საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებსაკენ აღებულმა კურსმა გურიამდეც მიაღწია. უკვე დაიწყო სარეკონსტრუქციო სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალური სტადიონის ცენტრალურ არენაზე. სამუშაოები დაპირებისამებრ, ფიფასა და უეფას სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე, მინდვრის საფარის მოსაწესრიგებელი სამუშაოები დაიწყო - ფედერაციის მიერ შეძენილი სპეცტექნიკით, მოიხნა და დაიტკეპნა მინდვრის საფარი, რომელზეც სპეციალური სასუქი შეიტანეს. მოკლედ, ვიდრე ოზურგეთული საფეხბურთო არენა ახალ სახეს მიიღებს, პირველლიგელთა მიმდინარე სეზონის დარჩენილ საშინაო მატჩებს “მერცხალი” ჩოხატაურში, იქაურ “ბორის პაიჭაძეზე” გამართავს.
“მსოფლიო სპორტი” ტელეფონით დაუკავშირდა არაკომერციული იურიდიული პირის, ს/კ ოზურგეთის “მერცხალის” დირექტორსა და ამავდროულად, გუნდის მთავარ მწვრთნელ ხარიტონ ჩხატარაშვილს.
- ბატონო ხარიტონ, დირექტორიც და მწვრთნელიც ერთი კაცი ხართ?
- სანამ გურიაში გადმოვიდოდი, 2000-2005 წლებში ს/კ “ლუკას” დირექტორი ვიყავი. ჩემი მოსვლისას, “მერცხალი” რეგიონალლიგაში თამაშობდა, იმ სეზონშივე გავხდი ჩემპიონები და პირველ ლიგაში გადმოსვლისთანავე დავაფუძნეთ არაკომერციული იურიდიული პირი - ოზურგეთის საფეხბურთო კლუბი “მერცხალი”. მაშინ გამგებელი იყო, ახლანდელი რეგიონის გუბერნატორი ბატონი ვალერი ჩიტაიშვილი, რომელმაც ყველა ორგანიზაციული საკითხის მოგვარება მე დამავალა. მას შემდეგ მოვყვებით და არცთუ წარუმატებლად. თუმცა, ვთვლი, რომ ოზურგეთში ჩემი ძირითადი ფუნქცია გუნდის მთავარი მწვრთნელობაა.
- როგორც ვიცით, თითქმის ნახევარი საუკუნეა რაც ოზურგეთში საფეხბურთო არენისთვის ასეთი ყურადღება არ მიუქცევიათ.
- ეს მინდორი 1967 წელს გაკეთდა და მას შემდეგ, ასეთი მასშტაბური სამუშაოები არ ჩატარებულა. ფედერაციის ყველა ყოფილ პრეზიდენტს ვეხვეწებოდი, რომ ჩამოსულიყვნენ ოზურგეთში და აქაურობისთვის ყურადღება მიექციათ. თუ არ ვცდები, ერთადერთი, ცხონებული ნოდარ ახალკაცი იყო, რომელიც 1990 წელს გვეწვია პრეზიდენტის რანგში და მას შემდეგ ან ყველას დავავიწყდით, ან დროს ვეღარ ნახულობდნენ, რომ ჩვენსკენ გამოეხედათ. ზვიად სიჭინავას არჩევის შემდეგ, ვთხოვე, გაცნობოდა ფეხბურთის განვითარების ჩვენეულ კონცეფციას და მერე თავად მიეღო გადაწყვეტილება, როგორ მოქცეულიყო მომავალში.
დამიჯერა ამ კაცმა - პატივი სცა ოზურგეთს თუ ქართულ ფეხბურთს, რაც გინდათ, ის დაარქვით და ჩამოვიდა. შეხვდა ბატონი ზვიადი ადგილობრივ ხელმძღვანელობის ყველა რგოლის წარმომადგენელს, გაეცნო ჩვენი კლუბის სტრატეგიას, მოეწონა და საქმეც მკვდარი წერტილიდან დაიძრა.
- კლუბის სტრატეგიაში რას გულისხმობთ?
