ინტერვიუები

13:42 | 26.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ მარცვალაძე: "ხანგრძლივი ფრენა იმოქმედებს, მაგრამ მთავარი თამაში და შედეგია"

"ანჟი", "ვოლგა", ახლა კი, "სკა-ენერგიაც"? ოთარ მარცვალაძე პირველი ორი გუნდისთვის უდიდესი ძალა გახლდათ და დიდწილად სწორედ მისი დამსახურებაა, რომ თავის დროზე, ისინი რუსეთის პირველი დივიზიონიდან პრემიერლიგაში გადავიდნენ. ახლა კი, 28 წლის ქართველი ფორვარდი ხაბაროვსკული გუნდის წევრია და ასე ვთქვათ, მესამე წრეზე მიდის.
"მსოფლიო სპორტი" მარცვალაძეს ისრაელში დაუკავშირდა, სადაც გიორგი დარასელიას გაწვრთნილი "სკა-ენერგია" შეკრებას გადის.
- მე, ხოჯავამ, სალუქვაძემ და გრიგალაშვილმაც სეზონის ბოლომდე გავაფორმეთ კონტრაქტი. იმედია, მომდევნო სეზონს პრემიერლიგაში შევხვდებით. ყველაფერია საიმისოდ, რათა მეორე წრე წარმატებულად ვითამაშოთ.
- "კრასნოდარი" მაისში დატოვეთ. დიდი ხანი გაგიცდათ და სასურველ ფორმაში, ალბათ, ვერ ხართ...
- "კრასნოდარის" შემდეგ, ოპერაციაც დამჭირდა. მაისის მერე უთამაშებელი ვიყავი. ჯერ ვერ ვარ სრულყოფილ ფორმაში, მაგრამ პირველი შეკრებაა, ყველაფერი წინაა. მეორე და მესამე შეკრებები წინაა.
- ანუ, სეზონს კარგ ფორმაში შეხვდებით?
- დიახ. ვფიქრობ, მეორე შეკრების მერე უკვე საკმაოდ მომატებული მექნება.
- გიორგი დარასელიას როგორ დაახასიათებდით?
- როგორც ყველა კარგ მწვრთნელს, მასაც უყვარს დისციპლინა და სულ საქმეშია ჩართული. ეს მისი ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. აშკარად ეტყობა, რომ თავისი საქმის პროფესიონალია და ეს გორის "დილაში" დაამტკიცა კიდეც. ფეხბურთელებთან საერთო ენას იოლად პოულობს. გიორგის უკვე კარგა ხანია, ვიცნობ.
- საიდან?
- ისრაელში როცა ვიყავი, მაშინ გავიცანი. მაშინ 16 წლის ვიყავი.
- "სკა-ენერგიას" გარდა, სხვა გუნდებიდანაც გექნებოდათ მოწვევა...
- იყო, მაგრამ დასახელებას აზრი აღარ აქვს. ოპერაცია ახალი გაკეთებული მქონდა. ზოგიერთმა გუნდმა ბოლოს თავი შეიკავა, ზოგიერთზე მე ვთქვი უარი.
- ქართული გუნდებიც იყვნენ მათ შორის?
- დიახ.
- "სკა-ენერგიაში" იმის საფუძველი თუ ჩაიყარა, რომ პრემიერლიგაში გადასვლის შემთხვევაში, გუნდი სულ გასავარდნ ზონაში არ იყოს? ანუ, რამდენად შორსმიმავალი გეგმები აქვს კლუბს?
- საფუძველი იყრება. ჯერ პრემიერლიგაში უნდა გადავიდეთ და ვფიქრობ, ამას მოვახერხებთ. შემდეგ კი, ალბათ, შემადგენლობა უფრო გაძლიერდება. მეორე წრეში ჩვენთან გაუჭირდებათ მეტოქეებს, რადგან უმეტესად საშინაო მატჩები დაგვრჩა და როგორც იცით, ხაბაროვსკში თამაში იოლი არაა. დროში დიდი სხვაობაა.
- ბევრი ფრენა მოგიწევთ. ეს რამდენად იმოქმედებს თქვენზე?
- მგზავრობა, რა თქმა უნდა დამღლელია. იმოქმედებდეს, თუმცა უკან დასახევი გზა არ გვაქვს. მთავარი მაინც თამაში და შედეგია.
- ნაკრებში ბოლოს შარშან ალბანეთთან ითამაშეთ...
- ძალიან მინდა, რომ ნაკრებში დავბრუნდე. მომენატრა. ჯერ სასურველ ფორმაში უნდა შევიდე.
ილია ნანობაშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094697