ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” სამხრეთ კორეელი ნახევარმცველი პაკ ჯი-სუნი, პრემიერლიგის ახალი სეზონის დასაწყისში საკუთარი სათამაშო კონდიციებით უკმაყოფილო იყო. მან პირობაც დადო, რომ მალე ჩადგებოდა ფორმაში და ეს ასეც მოხდა. პაკი გახდა გუნდის განუყოფელი ნაწილი და ოქტომბრის თვეში რამდენიმე გოლითაც დაეხმარა “წითელ ეშმაკებს”.
- სეზონის დასაწყისში უკმაყოფილო იყავით საკუთარი თამაშით. რა შეიცვალა ახლა?
- უკმაყოფილო ვიყავი ყოველთვის, როდესაც მოედანზე გამოვდიოდი. დისკომფორტს ვგრძნობდი, შემდეგ სამხრეთ კორეაში ჩავედი ნაკრებში სათამაშოდ. იქ გულშემატკივრებმა ძალიან გამამხნევეს, კლუბში უთამაშებელობის მიუხედავად. ოჯახი და მეგობრებიც გვერდით დამიდგნენ, ისინი მარწმუნებდნენ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, როდესაც მანჩესტერში დავბრუნდებოდი. ახლა თავს კარგად ვგრძნობ და საკუთარი თამაშითაც კმაყოფილი ვარ. ყველაფერი ისე მიდის, როგორც მე მსურს.
- როდესაც კარგად ვერ თამაშობთ, როგორ ინარჩუნებთ ოპტიმიზმს?
- ძალიან მნიშვნელოვანია დადებითი ემოციის შენარჩუნება. სიტყვები - “ცუდად ვითამაშე” და “უკეთესად უნდა მეთამაშა”, საერთოდ უნდა დაივიწყო. ფეხბურთელი მომავალ მატჩებზე კონცენტრირებასა და პრობლემების მოგვარების გზების პოვნას უნდა ახერხებდეს.
- მიმდინარე სეზონში თქვენ 4 გოლი გაიტანეთ, სულ რამდენი ბურთის გატანას გეგმავთ სეზონის დასრულებამდე?
- თუ რომელიმე სეზონში 10 გოლს გავიტან - კმაყოფილი ვიქნები. ამ მიზნის მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლებ, რადგან 4 გოლი უკვე გატანილი მაქვს. ჩემთვის შეტევაში თამაში უცხო არ არის, რაც საკმაოდ ბევრ შანსს მაძლევს მეტოქეთა კარის აღებისა.
- ნახევარმცველებმა ხშირად უნდა გაიტანონ გოლები?
- დიახ, რა თქმა უნდა. თუ ნახევარმცველებს ხშირად გააქვთ, ამით, ისინი გუნდის ფორვარდებს საქმეს უმსუბუქებენ.
- “წითელ ეშმაკებში” უკვე მეხუთე სეზონს ატარებთ. თვლით თავს კლუბის ვეტერანად?
- დიახ, თავს კლუბის ვეტერანად მივიჩნევ, დიდი ხანია “მანჩესტერში” ვთამაშობ და გამოცდილებას ვიძენ. ვფიქრობ, ერთ-ერთი გამოცდილი ვეტერანი ვარ. სათასო მატჩში “ვულვერჰემპტონთან”, ძველი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი ვთამაშობდით. აქედან გამომდინარე გიპასუხებთ, დიახ.
- რას ურჩევდით ახალგაზრდა ფეხბურთელებს?
- “მანჩესტერში” ყოველ მატჩში თამაშობენ ახალგაზრდა ფეხბურთელები, ისინი ვალდებულნი არიან საკუთარ შანსს დაელოდონ. შედეგად, ყველას დაუმტკიცებენ საკუთარ შესაძლებლობებს. მათ სურთ ყველა მატჩში მონაწილეობა მიიღონ, მაგრამ “იუნაიტედში” ლოდინი უნდა შეგეძლოს - როტაცია ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია. ეს ყველაფერი მე თვითონ გამოვიარე. მსგავსი სიტუაცია ეხმარება ფეხბურთელს, სწორი შეფასების უნარის ჩამოყალიბებაში. ისინი ხდებიან პროფესიონალები და იწყებენ სწორი გეზით სვლას.
- თამაშის დროს ფეხბურთელები ფიქრობენ, წაუგებელი შეხვედრების გაგრძელებაზე?
- ამაზე არ ვფიქრობთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ სეზონში ჯერ არ წაგვიგია. მიზნად ვისახავთ შემდეგ მატჩში გამარჯვებას, ეს ყველაზე მთავარია. ძალიან ბევრი შეხვედრა დავასრულეთ ფრედ, რამაც ხასიათი გაგვიფუჭა. ტრავმირებული ფეხბურთელები გვიბრუნდებიან, შემადგენლობა გაძლიერდება და შევძლებთ “წითელი ეშმაკების” გულშემატკივრებს წაუგებელი მატჩების სერია ვაჩუქოთ.
მოამზადა გეგა რევაზაშვილმა









