საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ოთარ თუშიშვილი (66 კგ) ბაქოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ოქრო-ვერცხლის შანსი მან ნახევარფინალში დაკარგა, რუს მაგომედმურატ გაჯიევთან მარცხით. შეხვედრა 3 სეტი გაგრძელდა. პირველში თუშიშვილმა იმარჯვა, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც ბულგარელ ისმაილ ემინ რეჟეპს დაეჭიდება. საწყის ეტაპებზე ქართველმა მოჭიდავემ იტალიელი რაიმონდო კამპანა და უკრაინელი ანდრეი სტადნიკი უპრობლემოდ ჩამოიცილა.
დღეს ევროპირველობაზე მედლები კიდევ 3 წონით კატეგორიაში თამაშდება, მაგრამ საქართველოს ნაკრების წევრებმა სამეულში შესვლის შანსი ადრიანადვე დაკარგეს.
2-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მძიმეწონოსანი დავით მოძმანაშვილი საერთაშორისო ხალიჩას წარუმატებლად დაუბრუნდა. იგი პირველსავე წრეში, 2 სეტში დამარცხდა მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორ ბერძენთან, იოანის არზუმანიდისთან. ერთადერთხელ გავიდა საჭიდაოდ არჩილ ქიტიაშვილიც (84 კგ) - ჩემპიონატში მეორე წრიდან ჩაერთო და თურქ ცერდარ ბოკესთან წააგო. 55 კილოგრამში მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შეჯიბრი ლამაზი გამარჯვებით გახსნა. ბრიტანელ კრასიმირ კრასტანოვს იოლად მოუმთავრა საქმე, მაგრამ მერე რუს ვიქტორ ლებედევთან ვეღარას გახდა. ფინალამდე ვერც ლებედევი მივიდა და ხინჩეგაშვილს დამამშვიდებელი ეტაპის გზაც გადაეკეტა. ადრეულ ეტაპებზევე გამოეთიშნენ ბრძოლას ქიტიაშვილისა და მოძმანაშვილის მძლეველებიც.
ოთარ მაღლაკელიძე







