთი თქვენთვის სამუშაოა, თუ ჰობი?
- მშობლები საკმაოდ ადრეულ ასაკში დავკარგე. ჩემი ცხოვრება არცთუ იოლად წარიმართა. ამიტომ, ფეხბურთი ჩემთვის არა მხოლოდ სპორტის საყვარელი სახეობა გახდა, არამედ, ცხოვრებაშიც მეხმარება. ალბათ, თავისი არსითაც.
- კიევის “დინამოში” თქვენი საქმე რატომ არ აეწყო?
- ხელი ტრავმებმა შემიშალა. მადლობა ღმერთს, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.
- რუსეთში როგორ მოხვდით?
- “ანჟიმ” კიევის “დინამოსგან” ჩემი კონტრაქტი გამოისყიდა.
- მახაჩყალაში საუცხოო შედეგიანობა აჩვენეთ, გაიტანეთ რა 13 გოლი ერთ წრეში...
- ეს, უპირველესყოვლისა, პარტნიორების დამსხურებაა. ყველა ცდილობდა, რომ გუნდს წარმატებისთვის მიეღწია. მადლობა ღმერთს, ჩანაფიქრი გამოგვივიდა და პრემიერლიგაში მოვხვდით.
- მიუხედავად ამისა, შარშანდელი სეზონის დასრულების შემდეგ “ანჟი” დატოვეთ...
- იმ პერიოდში, გუნდში ბევრი ქართველი მოთამაშე იყო და არაკეთილმოსურნეები “თეთრაძის პროტექციაზე” ალაპარაკდნენ. ვერ გეტყვით, რომ წასვლა მთხოვეს –გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით მივიღე და ამას არ ვნანობ.
- მაინც და მაინც “ვოლგაში” რატომ გადახვედით?
- ეს კლუბი ჩემს თამაშს თვალს ყურადღებით ადევნებდა და ვიგრძენი, რომ “ვოლგას” ვჭირდებოდი. საბოლოო ჯამში, ამ გუნდში ჯერ იჯარით აღმოვჩნდი, ხოლო მოგვიანებით, სრულფასოვანი კონტრაქტი გავაფორმე. ვთვლი, რომ არ შევმცდარვარ –“ვოლგაში” გადასვლა, ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
- პრემიერლიგაში “ანჟის” გამოსვლას თვალყურს ადევნებდით?
- რა თქმა უნდა. მიხარია, რომ მახაჩყალელებმა პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნეს.
- “ვოლგაში” როგორ მიგიღეს?
- საუცხოოდ. ეს ეხება როგორც კლუბის ხელმძღვანელებს, ასევე, ფეხბურთელებს. ისეთი ატმოსფერო იყო შექმნილი, რომ თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში.
- ომარ თეთრაძესთან ერთად როგორ მუშაობთ?
- კომფორტულად. მან იცის როგორ მიუდგეს თითოეულ ფეხბურთელს, რომელსაც გუნდზე გული ნამდვილად შესტკივა. ცხადია, “ვოლგაშიც” გამომადგა გასულ წელს “ანჟიში” მიღებული გამოცდილება, როდესაც თეთრაძესთან ერთად პრემიერლიგაში გადასვლის ამოცანა გადავწყვიტეთ.
- თანამემამულეების გუნდში ყოფნა, ადაპტაციაში დაგეხმარათ?
- თქვენ როგორ ფიქრობთ? ბუნებრივია, როდესაც უცხო ქალაქში ჩადიხარ და ახალ კოლექტივში ნაცნობი ხალხი გხვდება, მითუმეტეს, ყოფილი პარტნიორები “ანჟიდან”. ეს ადაპტაციის სწრაფად გავლასა და ფეხბურთზე უფრო მეტად ფიქრში გეხმარება.
- რუსეთში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებთან, ურთიერთობა გაქვთ?
- თითქმის ყველას ვეკონტაქტები. თუმცა, უფრო ხშირად მალხაზ ასათიანს, დათო კვირკევლიას და ლაშა სალუქვაძეს ვურეკავ.
- გასულ სეზონში, საკუთარ თამაშს როგორ აფასებთ?
- უდავოა, რომ ის, ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო.
- 2010 წელს პირველ დივიზიონში საუკეთესო ბომბარდირი გახდით. მომავალი წლისთვის რა პირადი მიზნები გაქვთ?
- მიზნად არ ვისახავ, რომ გარკვეული რაოდენობის გოლები გავიტანო. წელს, უფრო მეტად, იმის სურვილი მქონდა, გუნდი პრემიერლიგაში გადასულიყო, რაც მოხდა კიდეც. ახლა, თამაში ახალ დონეზე მოგვიწევს. გვსურს, რომ პრემიერლიგაში ღირსეულად გამოვიდეთ.
- ბლიც-ინტერვიუს რეჟიმზე გადავიდეთ. მზად ხართ?
- მოდით, ვცადოთ.
- თავსხმა წვიმაში თამაში უკეთესია, თუ სიცხეში?
- თავსხმაში უფრო სასიამოვნოა.
- 1:0, თუ 4:3?
- 1:0. ასეთი ანგარიში მწვრთნელს უფრო მოსწონს.
- ავტობუსი, თუ თვითმფრინავი?
- თვითმფრინავი.
- ინტერნეტი, თუ ტელევიზორი?
- ტელევიზორი.
- გაზეთი, თუ წიგნი?
- წიგნი.
- ნარდი, თუ ჭადრაკი?
- ჭადრაკი.
- უტკინი, თუ თვალთვაძე?
- თვალთვაძე. უტკინი არ ვიცი ვინ არის.
- თევზაობა, თუ ნადირობა?
- ნადირობა.
- თეატრი, თუ კინოთეატრი?
-კინოთეატრი.
- შავი ზღვა, თუ წითელი?
- ბუნებრივია, შავი.
- რუსული არაყი, თუ ჭაჭა?
- რუსული არაყი (იცინის).
- “ბორჯომი”, თუ “ბონ აქვა”?
- “ბორჯომი”.
-ბორშჩი, თუ ხაჭაპური?
- ბორშჩი.
- პიცა, თუ ხაჭაპური?
- ხაჭაპური.
- “მიმინო”, თუ “აფონია”?
- რა თქმა უნდა, “მიმინო”.
- საყვარელი დღესასწაული?
- აღდგომა.
- თქვენს მიერ გატანილი ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი?
- ჩემთვის თითოეული გოლი განსაკუთრებულია.
- ბავშვობის საფეხბურთო კერპი?
- ბრაზილიელი რონალდო.
- პლანეტის საუკეთესო თავდამსხმელი?
- რონალდო
- “ანჟი”, თუ კიევის “დინამო”?
- ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგა”.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა









