საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ზებედა რეხვიაშვილმა, ნუგზარ ტატალაშვილმა (ორივე 73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ლევან წიკლაურმა (ორივე 81 კგ) ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი შეხვედრები ჩაატარეს. ტურნირში ოთხივე მეორე წრიდან ჩაერთო და ოთხივემ იმარჯვა.
რეხვიაშვილი რუმინელ კოსტელ დანკულეას დაეჭიდა დამეორე წუთზე ვაზარზე დავარდა, მაგრამ მალევე თავადაც შეასრულა ვაზარად შეფასებული გდება, რომელსაც უმალ შებოჭვა მოაყოლა.
ტატალაშვილმა სლოვენიელ ტადეჟცეჰს თავიდანვე აგრესიულად შეუტია და სულ რაღაც წუთნახევარში ისე მოამთავრა საქმე, ილეთის გაკეთებაც არ დასჭირვებია – მსაჯს პასიური მეტოქე ოთხჯერ გააფრთხილებინა.
ჭრიკიშვილმა ესტონელი გეორგი ლადოგინი მსაჯს საწყის ორ წუთში სამჯერ გააფრთხილებინა. მესამე წუთზე კი ვაზარზე დააგდო და ეს უპირატესობა შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნა.
წიკლაურს თანაგუნდელთაგან შედარებით გაუჭირდა – სლოვაკ მარიან ბენკოცკისთან მხოლოდ ოქროს დროში მოახერხა მომგებიანი იუკოს აღება. ძირითად ხუთწუთეულში ორივე ძიუდოისტმა სამ-სამი შიდო მიიღო და ამასთან, თითო ვაზარიც მიითვალა. ბოლო წუთი ახალი დაწყებული იყო, სლოვაკი რომ დაწინაურდა. წიკლაურმა კი წონასწორობა საფინალო სირენამდე 6 წამით ადრე შესრულებული ვაზარით აღადგინა.
რეხვიაშვილი მერვედფინალში უკრაინელ ვოლოდიმირ სოროკას შეხვდება, ტატალაშვილი – ბელარუს ალექსეი რამანჩუკს, ჭრიკიშვილი - პორტუგალიელ კარლოს ლუზს, ხოლო წიკლაური – უნგრელ ლასლო სზოკნიაის.