- 2005 წელს, აქ მოსვლისთანავე შევადგინე ეს გეგმა და მას შემდეგ, ვცდილობ, მისი ყველა პუნქტი შეძლებისდაგვარად შევასრულო. უმთავრესია ინფრასტრუქტურის განვითარება, შემდეგ მოდის მწვრთნელთა განათლება, მერე საფეხბურთო სკოლის დაარსება, სოფლად კლუბის დაქვემდებარებაში მყოფი ჯგუფების ჩამოყალიბება. მოგეხსენებათ, ბავშვებს სოფლებიდან ჩვენამდე მოღწევა უჭირთ, ამიტომ, ჩვენი სურვილია, ადგილზე ჩავაკითხოთ. შემდეგი პუნქტია სარეზერვო გუნდის შექმნა, “მერცხალი” ჯერ პირველ ლიგაშია და საბოლოო მიზანი უმაღლეს ლიგაში გადასვლაა.
შესრულების მხრივ ხომ გაინტერესებთ როგორაა საქმე? როგორც ხედავთ, ინფრასტრუქტურის განვითარებას ვახერხებთ; მწვრთნელთა ლიცენზირების კურსები გაიარა და B კატეგორია მიენიჭა ჩვენს ყველა მწვრთნელს - გია გოგუას, აკაკი ათუაშვილს და მერაბ ვანიძეს; სარეზერვო გუნდი გვყავს და იგი რეგიონალლიგაში გამოდის; ძირითადი გუნდი პირველ ლიგაში თავისთავადაა. დაგვრჩა საფეხბურთო სკოლის, სოფლად გუნდების ჩამოყალიბება და უმაღლეს ლიგაში გადასვლა.
- თქვენი დამხმარეების განათლებაზე იზრუნეთ, თავად რომელ კატეგორიას ფლობთ?
- მეც B კატეგორია მაქვს გავლილი, მაგრამ ვინაიდან A კატეგორიის კურსების ჩატარებას რაღაც მიზეზები უშლის ხელს, აუცილებლად ჩავეწერები და იმედი მაქვს, სხვასთან ერთად მეც მივიღებ.
ცნობისათვის, როცა ბათუმის “ლუკაში” ვმუშაობდი, კლუბის პრეზიდენტმა სულხან გოგიბერიძემ 12-დღიან სტაჟირებაზე მიმავლინა გერმანიის “შტუტგარტში”. მაშინ იმ გუნდის მთავარი მწვრთნელი ფელიქს მაგათი იყო. კი მართალია, იმ დღეებში გარკვეული გამოცდილება მივიღე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცოდნა არ უნდა გავიღრმავო.
მიმაჩნია, რომ ფედერაციაში გაიოზ დარსაძის მიერ ჩატარებული სამწვრთნელო კურსები ძალიან სერიოზული დონისაა და მიზანმიმართულია. თუ მწვრთნელს სწავლა უნდა, იქ ყველა პირობაა შექმნილი, რომ ლიცენზია მიიღოს. მერე როგორ და სად გამოიყენებს, ეს უკვე სხვა თემაა.
- მოკლედ, თქვენს შესახებ გვითხარით - სად გითამაშიათ და რა ამპლუაში.
- 1959 წელს ვარ დაბადებული და ბოლო 30 წელია ქართულ ფეხბურთში ვარ. 1980-81 წლებში ბათუმის “დინამოშიც” მითამაშია - როცა ლერი ილურიძე წვრთნიდა და საკავშირო II ლიგაში ასპარეზობდა. ამპლუით თავდამსხმელი ვიყავი.
- კლუბის სტრატეგიაში უმაღლეს ლიგაში დაბრუნება გაქვთ გეგმაში. ამ მიზნის შესასრულებლად კიდევ რამდენი დრო გჭირდებათ?
- 2005 წლიდან დღემდე, დრო იმას მოვანდომეთ, რომ “მერცხალი” ადგილობრივი კადრებით დაგვეკომპლექტებინა. ამას გარდა, სარეზერვო გუნდში 14-16 წლის ბიჭები გვყავს. ამდენად, თუ კლუბი ლიცენზირებას გაივლის, რისთვისაც უკვე მხოლოდ A კატეგორიის მწვრთნელის ყოლა გვჭირდება, დაახლოებით 2-3 წელი კიდევ გვინდა, რომ გუნდმა სპორტული პრინციპით შეძლოს უმაღლეს ლიგაზე პრეტენზიის გაცხადება.
- ფაქტია, ჯერ უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად, მერე კი იქ დასამკვიდრებლად, სათანადო ფინანსური ბაზაა საჭირო.
- სახელმწიფომ და ფედერაციამ გაიღო ინვესტიცია, რათა ოზურგეთში აიგოს თანამედროვე ტიპის სტადიონი. თუ ამ სტადიონს არ მიება კარგი გუნდი, სხვაგვარად ხომ არ იქნება. დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც “ვისოლის” და ქუთაისის “ტორპედოს” შემთხვევაში იყო, ჩვენთან შექმნილი სიტუაციაც გამოიწვევს კერძო ინვესტორის დაინტერესებას.
გურიის შავი ზღვისპირეთში არაერთ ცნობილ ქართულ ბრენდს აქვს საკუთარი ბიზნესი, რომლებთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად, თავისუფლად შეიძლება მათი კლუბში მოსვლით დაინტერესება. მარტო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი ხარჯებით, გუნდის უმაღლეს ლიგაში დამკვიდრება შეუძლებელი იქნება. ჩვენი დღევანდელი მიზანია, მთლიანად გამგეობაზე კი არ ვიყოთ დამოკიდებული, კერძო ინვესტორს ჩავაბაროთ ძირითადი მართვის სადავეები.
დაფინანსების სამომავლო პრინციპი ასე წარმომიდგენია - გამგეობა შეინახავს სტადიონს, კლუბს ეყოლება კერძო მეპატრონე, რომელიც სახელმწიფოსთან შეთანხმებულად იმუშავებს.
- ცნობილია, რომ თქვენი აღზრდილები უმაღლესი ლიგის გუნდებში დღეს უკვე თამაშობენ.
- უმაღლეს ლიგაში გადასვლის შემდეგ, მათი დაბრუნების დიდი იმედი მაქვს. ნიკა ჭკუასელი და დავით ხომერიკი “გაგრაში” თამაშობენ, ნოდარ მაჭავარიანი ბოლნისის “სიონის” დუბლებშია, ვახტანგ ჯაყელი ცხინვალის “სპარტაკშია”.
- სტადიონის რეკონსტრუქციის მიმდინარეობაზეც გვითხარით.
- ამ ეტაპზე კეთდება მინდვრის საფარის მოწესრიგება, უახლოეს ორ თვეში კეთილმოეწყობა დასავლეთის ტრიბუნა, სადაც 3-4 ათასამდე ინდივიდუალური პლასტმასის სკამი დამონტაჟდება და გადაიხურება ტრიბუნები. ახალ სეზონს განახლებულ სტადიონზე დავიწყებთ.
- წელიწადში მინიმუმ მილიონიანი ინვესტორის მოლოდინში კი ხართ, მაგრამ დღეს როგორ აფინანსებს მუნიციპალიტეტი “მერცხალს”?
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტისაგან კლუბს წლიურად 150 ათასი ლარი აქვს დაფინანსება, ხოლო 50 ათასი ლარი სტადიონის მოვლა-პატრონობას ხმარდება.
- ბოლოს, ისევ ოზურგეთის “მერცხალის” უახლოეს მიზნებზეც ვთქვათ.
- წლევანდელ სეზონში ჩვენი ძირითადი მიზანი იყო, ადგილობრივი კადრებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიცემის პარალელურად, პირველ ლიგაში შეგვენარჩუნებინა ადგილი. რაც შეეხება მომავალ სეზონს, “მერცხალს” პირველ ხუთეულში მოხვედრისთვის ბრძოლა თამამად შეეძლება.
ფრიდონ კერვალიშვილი









